"სირცხვილის დერეფანი"... უსირცხვილოებისთვის - კვირის პალიტრა

"სირცხვილის დერეფანი"... უსირცხვილოებისთვის

მოგება - 0, თავდადება - 0, ხალხის პატივისცემა - 0, კლასი - -1

თავსატეხი: საქართველოს ნაკრებმა გაასწრო ქვეჯგუფში ბოლო ადგილზე მყოფ გუნდს. რომელ ადგილზეა საქართველოს ნაკრები ამჟამად? გგონიათ, ბოლოსწინაზე? ვერ მოგართვეს. ჯერ ერთი, ბოლოზე მყოფს თუ გაასწრო, თვითონ იმის უკან ყოფილა და მთავარი - როგორ უნდა გაასწროს საქართველოს ნაკრებმა ბოლო ადგილზე მყოფ გუნდს? საკუთარი თავისთვის გასწრება ხომ შეუძლებელია...

კარგი, მაშინ ეს მაინც გამოიცანით: რას აკეთებს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, რომლის გუნდიც სამარცხვინოდ, 2:6 ნადგურდება? ცხარე ცრემლით ტირის? ცდებით. ბოდიშს იხდის? კი მაგრამ, რისთვის, ვის არ წაუგია?! ამბობს - მერე რა მოხდა, მეორე ტაიმი ხომ მოვიგეთო? არც მთლად უმაგისობაა... ამ ყველაფერს არ სჯობს, სოფიის ერთ-ერთ ღამის ბარში გაერთო? საქართველოში მაინც ვერაფერს გაიგებენ და რომც გაიგონ...

რაც საკუთარი თვალით არ გვინახავს, იმის მტკიცებას არ დავიწყებთ, მაგრამ სოფიის "ლევსკის" სტადიონზე, სამარცხვინო მარცხის შემდეგ, 2-3 გამონაკლისის გარდა, დიდი წუხილი არც ერთი ფეხბურთელის სახეზე არ შეგვიმჩნევია. ან კი, რა უნდა გაგვიკვირდეს მოთამაშეებისგან, რომლებსაც თავმოყვარეობა მხოლოდ იმ დროს ახსენდებათ, გაკრიტიკება თუ გაუბედე; რომლებიც მოედანზე მხოლოდ მაშინ აუჩქარებენ ხოლმე ფეხს, როცა შიში შეიპყრობთ - ემანდ, ბერბატოვისთვის მაისურის გამორთმევა თანაგუნდელებმა არ დამასწრონო...

კარგი, სამშობლო მხოლოდ სოფიის ბარში წარმოთქმულ სადღეგრძელოში გიყვარს, ლანძღვა-გინება იავნანასავით ჩაგესმის ყურში, გულშემატკივარი ფეხზე გკიდია, მაგრამ შუბლის ძარღვი ისე რამ გაგიწყვიტა, რომ დიდი გუნდის "დიდ ფეხბურთელს", "ისე რა" ბულგარელი ბურთს თავზე გახევს, ანდორასავით გიგებს, თან დაგცინის და რეაქცია არ გაქვს? რისთვის ჩამოდიხარ ეროვნულ გუნდში, მოედანზე ბუდიდან გადმოვარდნილი ბარტყივით რომ იბორიალო და კლუბში დაბრუნებულმა წაგება თანაგუნდელებს გადააბრალო?

ჩაწერის ინსტიტუტი კარგა ხნის წინ გაუქმდა და მხოლოდ საქართველოს ნაკრებში დავტოვეთ? რით ვეღარ "ამოვწერეთ" ეროვნული გუნდის სახელით შეკოწიწებული 11 კაციდან ფეხბურთელები, რომლებსაც ნაკრების მაისური მხოლოდ "ნაკრების ფეხბურთელის" იარლიყად სჭირდებათ? კარგა ხანია, გაცვდა ფრაზაც - კლუბებში თუ თამაშობენ, აქ რაღა ემართებათო... კლუბებში რომელი მათგანი თამაშობს? - ყენია, დვალიშვილი და ჰა და ჰა, კიდევ 2-3 კაცი... დანარჩენები არც კლუბში უნდა ვინმეს და ნაკრები კი, თვითონაც სულ... "ბენტლიზე" ახატიათ... აღარ უნდა, აღარ სჭირდება ამ ხალხს ფეხბურთი. დიდი ფული იშოვეს და ჰგონიათ, მეტი აღარაფერია საჭირო. და თუ კიდევ გაინტერესებთ, რას ფიქრობს თქვენზე საქართველო, ინტერნეტფორუმებს ესტუმრეთ, თუ არადა, თბილისელი ახლობლები მაინც მოგიყვებიან, პუტინისა და რუსეთის ნაცვლად, ვისი გვარებია "მოხსენიებული" დედაქალაქის ქუჩებში ავტომანქანებზე გაკეთებულ  წარწერებზე...

