"ყველაზე დიდი ინტერესით ბანძუკეს მე ველი" - კვირის პალიტრა

"ყველაზე დიდი ინტერესით ბანძუკეს მე ველი"

ტოკიოში გასულ კვირას დასრულებულ წლის პირველ ბაშოზე (სუმოს სუპერტურნირი, რომელიც ორ თვეში ერთხელ იმართება. - ავტ.), ქართველ სუმოისტთაგან ყველაზე უკეთ 24 წლის თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) იჭიდავა. 199-კილოგრამიანმა ფალავანმა, რომელიც ელიტური დივიზიონის უმძიმესი სუმოისტია, 15 ორთაბრძოლიდან 12 მოიგო და დადებით ბალანსთან (კაჩი-კოში) ერთად, "მებრძოლი სულის გამოვლენისთვის" დაწესებული ჯილდოც მოიპოვა. ასე რომ, წინასწარი ვარაუდით, სუმოს ახალ რეიტინგში, რომელიც  თებერვლის ბოლოს გამოქვეყნდება, თემური კომუსუბის ტიტულს მიიღებს. სუმოს იერარქიაში ეს რანგი მხოლოდ იოკოძუნას (დიდი ჩემპიონი), ოძეკისა (ჩემპიონი) და სეკივაკეს ჩამორჩება. სხვადასხვა დროს კომუსუბის ტიტულს უკვე ფლობდნენ დანარჩენი ქართველი სუმოისტები - კოკაი (ლევან ცაგურია) და ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე), გაგამარუსთვის კი პირველი იქნება. გარდა იმისა, რომ პრესტიჟულია, ეს ტიტული ძნელად შესანარჩუნებელიცაა, რადგან კომუსუბის უმაღლესი რანგის ფალავნებთან უწევს ბრძოლა. "იაპონელი" ქართველების მოხელთება იოლი არ არის, მაგრამ ყველაზე "მებრძოლი სულის" მქონე გაგამარუსთან ინტერვიუს ჩაწერა მაინც შევძელით.

- იანვრის ბაშოზე წარმატებით გამოსვლას კი ვგეგმავდი, მაგრამ დაახლოებით ათი შეხვედრის მოგებას ვფიქრობდი და ძალიან გამიხარდა, გაცილებით უკეთ რომ ვიასპარეზე. ნოემბრის ტურნირზე ბევრად მაღალი რეიტინგი მქონდა და შესაბამისად, მეტოქეებიც უძლიერესები მყავდა - იოკოძუნა, ოძეკები და ა.შ. მათთან ჭიდილი რთული იყო და რადგან ნოემბერში ცუდად ვიჭიდავე, წლის პირველ ტურნირს განსაკუთრებულად მონდომებული შევხვდი. მინდოდა, ისეთი შედეგი მქონოდა, რომელიც კიდევ მომცემდა მათთან შეხვედრის შესაძლებლობას და გამომივიდა კიდეც.

- სხვა ქართველების მსგავსად, ნოემბრის ტურნირი თქვენც კატასტროფული შედეგით დაამთავრეთ. რა იყო ამის მიზეზი?

- ასეთ დონეზე ჭიდაობა ჩემთვის ახალი იყო და სათანადოდ ვერ განვეწყვე. უმაღლესი რანგის მეტოქეებთან შეხვედრებს განსაკუთრებული სპეციფიკა, გამოცდილება სჭირდება. მნიშვნელოვანია, როგორ მოემზადები, შეეგუები და ა.შ. თანაც, იოკოძუნას, ოძეკის, სეკივაკეს და კომუსუბის გაცილებით მეტი გამოცდილება აქვთ და ბევრად თავისუფლად გრძნობენ ჭიდაობისას თავს, ვიდრე ელიტაში ახალგადასული სუმოისტი. შევეცდები, მარტში გასამართ ბაშოზე უფრო გაბედულად და თავდაჯერებით ვიჭიდაო. თუ ისეთივე განწყობითა და მონდომებით ვიასპარეზებ, როგორითაც ბოლო ტურნირზე, გამარჯვების შანსი ყველასთან მაქვს.

- თქვენ და დიდმა ჩემპიონმა, იოკოძუნა ჰაკუჰომ ეს ბაშო ერთნაირი შედეგით დაასრულეთ, - 12 მოგება, 3 მარცხი. ბოლო წლებია, ჰაკუჰოს ჩემპიონობაში ვერავინ ეცილებოდა და ამჯერად რა დაემართა?

