ბრიტანეთში "ეროვნული" A ნაკრებით მივდივართ - კვირის პალიტრა

ბრიტანეთში "ეროვნული" A ნაკრებით მივდივართ

გასულ კვირას ის ორი გუნდი გახდა ცნობილი, რომელთაც საქართველოს მორაგბეთა  A ნაკრები ბრიტანული ტურნეს დროს გაეჯიბრება. ჩვენი გუნდი, რომელსაც ლევან მაისაშვილი ხელმძღვანელობს, დიდ ბრიტანეთში მარტის ბოლოს გაემგზავრება და სამ საკონტროლო შეხვედრას გამართავს. ორი მეტოქე უკვე გარკვეულია, მესამე კი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ტურნეს პირველ მატჩში საქართველოს  A ნაკრები ინგლისის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის გუნდ "ეიშერს" შეხვდება, შემდეგ კი უელსის პრემიერლიგის კლუბების ნაკრებს გაეჯიბრება. "ეიშერთან" შედარებით, რომელიც ინგლისის მეორე დივიზიონის მაჩანჩალაა, უელსელებს გაცილებით ძლიერი გუნდი ეყოლებათ და ქართველებთან სათამაშოდაც დიდი ამბითაც ემზადებიან. საკვირველი კი ის არის, რომ ადგილობრივი პრესის მტკიცებით, უელსს არა  A, არამედ საქართველოს ეროვნული ნაკრები(?!) უნდა ესტუმროს. "მოხარული ვართ, რომ ამხანაგური მატჩის გამართვაზე ისეთ ძლიერ ნაკრებს შევუთანხმდით, რომელმაც 2011 წლის მსოფლიო თასზე რუმინეთს მოუგო და შოტლანდიასა და ინგლისს დიდი ბრძოლა გაუმართა. პრემიერლიგის კლუბების მოთამაშეებს თავის გამოჩენის ჩინებული შანსი ეძლევათ და დარწმუნებული ვარ, მომავალი მატჩი დღესასწაულად იქცევა", - ეს უელსის რაგბის კავშირის პრეზიდენტის სიტყვებია.

როგორც ცნობილია, საქართველოს A ნაკრები ბრიტანულ ტურნეში შარშანაც იყო და ჯერ დიდი ბრიტანეთის არმიის ნაკრებს მოუგო (30:17), მერე კი ოქსფორდის უნივერსიტეტის ნაკრებს (38:13). ადგილობრივი პრესა მაშინაც ირწმუნებოდა, საქართველოს ეროვნული ნაკრები გვესტუმრაო. არადა, სხვადასხვა მიზეზის გამო, საქართველოს ნაკრები დიდ ბრიტანეთს მაშინ არათუ მეორე, ფაქტობრივად, მესამე შემადგენლობით ესტუმრა...

სხვათა შორის, ქართული გუნდი უელსელი მორაგბეების წინააღმდეგ პირველად ითამაშებს, მთავარი მწვრთნელის გარდა კი,  A  ნაკრებს ეროვნული ნაკრების ახალდანიშნული მწვრთნელები - მილტონ ჰეიგი და კრის გიბსიც გაჰყვებიან.