უკრაინა-საქართველო "გაიყინა" - კვირის პალიტრა

უკრაინა-საქართველო "გაიყინა"

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, ახალზელანდიელი მილტონ ჰეიგი მუშაობას უკვე შეუდგა და გასული კვირის მიწურულს იმ მორაგბეთა ვინაობაც გაამჟღავნა, რომლებსაც თებერვალში გასამართი "ერთა თასის" მატჩებისთვის უხმო.ბორჯღალოსანთა შეკრებას სტარტი 30 იანვარს უნდა აეღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯგუფის აუტსაიდერ უკრაინასთან 4 თებერვლის მატჩამდე მოსამზადებლად ჩვენს გუნდს ხუთი დღე ექნებოდა, მაგრამ საქმეში ამინდი ჩაერია და... მოსამზადებელ პერიოდს კიდევ ერთი კვირა წაამატა! საქმე ის არის, რომ დნეპროპეტროვსკში, რომლის სტადიონ "მეტეორსაც" უკრაინისა და საქართველოს მატჩისთვის უნდა ემასპინძლა, ძლიერი ყინვაა და მიუხედავად იმისა, რომ ზემონახსენებ არენას მოედნის გათბობის სისტემა აქვს, 4 თებერვალს იქ თამაში მაინც შეუძლებელი იქნება. შედეგად, ევროპული რაგბის მმართველ ორგანოსა და ქართულ მხარესთან კონსულტაციების შემდეგ, მასპინძლებმა მატჩის გადადება გადაწყვიტეს და ეს უკვე Fira-Aer-ის ვებგვერდმაც დაადასტურა. ჯერ უცნობია, როდის ჩატარდება შეხვედრა. სავარაუდოდ, უკრაინაში ჩასვლა ბორჯღალოსნებს გაზაფხულზე მოუწევთ.

ამგვარად, ჩვენი გუნდისთვის ახალი სეზონი არა უკრაინაში, არამედ ესპანეთში სტუმრობით (11 თებერვალს. - ავტ.) დაიწყება. როგორც რაგბის კავშირში გვითხრეს, 4 თებერვლის მატჩის გადადების მიუხედავად, იანვრის მიწურულისთვის დაგეგმილი შეკრება სტარტს მაინც დადგენილ ვადაში იღებს და ჰეიგის მიერ გამოძახებულ მოთამაშეებს, რომელთა შორისაც ბევრი ახალბედაა, ესპანელ "ლომებთან" მატჩისთვის მოსამზადებლად მეტი დრო ექნებათ. მთლიანად არის გადახალისებული შერკინების პირველი ხაზი - მიხეილ ნარიაშვილი ("მონპელიე"), კარლენ ასეიშვილი ("ორიაკი"), ლევან ჩილაჩავა ("ტულონი"), შალვა მამუკაშვილი ("ყოჩები"), ბექა შეყლაშვილი ("აჟენი") და ბექა მეკოკიშვილი ("არმია"). დებიუტანტები არიან სხვა პოზიციებზეც: მესამე ხაზში გიორგი კალმახელიძე ("არმია") და ბექა ბიწაძე ("ბრივი"), უკანა ხაზში კი ალექსანდრე ტუჩაშვილი ("არმია"). მათ გარდა, გაფართოებულ შემადგენლობაში კიდევ ოთხი ახალგაზრდა მორაგბე მოხვდა: მერაბ შარიქაძე ("აკადემია"), გიორგი ჯიმშელაძე ("არმია"), გიორგი ბეგაძე ("ყოჩები") და გიორგი წიკლაური ("გდანსკი").