ზურაბ ხიზანიშვილს თურქულმა ყინვამ მაიამი გაახსენა - კვირის პალიტრა

ზურაბ ხიზანიშვილს თურქულმა ყინვამ მაიამი გაახსენა

ტრავმით გამოწვეული ერთთვიანი უქმობის შემდეგ, საქართველოს ნაკრებისა და თურქეთის "ქაისერისფორის" მცველი ზურაბ ხიზანიშვილი მოედანს დაუბრუნდა.თურქეთის სუპერლიგის 24-ე ტურში შოთა არველაძის გაწვრთნილი "ქაისერი" სტუმრად 1:1 დაუზავდა "სივასფორს", ხიზანამ კი მთელი შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა და 32-ე წუთზე ყვითელი ბარათის მიღებაც მოასწრო. იანვარში ზედიზედ წაგებული რამდენიმე მატჩის შემდეგ, არველაძის გუნდმა თამაში გამოასწორა და ბოლო სამი მატჩიდან ორი (მათ შორის - თურქული ფეხბურთის გრანდ "ბეშიქთაშთანაც. - ავტ.) მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა. ჩვენებურების კლუბს "სივასფორთან" მოპოვებული ქულაც აქტივში უნდა ჩავუთვალოთ, რადგან სტუმრად, თანაც, ძალიან რთულ კლიმატურ პირობებში ითამაშეს. თურქეთში ისევ ძალიან ცივა და რა გასაკვირია, ზურაბ ხიზანიშვილი მაიამის მზიურ სანაპიროს ხშირ-ხშირად რომ იხსენებს.

- "სივასფორთან" მატჩის დროს ჰაერის ტემპერატურა -15 გრადუსი იყო და მას შემდეგ ჯერაც ვერ გავთბი (იცინის). ალბათ, ხვდებით, როგორ პირობებშიც გვიწევდა თამაში. ძალიან რთული მატჩი იყო და ძირითადად, ძალისმიერი ბრძოლა მიდიოდა. ამიტომაც სტუმრად მოპოვებული ქულა ჩვენთვის დადებით შედეგად უნდა ჩაითვალოს.

- წელს ეს პირველი მატჩი იყო თქვენთვის. როგორი შეგრძნებაა ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნება?

- რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა დაბრუნება, რადგან ფეხბურთი ძალიან მომენატრა. თანაც, "ქაისერს" ცუდი პერიოდი ედგა და მინდოდა, თანაგუნდელებს რაც შეიძლება მალე დავხმარებოდი. ახალი წელი ჩვენი გუნდისთვის ცუდად დაიწყო და კარგია, რომ ბოლო მატჩებში სიტუაცია შეიცვალა.

- რისი დამსახურებაა, ბოლო ტურებში წარმატებით რომ თამაშობთ?

- შოთათი დაწყებული, ფეხბურთელებით დამთავრებული, ყველას დამსახურებაა. ბოლო მატჩებში განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა ჩვენი მწვრთნელის სამწვრთნელო ფილოსოფია და ოსტატობა. "ბეშიქთაშთან" მატჩში "ქაისერს" რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა, მაგრამ გამარჯვება მაინც შევძელით. ხვალ (კვირა საღამოს. - ავტ.) ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს საკუთარ მოედანზე "გუნჩლერბირლიგისთან".

- "ბეშიქთაშთან" მატჩში მონაწილეობა არ მიგიღიათ, მაგრამ თვალს ხომ ადევნებდით? რის ხარჯზე მოახერხა "ქაისერმა" სენსაციური გამარჯვების მოპოვება?

- მიუხედავად იმისა, რომ "ბეშიქთაში" თურქული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდია, ჩვენს გამარჯვებას სენსაციურს მაინც ვერ ვუწოდებ, რადგან საკუთარ მოედანზე ხელწამოსაკრავი მეტოქე არავისთვის არა ვართ. გამარჯვება კი იმის ხარჯზე მოვიპოვეთ, რომ სწორი ტაქტიკა გვქონდა არჩეული და ფეხბურთელებმაც ზუსტად შეასრულეს მწვრთნელის დავალება და ის მონახაზები, რაც ვარჯიშისას დავამუშავეთ.

- რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში თქვენი გზავნილი ვნახე, რომელზეც ეწერა: "ქაისერი -15 გრადუსი და "მაიამი +26 გრადუსი". როგორც ჩანს, ყინვამ მზიანი სანაპირო მოგანატრათ.

- მართლა საშინელი ყინვაა. თქვენ მიერ ნახსენები გზავნილი კი ზაზა ფაჩულიას "პატივსაცემად" ავტვირთე, მაიამიში ერთად ვიყავით და რაღაც გავახსენე (იცინის).