"მთავარია, რომ ნაკრებთან ერთად ვიქნები" - კვირის პალიტრა

"მთავარია, რომ ნაკრებთან ერთად ვიქნები"

მართალია, თემურ ქეცბაიას 29 თებერვალს ალბანელებთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის გამოძახებულთა სრული სია ჯერ არ დაუსახელებია, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრების თავკაცი პირადად ესაუბრა ლევან ყენიას და შეკრებაზე დაიბარა. ბევრისთვის ეს შეიძლება გასაკვირიც იყოს, გელზენკირხენის "შალკეს" 21 წლის შემტევ ნახევარმცველს ხომ 2009 წლის ოქტომბრის შემდეგ აღარ უთამაშია, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ქეცბაიას გადაწყვეტილება ერთგვარად გამამხნევებელია ფეხბურთელისთვის, რომელიც საყვარელ საქმეს თითქმის ორწლინახევრიანი შესვენების შემდეგ უბრუნდება. ამ დროის განმავლობაში ლევან ყენიამ კოჭზე სამი ოპერაცია გადაიტანა და ბევრს არც ეგონა, ფეხბურთის თამაშს კიდევ თუ შეძლებდა. თუმცა, ნიჭიერ ნახევარმცველს იმედი არასოდეს დაუკარგავს და ქართველი გულშემატკივრის მსგავსად, გამოჯანმრთელებას თავადაც მოუთმენლად ელოდა.

- თემურ ქეცბაიამ დამირეკა და გამომკითხა როგორ ვარ, რა ვარჯიშებს ვაკეთებ და ა.შ. ვუთხარი, რომ უკვე სამი კვირაა სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. შეკრებაზე გამოგიძახებ და ვნახოთ, როგორ იქნება საქმეო. უზომოდ გამიხარდა. 27 თებერვალს ჩამოვალ თბილისში, ნაკრების წევრებთან ერთად ვივარჯიშებ და მერე თემური და მე გადავწყვეტთ, ვითამაშებ თუ არა 10-15 წუთს მაინც. ამ ეტაპზე ისიც სასიამოვნოა, რომ ნაკრებთან ერთად ვიქნები.

- ცხადია, ეს მწვრთნელის ერთგვარი გამამხნევებელი ჟესტია ნაკრების ფეხბურთელისთვის, რომლისაც გულშემატკივარს ძალიან ეიმედება და რომელიც ფეხბურთს დიდხნიანი განშორების შემდეგ უბრუნდება.

- რა თქმა უნდა, ყველაზე უკეთ თავად ვიცი, რომ ჯერ სასურველი კონდიციისგან შორს ვარ. ალბანეთთან რომც არ ვითამაშო, არც ეგ იქნება პრობლემა, მთავარია, ბიჭებთან ერთად ვიქნები და ისევ შევიგრძნობ ნაკრების ატმოსფეროს.

- გახვალთ თუ არა მოედანზე, ამას 29 თებერვალს ვნახავთ, იმის თქმა კი წინასწარვე შეიძლება, რომ როდესაც სანაკრებო სიაში ლევან ყენიას გვარს ამოიკითხავენ, სტადიონზე გაცილებით მეტი ქომაგი მოვა.

- ამის მოსმენა ძალიან სასიამოვნოა. მინდა იცოდეთ, რომ კლუბის ქომაგებზე წინ ყოველთვის ნაკრების გულშემატკივრებს ვაყენებ. ყველას, ვისაც ნაკრებში ჩემი დაბრუნება გაუხარდა, მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას ვუხდი.

- ახლა, როდესაც როგორც იქნა გამოჯანმრთელდით, უკვე შეგიძლიათ გადაჭრით თქმა, რეაბილიტაციის პროცესი ასე დიდხანს არასწორი მკურნალობის გამო გაჭიანურდა თუ ვარჯიშის ნაადრევად განახლების გამო?

- მწვრთნელს უნდოდა, რაც შეიძლება სწრაფად ჩავმდგარიყავი ფორმაში და ვარჯიში ნაადრევად დამაწყებინა, რამაც უარესი შედეგი მოიტანა, - ახალნაოპერაციებმა კოჭმა დატვირთვას ვერ გაუძლო, ტრავმა განახლდა და თავიდან გახდა საჭირო ქირურგიული ჩარევა. არადა, არ იყო ძალზე მძIიმე ტრავმა, წესით, ოპერაციიდან სამ თვეში უნდა დამეწყო ვარჯიში. უფლის წყალობითა და გერმანიის ოლიმპიური გუნდის ექიმის, პროფესორ ლორას დახმარებით ის საშინელი პერიოდი წარსულს ჩაჰბარდა და ტკივილი აღარ მაწუხებს. მესამე ოპერაციის შემდეგ, სრულად გამოსაჯანმრთელებლად ერთი წელიწადი მაინც დამჭირდა, მაგრამ აღარ ავჩქარებულვარ, სარეაბილიტაციო პერიოდი აუჩქარებლად, წინასწარ გაწერილი გრაფიკით გავიარე და შედეგიც მივიღე.

- თავად ტრავმაც ზედმეტი დატვირთვის ბრალი ხომ არ იყო? "შალკეს" ყოფილი თავკაცის, ფელიქს მაგათის უმძიმესი ვარჯიშების ამბავი ყველასთვის ცნობილია, ტყუილად კი არ ეძახიან "დესპოტ ფელიქსს".

