"ორი ჩემოდანი" ჰიდინკისთვის - კვირის პალიტრა

"ორი ჩემოდანი" ჰიდინკისთვის

65 წლის ჰოლანდიელი მწვრთნელი გუს ჰიდინკი წელიწად-ნახევრის განმავლობაში მახაჩყალის "ანჟის" მთავარი მწვრთნელი იქნება და განვითარების დარგში კლუბის ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობასაც შეასრულებს. "ანჟის" თავკაცობის ერთ-ერთ უმთავრეს კანდიდატად ინგლისის ნაკრებიდან ხმაურით წამოსული ფაბიო კაპელოც მოიაზრებოდა, თუმცა, მახაჩყალური კლუბის მილიარდერმა მეპატრონე სულეიმან ქერიმოვმა არჩევანი ჰიდინკზე შეაჩერა. სხვათა შორის, ამ უკანასკნელს ინგლისის ნაკრებში კაპელოს სავარაუდო შემცვლელადაც ასახელებდნენ, თუმცა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა რუსული მსუყე ლუკმა (წელიწადნახევრიანი კონტრაქტის სანაცვლოდ ჰიდინკი "ანჟიში" 15 მილიონ ევროს მიიღებს. - ავტ.) არჩია. ტყუილად კი არ იხუმრა რამდენიმე დღის წინ ამსტერდამის "აიაქსის" მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა: მახაჩყალაში ჩასულ ჰიდინკს ფულის წამოსაღებად ორი ცარიელი ჩემოდნის წაღება მოუწევსო. თავად გუსი კი ამბობს, რომ მთავარი ფული არ ყოფილა: "ჩემს ასაკში მხოლოდ ფულზე რომ ვფიქრობდე, ფსიქიკური პრობლემები უნდა მქონდეს. შემოთავაზება მექსიკიდან და ჩინეთიდანაც მქონდა, ქერიმოვმა კი არა მხოლოდ კლუბის გაძლიერება, ფეხბურთის მთელ რეგიონში განვითარებაც მთხოვა".