გორგოძის გარეშე და ჰეიგთან ერთად - კვირის პალიტრა

გორგოძის გარეშე და ჰეიგთან ერთად

სანამ საქმეზე გადავიდოდეთ, სათაური განვმარტოთ: მორაგბეთა ნაკრების ლიდერი, საქართველოს გასული წლის საუკეთესო სპორტსმენი და მორაგბე მამუკა გორგოძე ესპანეთთან მატჩში არ ითამაშებს, ბორჯღალოსანთა ახალმა თავკაცმა მილტონ ჰეიგმა კი "ახალგაზრდობა" გაიხსენა და შეგირდებთან ერთად ვარჯიშშიც აქტიურად მონაწილეობდა. როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრებს "ერთა თასის" გათამაშების მეორე წრე 4 თებერვალს, უკრაინაში სტუმრობით უნდა დაეწყო, თუმცა, უამინდობის გამო ეს მატჩი გადაიდო. ასე რომ, ბორჯღალოსნები დნეპროპეტროვსკში ოთხი თვის შემდეგ, 9 ივნისს ითამაშებენ.

აუტსაიდერ უკრაინასთან მატჩი ჩვენს გუნდს ესპანურ "ლეონესთან" ("ლომები". - ავტ.) თამაშისთვის მოსამზადებლად ნამდვილად გამოადგებოდა, მაგრამ ზოგი ჭირი მარგებელია და დადებითი მხარე მატჩის გადადებასაც აქვს, - ესპანეთში გამგზავრებამდე საქართველოს ნაკრებს მოსამზადებლად ათ დღეზე მეტი ექნება. ამით კმაყოფილია გუნდის ახალზელანდიელი თავკაციც. "კარგი იქნებოდა, უკრაინის ნაკრებთან მატჩი არ გადადებულიყო. თუმცა, მეორე მხრივ, კარგია, რომ ვარჯიშისთვის მეტი დრო გვაქვს, ფაქტობრივად, ორკვირიანი შეკრება გამოგვივიდა. მთავარი მიზანი კი ის არის, შეცდომები არ დავუშვათ და ესპანეთს მოვუგოთ", - განაცხადა მილტონ ჰეიგმა გასული კვირის მიწურულს ჩატარებული ღია ვარჯიშის შემდეგ.

ისიც უნდა ითქვას, რომ ყინვის მიუხედავად, "შევარდნის" სარაგბო ბაზაში გამართულ ღია ვარჯიშს ტრიბუნებიდან საკმაოდ ბევრი მაყურებელი ადევნებდა თვალს. სხვათა შორის, უამინდობაზე ჰეიგმაც დაიჩივლა: "ამინდმა ძალიან შეგვიშალა ხელი. სავარჯიშოდ ისედაც ცოტა დრო გვქონდა, უამინდობის გამო კი ორი დღე დარბაზში ვიყავით გამოკეტილი და მორაგბეები მცირე სტრატეგიული მიზნების მიღწევაში ვავარჯიშეთ. დავალების ბოლომდე გასაცნობიერებლად მათ დრო დასჭირდებათ, თუმცა, ვფიქრობ, მომავალი კვირის მიწურულს ძირითადი საფუძვლები უკვე ნასწავლი ექნებათ", - გვითხრა ვარჯიშის შემდგომ პრესკონფერენციაზე ახალზელანდიელმა. "კვირის მიწურულს" სწორედ ესპანეთთან მატჩი უწევს და პირენეს ნახევარკუნძულზე გამოჩნდება, დაეტყოთ თუ არა ბორჯღალოსნებს ახალი მწვრთნელის ხელი.

ზემოთ ვთქვით, რომ მილტონ ჰეიგი ვარჯიშში არა მხოლოდ თეორიულად მონაწილეობდა. თავის დროზე, ის ცხრა ნომრის პოზიციაზე თამაშობდა და "შევარდენზეც" არაერთ ეპიზოდში დაამტკიცა, რომ ფორმა ჯერაც არ დაუკარგავს. ახალზელანდიელმა შეგირდებს რამდენჯერმე ისიც უჩვენა, როგორ უნდა იდგეს ათი ნომერი და როგორ მოიქცეს მორაგბე დაცვიდან წამოწყებული კონტრშეტევისას.

ესპანელებთან მატჩს ბორჯღალოსნები 11 თებერვალს სტუმრად ჩაატარებენ. "ერთა თასის" მიმდინარე გათამაშების პირველ წრეში ჩვენებმა "ლომებს" თბილისში უმასპინძლეს და   60:0 დაამარცხეს. ბუნებრივია, პირენელებს რევანში სწყურიათ, ასე რომ, საქართველოს ნაკრებს იოლი გასეირნება ნამდვილად არ ელის. "მოვუგებთ თუ არა საქართველოს ნაკრებს, არ ვიცი, მაგრამ იმის გარანტიას კი ნამდვილად ვიძლევით, რომ ქართველებს ეს თამაში არასდროს დაავიწყდებათ", - იმუქრება მავანი ესპანელი. რა თქმა უნდა, გამარჯვება ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ახალი, ოთხწლიანი ციკლის დასაწყისში ახალი მწვრთნელისთვის მთავარი უფრო სხვა პრიორიტეტებია. ახალი მოთამაშეების საქმეში ნახვა, ხელდახელ თამაშის გაუმჯობესება, ხაზზე ბურთის ბოლომდე ჩატანა ის კომპონენტებია, რომლის გაუმჯობესების გარეშე ჩვენს გუნდს ახალ სიმაღლეზე ასვლა ძალიან გაუჭირდება.

P. S. რაც შეეხება მამუკა გორგოძეს, ესპანეთთან მისი არყოფნა არც ტრავმის ბრალია და არც სხვა პრობლემის - თავიდანვე იყო შეთანხმებული, რომ "გორგოძილას" მხოლოდ უკრაინასთან უნდა ეთამაშა, ესპანელებთან შეხვედრა კი გამოეტოვებინა. ნაკრების ლიდერი უკვე დაუბრუნდა "მონპელიეს", თუმცა, თბილისში მალევე - 25 თებერვალს გასამართი საქართველო-პორტუგალიის მატჩისთვის დაბრუნდება.