"განსაკუთრებული" "ჩელსიში" ბრუნდება? - კვირის პალიტრა

"განსაკუთრებული" "ჩელსიში" ბრუნდება?

ბრიტანული გაზეთი "სანი" ირწმუნება, რომ დიდი შანსია, ჟოზე მოურინიო ამ ზაფხულსავე დაუბრუნდეს ყოფილ კლუბს - ლონდონის "ჩელსის".გაზეთის ჟურნალისტს პორტუგალიელი მწვრთნელის "ახლობელმა" შეატყობინა, რომ ივლისში "განსაკუთრებული" (ასე უწოდებს საკუთარ თავს მოურინიო. - ავტ.) მადრიდს დატოვებს და ისევ ლონდონში გადაბარგდება. მოვლენათა ამგვარად განვითარება წარმოუდგენელი ნამდვილად არ არის, მით უმეტეს, რომ უჟმურმა პორტუგალიელმა ვერც "რეალის" ქომაგთა გულის მოგება მოახერხა, ვერც "სამეფო კლუბის" გაჩემპიონება და რაც მთავარია, მის ხელში "რეალი" ვერც "მოსისხლე მტერ" "ბარსელონას" უგებს. ასე რომ, შესაძლებელია, მოურინიომ ზაფხულში მართლაც გამოიცვალოს სამუშაო ადგილი. მით უმეტეს, არც ლონდონურ კლუბში დიდი ზარ-ზეიმით მიყვანილი ანდრე ვილაშ-ბოაში წყვეტს ციდან ვარსკვლავებს. შეგახსენებთ, რომ "ჩელსიში" გატარებული სამი წლის განმავლობაში დონ ჟოზემ ექვსი ტიტული მოიგო, თუმცა, თუ "სტემფორდ ბრიჯზე" ისევ დაბრუნდება, "არისტოკრატების" მფლობელ რომან აბრამოვიჩს მის წესებთან შეგუება მოუწევს: "სანამ მოურინიო ლონდონში დაბრუნებას დათანხმდება, აბრამოვიჩს ულტიმატუმს წაუყენებს, - კლუბის მფლობელი თქვენ ხართ, მაგრამ აქ ბოსი მე უნდა ვიყო და ჩემს საქმეში არავინ ჩაერიოსო!" - ირწმუნება ჟოზეს "ახლობელი".