ასეთი სამარცხვინო ნაკრები საქართველოს არასდროს ჰყოლია. მოგება - 0, თავდადება - 0, ხალხის პატივისცემა - 0, კლასი - -1... ეროვნული გუნდის არსებობის ისტორიაში პირველად, შესარჩევი ეტაპი მოუგებლად დავასრულეთ, 9 შესარჩევი ჯგუფის ბოლოადგილოსნებს შორის მხოლოდ მოლდავეთს, ლიხტენშტეინს, მალტას, ანდორას და სან-მარინოს გავასწარით... ამათგან, მოლდავეთმაც და მალტამაც კუდით ქვა გვასროლინეს, დანარჩენ მაჩანჩალებს კი, მათდა სამწუხაროდ, ჯერ არ შევხვედრივართ, ისტორიული მოგებები რომ გვეჩუქებინა.

ისე, რაღაც ჩვენც შეგვძლებია - ექვსი ბურთის გაშვებასაც ხომ მოხერხება უნდა? აგერ, იმავეს გაკეთება მხოლოდ ანდორის ნაკრებმა შეძლო ბოლო წუთებზე, ისიც ფლეი-ოფზე დაგეშილ უკრაინასთან. ჰო, ჩვენებმა ერთ ტაიმში გაუშვეს იმაზე მეტი გოლი, რაც მთელი შესარჩევი ციკლის განმავლობაში გაიტანეს. ისე, ამ ბულგარელებისაც გამკვირვებია - ისე სწრაფად ამოავსეს ქართველების ცარიელი კარი (მეკარე ხუთი წუთით, "საქმეზე" იყო გასული), სტუმრებისთვის არც უკითხავთ. შე დალოცვილო, ჰკითხე, იქნებ, როგორ უნდა რომელიმე მათგანს საკუთარი კარის აღება?!

ერთი შეცდომა ყველას ეპატიება... არც კოლუმბიელები ვართ, საკუთარ კარში ორი გოლის გამტან ესკობარს სასიკვდილო განაჩენი რომ გამოუტანეს... თუმცა, იმის შეგრძნება, რომ ნაკრების ფეხბურთელები ეროვნულ გუნდში ბოლომდე არ იხარჯებიან, გულშემატკივარში წლების განმავლობაში დაგროვდა... უბედურებაც სწორედ ეს არის, თორემ, ერთი კონკრეტული მატჩის "ჩაგდებისთვის" რომ ფეხბურთელებს ვსჯიდეთ, ისედაც სანთლით საძებარი სანაკრებო ფეხბურთელებისგან არაფერი დაგვრჩებოდა...

ექტორ რაული კუპერი სიტყვაუხვობით არასდროს გამოირჩეოდა, მაგრამ ერთხელ კი ამოიკვნესა თავის შეგირდებზე, - ვინც თამაში იცის, ის არ ინდომებს და ვინც ინდომებს, მან თამაში არ იცისო... კუპერმა ბევრი შეცდომა დაუშვა (პირველ რიგში მაშინ, აქ მუშაობას რომ დათანხმდა), მაგრამ საქართველოს ნაკრები არსებობის ისტორიაში ყველაზე დაბლა, რეიტინგის 117-ე საფეხურზე რომ დამკვიდრდა, მხოლოდ მისი ბრალი ნამდვილად არ არის. თევზი თავიდან ყარს, მაგრამ მხოლოდ თავის მოცილება ვერ გვიშველის. ძველი "თავის" ახალმა შემცვლელებმა "კაპიტალური რემონტი" ნაკრებსაც უნდა ჩაუტარონ, რამდენიმე წელიწადში ქვეჯგუფში ბოლოსწინა ადგილამდე მაინც რომ ავინაცვლოთ...

მორაგბეებს აქვთ კარგი ტრადიცია - ნამატჩევს, დამარცხებული გუნდი მოგებულს დერეფანში ატარებს და ტაშს უკრავს... ჩვენმა ფეხბურთელებმა, თავდადება თუ არა, მორაგბეებისგან დერეფანი მაინც გადმოვიღოთო, სირცხვილი და თავისმოჭრა ისედაც თავზე საყრელი ჰქონდათ და... ამიტომაც იყო, ბულგარეთის ნაკრებმა კაი მშობლიური და ქართველებისთვის ასე ახლობელი "სირცხვილის დერეფანი" რომ მოგვიწყვეს პირველ ტაიმში...

ქართული ფეხბურთიდან ყველა "გავისტუმრეთ" - ახალკაცი თავისი "ერთი გუნდიანად", ჭაღარა მწვრთნელები, სტადიონის დირექტორიც კი... მხოლოდ "მარადმწვანე" და "მარადჯვაროსანი" დიდი გუნდის "დიდი ფეხბურთელებისგან" ვერ დავიხსენით თავი და მგონი, დროა, თბილისურ ავტომანქანებზე გამოფენილ წარწერებსაც მივაქციოთ ყურადღება.