დანომრეს და წაიყვანეს - კვირის პალიტრა

დანომრეს და წაიყვანეს

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის დავით თარგამაძისთვის იანვარი კარგად დაიწყო და კიდევ უკეთ დასრულდა. თვის დამდეგს 22 წლის ფეხბურთელს დონეცკის "შახტარმა" ხუთწლიანი კონტრაქტი  გაუფორმა და მალე მარიუპოლის "ილიჩევეცში" გაანათხოვრა, რამდენიმე დღის წინ კი "შახტარმა" დათოს ისევ თავისთან უხმო! არადა, გადაწყვეტილი იყო, რომ თარგამაძეს სეზონის ბოლომდე მარიუპოლელთა რიგებში უნდა ეთამაშა და "შახტარს" მხოლოდ შემდეგ შეერთებოდა. როგორც უკრაინული პრესა ვარაუდობს, დონეცკელებს ნახევარმცველები შემოაკლდათ და სისხარტითა და ჩინებული დრიბლინგით ცნობილი ახალგაზრდა ქართველს ამიტომ უხმეს. "შახტარის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის (ავტოავარიაში მოყოლილი მირჩა ლუჩესკუს ნაცვლად კლუბს მისი ასისტენტი ავარჯიშებს. - ავტ.) თქმით კი, კლუბის ხელმძღვანელობას თარგამაძისთვის "ახლოდან" დაკვირვება და მისი საქმეში ნახვა სურს და ესპანურ შეკრებაზეც ამიტომ წაიყვანეს. ლა-მანგაში ყოფნისას "შახტარი" ტურნირ  Copa del Sol-ზე ითამაშებს, რომლის ჯგუფურ ეტაპზეც ნორვეგიულ "ტრომსოსა" და "აალესუნდს", ასევე დანიურ "კოპენჰაგენს" შეხვდება. რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელს, დონეცკელები გადაწყვეტილებას შეკრებიდან დაბრუნების შემდეგ მიიღებენ. ის კი ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ "შახტარში" დათო 99-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.