- იმის წინასწარ განჭვრეტა, ვინ როგორ იჭიდავებს, ძალიან ძნელია. კი, ის იოკოძუნაა, მაგრამ შეიძლება, ისეთ მეტოქესთან წააგოს, არავინ რომ არ ელის. მაგალითად, ერთხელ "დიდი ჩემპიონი" მონღოლ შოტენროსთან დამარცხდა. იმ ტურნირზე შოტენრომ 14 ორთაბრძოლა წააგო და მხოლოდ ის ერთი ბრძოლა მოიგო იოკოძუნასთან.

- იანვრის ბაშოზე "იმპერატორის თასი" ბარუტომ მოიგო. ესტონელი გოლიათი (ბარუტო 198 სმ სიმაღლისაა და 188 კგ-ს იწონის. - ავტ.) ბოლო ტურნირებზე სულ ფავორიტთა შორის იყო, მაგრამ მის გაჩემპიონებას, ალბათ, მაინც არ ელოდნენ...

- ასეთი ძალის პატრონი არასდროს მინახავს, არა მგონია, გადამეტებული იყოს, თუ ვიტყვი, რომ ფიზიკურად იოკოძუნაზე ძლიერიც არის. თუმცა, იოკოძუნას ძალის გარდა სხვა, თუნდაც ფსიქოლოგიური უპირატესობაც აქვს და ჯერჯერობით, ამით ჯობნის. ბარუტო ჩემპიონი პირველად გახდა, მაგრამ ეს სიურპრიზი არ ყოფილა. პირიქით, ის უკვირდათ, აქამდე რატომ ვერ ხდებოდა ჩემპიონი.

- შარშან ესტონელი თქვენც ხომ დაამარცხეთ?

- დიახ, სექტემბრის ბაშოზე მოვუგე. ერთად რამდენჯერმე გვივარჯიშია და სულ მიგებდა, მხოლოდ 2-3-ჯერ თუ მყავს ვარჯიშის დროს დამარცხებული. სექტემბრის ბაშოზე კი ბარუტოსთან მატჩში რაღაცნაირი განწყობით და გულით გავედი, ქართველი ვარ, ქართულად გავალ და ბოლომდე ვიჭიდავებ-მეთქი... გულშემატკივრების კომენტარები დიდ სტიმულს მაძლევს, ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის.

- ესტონელს იანვრის ტურნირზე არ შეხვედრიხართ...

- რეიტინგი მაშინაც იგივე მქონდა, მაგრამ სექტემბრის ბაშოზე ზედიზედ ცხრა ორთაბრძოლა მქონდა მოგებული და ოძეკი ბარუტოსთან იმიტომ მაჭიდავეს, ამჯერად კი, ზედიზედ ვეღარ გავიმარჯვე, ერთი შეხვედრა წავაგე და ამიტომ აღარ მომიწია მასთან ბრძოლამ.

- მებრძოლი სულის გამოვლენისთვის სპეციალური პრიზი "კანტო-შო" და 2 მილიონი იენი გადმოგცეს.

- დაჯახებასა და ჩამორტყმას ლამაზ ჭიდაობად არ მიიჩნევენ და "კანტო-შოთი" იმას აჯილდოებენ, ვინც ჟურნალისტების სიმპათია, მაყურებლის ოვაცია დაიმსახურა. ხალხს უნდა მოსწონდეს მისი ჭიდაობა, ეს არის მთავარი. ბოლოსწინა შეხვედრა რომ მოვიგე, მე-11 ორთაბრძოლა, იმან გადაწყვიტა ამ პრიზის ბედი, არა მხოლოდ მიყოლებით გამარჯვებებს აქვს მნიშვნელობა, გააჩნია, როგორ იგებ. ტურნირის დასრულების შემდეგ სპეციალისტები, სუმოზე მწერალი ჟურნალისტები, ხმათა უმრავლესობით ირჩევენ "კანტო-შოს" მფლობელს. შეჯახებას თავს რომ არიდებენ და მეტოქეს გვერდზე გადგომით გაეცლებიან, ასეთ სუმოისტებს ამ ჯილდოს იშვიათად აძლევენ. მსგავს რაღაცებს მე არ ვაკეთებ, ვცდილობ, დავეჯახო და ისე გავიყვანო დოჰიოდან (სუმოს მოედანი. - ავტ.).

