მაისურები მესისგან - კვირის პალიტრა

მაისურები მესისგან

"ბარსელონასთან" მატჩის შესვენების დროს ლევერკუზენის "ბაიერის" ფეხბურთელებმა მანუელ ფრიდრიხმა და მიხალ კადლეცმა ლიონელ მესის მაისურის გამო იჩხუბეს.პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ კადლეცმა მაისური სწორედ კატალონიელთა ლიდერს გაუცვალა, თუმცა, სანუკვარი მაისური ფრიდრიხმა წაართვა! საბრალო კადლეცს ისღა დარჩენოდა, არგენტინელი ვარსკვლავისთვის ფორმა საფინალო სასტვენის შემდეგაც ეთხოვა... "ჩვენი გუნდის ფეხბურთელების საქციელი უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება, - თქვა "ბაიერის" სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოლერმა, - მოთამაშეებთან ჯერ არ მილაპარაკია, მაგრამ ამას აუცილებლად გავაკეთებ და გარანტიას გაძლევთ, რომ კადლეცი და ფრიდრიხი მესის მაისურებს გაყიდიან, მათი გაყიდვით მიღებული შემოსავალი კი საქველმოქმედო ფონდს გადაერიცხება". თუ გერმანული კლუბის ფეხბურთელები მართლაც გახდებიან იძულებული "სიმწრით" მოპოვებულ მაისურებს შეელიონ, დანაკარგის ანაზღაურების შანსი მათ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში, "ბარსელონასთან" სტუმრად გასამართი მატჩისას მიეცემათ.