- მაგათს მართლაც დიდი დატვირთვები ჰქონდა, მაგრამ მის ვარჯიშებს ჩვეულებრივად ვუძლებდი. შესაძლოა, გადატვირთულობამ კი იქონია გავლენა, მაგრამ ტრავმა ამის ბრალი ნამდვილად არ ყოფილა. ჩვეულებრივი სათამაშო სიტუაცია იყო, ვარჯიშის დროს თანაგუნდელი ვარდნაში ცდილობდა ჩემთვის ბურთის წართმევას, კოჭი გადამიბრუნდა და...

- და რა გრძნობა დაგეუფლათ, როდესაც ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, იანვრის მიწურულს ორმხრივ თამაშში მიიღეთ მონაწილეობა?

- საოცარი შეგრძნება იყო. ძლივს დავიჯერე, რომ ისევ ვთამაშობდი. იმ დრომ, როცა ტრავმირებული ვიყავი, დიდი გამოცდილება შემძინა და ვეცდები, მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.

- ფსიქოლოგიურად არ გიჭირთ?

- 3-4 თვის განმავლობაში, ალბათ, ძველებურად თავისუფლად ვერ ვიქნები და ისე ვერ ვითამაშებ, თითქოს არაფერი მომხდარა. მაგრამ მოთმინებით, ვარჯიშით ყველაფრის მიღწევა შეიძლება. შევეცდები, თანდათან ამოვიგდო თავიდან ტრავმაზე ფიქრი და ძველებურად ვითამაშო.

- როცა არ თამაშობდით, ნაკრების გულშემატკივრებმა სტადიონზე პლაკატი გამოფინეს: "უშენოდ მოსაწყენია, ლევან". თუმცა, ეს ყველაზე "მოსაწყენი" თქვენთვის იყო. რამ გადაგატანინათ დიდხანს უფეხბურთოდ ყოფნა?

- ძალიან ძნელია, როცა ვარჯიშის გასაახლებლად ემზადები და ამ დროს იგებ, რომ ისევ ოპერაციაა საჭირო, მერე კიდევ ერთი... ბოლოს ძალიან გადავიღალე, იყო  დღეები, როცა აღარაფერი  მინდოდა, ვარჯიშზეც არ წავსულვარ და მთელი დღე მეძინა. უფლის წყალობით, ჩემი მშობლებისა და შეყვარებულის გვერდზე დგომით ამ რთული პერიოდის გადალახვა შევძელი.

- "შალკეს" ფეხბურთელებისგან თუ გრძნობდით თანადგომას?

- სიმართლე გითხრათ, გუნდისგან დიდი თანადგომა ნამდვილად არ მიგრძნია და ეს ძალიან მეწყინა. მაგრამ არა უშავს, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, ესეც გადავიტანე უკვე და ახლა მხოლოდ წინ ვიყურები. მთავარია, რომ კარგად ვარ.

- ახლა როგორ დამოკიდებულებას გრძნობ თანაკლუბელებისგან?

- თანაგუნდელებსა და მწვრთნელთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს, ისეთი, როგორიც პროფესიონალ ფეხბურთელს უნდა ჰქონდეს. "შალკესთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე მაქვს და მერე რა იქნება, არ ვიცი. ასე რომ, ჩემთვის ყველაფერი ახალი სეზონიდან დაიწყება. მანამდე კი ვივარჯიშებ და ყველანაირად ვეცდები მოედანზე გასვლის უფლება მოვიპოვო. დანარჩენი მწვრთნელის გადასაწყვეტია.

- არ თამაშობდით, მაგრამ, ბუნებრივია, ნაკრების მატჩებს თვალს ადევნებდით. ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებზე რას იტყვით?

- ადრინდელთან შედარებით დაცვით ხაზში ნაკრები უფრო კომპაქტურად და საიმედოდ თამაშობს, თუმცა, ნახევარდაცვაში მეტი აქტიურობაა საჭირო და თავდასხმაშიც ისევ მოვიკოჭლებთ, გოლების გატანა გვიჭირს.

- თავდამსხმელს ხომ პასის მიმცემიც სჭირდება?

- ობიექტურად თუ შევხედავთ, პასის მიმცემიც გვაკლია და გოლის გამტანიც. თუმცა, ფეხბურთში ნამდვილად არ არის ისე, რომ მაინცდამაინც ერთი პასის მიმცემი უნდა იყოს და ერთი გამტანი, - მოედანზე 11 ფეხბურთელია და მთელმა გუნდმა თუ არ მიიღო მონაწილეობა შეტევაშიც და დაცვაშიც, არაფერი გამოვა. თავად შევეცდები, რაც შეიძლება მალე აღვიდგინო ფორმა და ეროვნულ გუნდს გამოვადგე.

- კახა კალაძის გადაწყვეტილებაზე რას ფიქრობთ?

- უპირველესად იმაზე დამწყდა გული, რომ კახა ჩემს არყოფნაში წავიდა ნაკრებიდან და ვერ დავემშვიდობე. გარდა ამისა, მისმა "გაცილებამაც" ძალიან მატკინა გული. კალაძე დამოუკიდებელი საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია და არ იმსახურებდა იმას, რა რეაქციაც მის არჩევანს მოჰყვა. ქართულ არხებს გერმანიაშიც ვადევნებ თვალს და სამარცხვინო იყო ის, რაც ვნახე. ეს მისი გადაწყვეტილება იყო და ყველამ პატივი უნდა ვცეთ. გარდა ამისა, ძალიან არ მომეწონა ის აჟიოტაჟიც, რაც ნაკრების სხვა ვეტერანებზე ატყდა. ასეთ მოთამაშეებს უნდა მოვუფრთხილდეთ, მათი წასვლით ნაკრები დიდ ძალას დაკარგავს.