"იღბლიანი" ესპანეთი ქართული კლუბებისთვის - კვირის პალიტრა

"იღბლიანი" ესპანეთი ქართული კლუბებისთვის

საქართველოს ჩემპიონი "ზესტაფონი" ისევ ესპანეთშია. "მარბელას თასის" გათამაშებაში ჩართვამდე, გია ჭიაბრიშვილის გუნდმა საკონტროლო მატჩი უკრაინულ "დნიპროსთან" ჩაატარა და 2:8 დამარცხდა. იმერული კლუბის თავკაცმა კი დაგვაიმედა, მომდევნო მატჩში სულ სხვა "ზესტაფონს" ნახავთო, მაგრამ... არც მომდევნო შეხვედრა ყოფილა შორს და ვერც ანგარიშია ნამეტნავად გულის მოსაფხანი, - "მარბელას თასის" პირველ შეხვედრაში საქართველოს ჩემპიონი ყაზანის "რუბინთან" 1:5 დამარცხდა. მეტ-ნაკლებად თანაბარი თამაში (და ანგარიშიც - 1:1. - ავტ.) მხოლოდ პირველ ტაიმში ვნახეთ, მერე კი რუსული კლუბი გალაღდა და ოთხი უპასუხო ბურთიც გაიტანა ტრავმირებული როინ კვასხვაძის შემცვლელ ზურაბ მამალაძის კარში. მანამდე შეკრებაზე ასევე ესპანეთში მყოფმა თბილისის "დინამომაც" "გვასახელა" ჩინურ "გუანჯოუსთან" (0:3). გასაგებია, რომ საკონტროლო მატჩებისთვის გადამეტებული ყურადღების მიქცევა არასწორია და მწვრთნელები ამ თამაშებს ოფიციალური შეხვედრებისთვის მოსამზადებლად იყენებენ, მაგრამ ვისაც ვეთამაშებით, ისინიც ხომ მზადების პროცესში არიან და... შენი ქვეყნის ჩემპიონს ორი მატჩის ჯამში 13 გოლს რომ გაუტანენ, ნასიამოვნები ნამდვილად ვერ დარჩები.