მამუკა გორგოძე ამჯერად "ლელოს" მკითხველის რჩეულია - კვირის პალიტრა

მამუკა გორგოძე ამჯერად "ლელოს" მკითხველის რჩეულია

არსებობის 78-წლიან ისტორიაში "ლელომ" საუკეთესო სპორტსმენების გამოსავლენად წელს პირველად ჩაატარა გამოკითხვა, რომლის გამარჯვებულიც საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული "მონპელიეს" მორაგბე მამუკა გორგოძე გახდა.

"საუკეთესო სპორტსმენი და საუკეთესო  პიროვნება" - ეს ერთ-ერთია იმ შეფასებებისგან, რომლებიც "ლელოს" რედაქციის მიერ გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე გორგოძეზე ითქვა.

სანამ დაჯილდოებაზე გადავალთ, ისევ გამოკითხვას დავუბრუნდეთ. "ლელოს" მკითხველებს მათი რჩეულების დასახელება დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში შეეძლოთ. ხმის მიცემა ერთდროულად ვებგვერდ www.sportall.ge-ზე, ასევე, გაზეთში გამოქვეყნებული ანკეტებისა და სატელეფონო ზარების მეშვეობით მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 5148 მკითხველმა მიიღო.

საუკეთესოთა ათეულში მეორე ადგილზე 876 ხმით კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე გავიდა, მესამეზე –- საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახა კალაძე, რომელსაც 570 ხმა ერგო. რაც შეეხება მამუკა გორგოძეს, მან ლიდერობა 1223 ხმით მოიპოვა.

დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც "სპორტ კაფეში" გაიმართა, გორგოძეს მორიგი აღიარება მოქმედმა და ვეტერანმა სპორტსმენებმა, მწვრთნელებმა, სხვადასხვა ფედერაციის ხელმძღვანელებმა და სპორტულმა ჟურნალისტებმა მიულოცეს. "ლელოს" სპეციალური ჯილდო კი სპორტსმენს გაზეთის მთავარმა რედაქტორმა თენგიზ გაჩეჩილაძემ გადასცა.

საპატიო სტუმრებს შორის რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძეც იყო, რომელმაც მამუკა გორგოძის ქება და აღიარება წელს არაერთხელ მოისმინა.

ბევრ სტუმარს არ ეგონა, რომ მათ პორტუგალიასთან დაგეგმილი მატჩის წინა საღამოს დაჯილდოების ცერემონიალზე შეხვდებოდნენ, თუმცა გორგოძეს გამარჯვება თანაგუნდელებმა და ნაკრების ახალმა მწვრთნელებმაც მიულოცეს.

მილტონ ჰეიგი და კრის გიბსი ღონისძიებაზე მხოლოდ რამდენიმე წუთით დარჩნენ. სხვა მორაგბეებსა და მწვრთნელებთან ერთად სტუმრებს მამუკა გორგოძეც მალე გამოემშვიდობა. როგორც ყოველთვის, მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს მადლობა ორი სიტყვით, თავმდაბლად გადაუხადა და დაჰპირდა, რომ მათ მოლოდინს მომავალშიც გაამართლებს.

ბექა პატურაშვილი