უიღბლო ფინიში - კვირის პალიტრა

უიღბლო ფინიში

გიბრალტარის სუპერტურნირზე კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა ქართველმა დიდოსტატმა ნანა ძაგნიძემ (2535).არადა, მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით მაღალი რეიტინგის მქონე მამაკაც მოჭადრაკეებთანაც უხდებოდა ჭიდილი, ძაგნიძემ გიბრალტარის ტურნირის შვიდი ტური დაუმარცხებლად განვლო და მხოლოდ მერვე ტურში წააგო ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ რუს პიოტრ სვიდლერთან (2749). სამწუხაროდ, დარჩენილ ორ ტურში საქართველოს ნომერმა პირველმა მოჭადრაკემ მხოლოდ 0,5 ქულა მოიპოვა და საბოლოოდ, 245 მონაწილეს შორის 46-ე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება სხვა ქართველებს, ნინო ხურციძე 77-ე ადგილზე გადავიდა, სალომე მელია - 83-ზე, ლელა ჯავახიშვილი 115-ე გახლდათ, შალვა კაკულიამ კი 140-ე ადგილი დაიკავა. გიბრალტარის პრესტიჟული ტურნირის მთავარ სენსაციად ჩინელი დიდოსტატი იიფან ჰოუ (2605) იქცა. ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონმა ჰოუმ, ინგლისელი დიდოსტატის ნაიჯელ შორტის (2677) მსგავსად, ათ ტურში 8 ქულა დააგროვა და გამარჯვებულის გამოსავლენად ფლეი-ოფის ჩატარება შეიქნა საჭირო, სადაც ბრიტანელმა შესანიშნავად ითამაშა და ჩინელს 1,5:0,5 მოუგო.