კვერცხი და თავსატეხი მარიოსთვის - კვირის პალიტრა

კვერცხი და თავსატეხი მარიოსთვის

როგორც ჩანს, მარიო ბალოტელიმ უკვე მთელ ინგლისს მოაბეზრა თავი. დღე არ გავა, განური წარმოშობის იტალიელი ხათაბალაში არ გაეხვიოს. გასულ კვირას, "ტოტენჰემელი" სკოტ პარკერის "გალამაზებისთვის" ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია დაიმსახურა, ორი დღის შემდეგ კი უკვე "სუპერმარიოს" ავტომანქანა აღმოჩნდა...კვერცხების "წვიმაში". ასეა, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას დასჯის საკუთარი წესები აქვთ, ბრიტანელ ქომაგებს კი - საკუთარი. ლონდონის ერთ-ერთი რესტორნიდან გამოსულმა ბალოტელიმ შეამჩნია, რომ 120 ათას გირვანქა სტერლინგად ღირებული მისი თეთრი "ბენტლი" ყვითელი ლაქებით იყო დაფარული, გარშემო კი კვერცხის ნაჭუჭები ახარებდა თვალს. როგორც ჩანს, მარიომ მოედანზე და მის იქით ქცევის წესების მსგავსად, არც ის იცის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებით მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში ხშირად არ უნდა იაროს და მით უმეტეს, ავტომანქანა არ დააყენოს "წითლების" ფანების საყვარელი პაბის ახლოს. თუმცა, "სუპერმარიო" ისეთ დღეში ყოფილა, მისგან არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს. "21 წლის ვარ და სამშობლოდან შორს ყოფნა ჩემთვის იოლი არ არის. მით უმეტეს, რომ ბრიტანელი ჟურნალისტები მოსვენებას არ მაძლევენ. თუ "ფიატს" ვიყიდი, ვკითხულობ სტატიებს იმის შესახებ, როგორი ავტომანქანა შეეფერება ჩემს სტატუსს. ვიყიდი "ფერარის", წერენ, რომ ვარსკვლავური ავადმყოფობა შემეყარა და "ფიატით" უნდა დავდიოდე. თუ ვიღიმი, ე. ი. არასერიოზული ადამიანი ვარ, თუ არ გავიღიმებ, უჟმურის იარლიყს მაწებებენ. ინგლისელი ჟურნალისტების დამარცხებას ვერასდროს შევძლებ. ასეთ პირობებში როგორ ვითამაშო?" - დაიჩივლა ამას წინათ შავტუხა თავდამსხმელმა.