- მხოლოდ წონას რომ ჰქონდეს სუმოში მნიშვნელობა, წესით, ელიტური დივიზიონის უმძიმესი სუმოისტი ყველა ორთაბრძოლას უნდა იგებდეს...

- რა თქმა უნდა, მხოლოდ წონა არ არის მნიშვნელოვანი, ჭიდაობის მრავალი ხერხი არსებობს. უფრო დაბალი წონის რომ ვიყო, ალბათ, შედარებით სწრაფად ვიმოძრავებდი, მაგრამ იმ დონეზე ნამდვილად არ მაწუხებს, რომ მოძრაობაში მიშლიდეს ხელს. რა თქმა უნდა, ვაპირებ წონაში დაკლებას, მაგრამ სანამ რამდენიმე წლის განმავლობაში კიდევ ვარ სპორტში, ალბათ, ამ წონას შევინარჩუნებ. ბევრი სუმოისტი მინახავს, დაიკლეს და მერე ძველებურად ვეღარ ჭიდაობდნენ. ისეთივე ენერგია აღარ გაქვს და ტრავმასაც უფრო ხშირად იღებ.

- როგორც ცნობილია, ყოველი ბაშოს მერე სპეციალური მიღება იმართება...

- ამ ღონისძიებას "ფატი" ჰქვია. კლუბის პრეზიდენტები აწყობენ ხოლმე, ფანები მოდიან კლუბში და რამდენიმე საათის განმავლობაში მიდის მილოცვები, დალევა, აცხადებენ, ვინ რამდენი ბრძოლა მოიგო და ა.შ.

- იანვრის ბაშოზე ტოჩინოშინისა და კოკაის გამოსვლას როგორ შეაფასებთ?

- კოკაიმ მოულოდნელად მიიღო მუხლის ტრავმა, თორემ მანამდე კარგად ჭიდაობდა.  თავადაც თქვა, ფეხის ტკივილი რომ არა, შვიდზე მეტ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებდიო. "პატარა ლევანმა" კი ჩინებულად იასპარეზა, ბაშო 9:6 ბალანსით დაასრულა და ძალიან კმაყოფილი იყო, მით უმეტეს, სამივე ქართველისთვის კოშმარული ნოემბრის ტურნირის შემდეგ.

- გასული წლის მარტში დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ, იაპონია უკვე დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს?

- ასეთი ნებისყოფის ხალხი არსად მინახავს. პანიკა, აფორიაქება სტიქიის პირველ დღეებშიც კი არ იგრძნობოდა. ერთი ეგ იყო, ცუნამის შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში ტოკიოში წყლისა და პირველადი მოხმარების საგნების ნაკლებობა იგრძნობოდა, მაგრამ ეს პრობლემაც მალე მოგვარდა. რადიაცია ისევ არის, მაგრამ მცირე. მოსახლეობის დიდ ნაწილს აღარც ახსოვს ის საშინელება, რაც მათ ქვეყანას დაატყდა თავს. ამიტომაც ტელეეთერშიც ხშირად ამბობენ, რა თქმა უნდა, ბევრი რამ კეთდება, მაგრამ ის დღეები არ უნდა დავივიწყოთო, რადგან მართლაც უდიდესი ტრაგედია დატრიალდა.

- თებერვლის მიწურულს ახალი ბანძუკე (სუმოს რეიტინგ-ლისტი. - ავტ.) გამოქვეყნდება და გვაინტერესებს, გახდებით თუ არა მესამე ქართველი, ვისაც კომუსუბის ტიტული უტარებია?

- მერწმუნეთ, ყველაზე დიდი ინტერესით ბანძუკეს გამოქვეყნებას მე ველი (იცინის). თუმცა, ამ ჯერზე კომუსუბი რომც ვერ გავხდე, დიდად არ ვინაღვლებ. ჯერ 24 წლის ვარ და ყველაფერი წინ მაქვს. დარწმუნებული ვარ, ქართველი სუმოისტები აუცილებლად მივაღწევთ იმ მიზანს, რისთვისაც იაპონიაში ჩამოვედით.