"ლომების" ჯავრი "მგლებზე" ვიყარეთ - კვირის პალიტრა

"ლომების" ჯავრი "მგლებზე" ვიყარეთ

საქართველო 32:7 პორტუგალია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ავჭალის სტადიონზე პორტუგალიელ "მგლებს" უმასპინძლა, 32:7 გაიმარჯვა და "ერთა თასის" წინა ტურში, ესპანეთში წაგებით იმედგაცრუებულ ქომაგს ხასიათი გამოუკეთა. მწვრთნელ-მოთამაშეების ჩათვლით, საქართველოს ნაკრებში ბევრი სიახლეა. როცა ესპანეთში, ადგილობრივ "ლომებთან" ითამაშა, ბორჯღალოსანთა ახალ თავკაცს, მილტონ ჰეიგს შეგირდები სულ რამდენიმე დღის გაცნობილი ჰყავდა, ამის მიუხედავადაც, მადრიდში ჩვენივე შეცდომების გამო უფრო წავაგეთ, ვიდრე მწვრთნელთან შეუწყობლობის, არასწორი ტაქტიკის ან მეტოქის სიძლიერის მიზეზით. ეგეც რომ არა, აქედანვე ცნობილია, რომ ოთხწლიანი ციკლის პირველ ნახევარს ნაკრები ახალი სათამაშო სისტემის ათვისებას მოანდომებს, ექსპერიმენტული შემადგენლობა-ტაქტიკის პირობებში კი არც მარცხია გამორიცხული და შესაბამისად, არც რეიტინგში დაქვეითება და ქომაგმა ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

პორტუგალიასთან მატჩს რაც შეეხება, ეროვნულმა ნაკრებმა პირველად ითამაშა ავჭალის სტადიონზე. მის ტრიბუნებზე მხოლოდ 2 ათასი მაყურებელი ეტევა, მაგრამ რადგან მორაგბეთათვის არც "დინამო არენის" და არც "მიხეილ მესხის" სტადიონების კარი გაიღო ("ეროვნულზე" რეკონსტრუქციას იწყებენ, თანაც, სტადიონის დასაქირავებელი თანხაც საკმაოდ მაღალია, ვაკის სტადიონზე კი 29-ში საქართველო-ალბანეთია და მის მოედანს მოუფრთხილდნენ. - ავტ.), რაგბის კავშირს სხვა გზა აღარ დარჩა. სტადიონის გარდა, ახალი იყო ნაკრების კაპიტანიც. პორტუგალიასთან მატჩისთვის მილტონ ჰეიგმა ირაკლი აბუსერიძეს იმ მოტივით არ უხმო, გვინდა, აბუს დასვენების საშუალება მივცეთ, თანაც, მის პოზიციაზე სხვა მოთამაშეები გამოვცადოთო. აბუსერიძის ნაცვლად, ნაკრების კაპიტანი დავით კაჭარავა პირველად იყო და დებიუტი გამარჯვებითაც აღნიშნა. პირველი ნახევარი მეტ-ნაკლებად თანაბარ ბრძოლაში გაილია. მეტიც, ტაიმი კინაღამ რაგბისთვის უჩვეულო ანგარიშით - 0:0 დასრულდა. თუმცა, პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა მაინც მოახერხეს წინ გასვლა, - 32-ე წუთზე იტალიელმა მსაჯმა კვირიკაშვილის ლელო კი გააუქმა, მაგრამ ხუთიოდ წუთში მერაბ შარიქაძის მიერ დამიწებულ ბურთს ვერაფერი "მოუხერხა", გარდასახვა "მეკომ"  შეასრულა ზუსტად და ტაიმი 7:0 მოვიგეთ.

19 წლის შარიქაძისთვის ეს მეორე მატჩი იყო ეროვნულ გუნდში და კიდევ ერთ ახალწვეულ გიორგი ბეგაძესთან ერთად, ისიც საკმაოდ აქტიურობდა. თამაშის განახლებიდან შვიდ წუთში საქართველოს ნაკრები უკვე 17:0 იგებდა: შკინინის ლელოს მერაბ კვირიკაშვილმა წაამატა ზუსტი საჯარიმო და გარდასახა. თამაშის ბედიც იქვე გადაწყდა.

საკითხავი ისღა იყო, მოახერხებდნენ თუ არა მასპინძლები ოთხი ლელოს და შესაბამისად, პრემიალური ქულის აღებას. 62-ე წუთზე ნაკრების კიდევ ერთმა ახალმა მოთამაშემ - რევაზ ბელქანიამ გაასამა, 79-ზე კი დუდუ ქუბრიაშვილმაც დაამიწა ბურთი და მიმდინარე წლის პირველ გამარჯვებასთან ერთად ბორჯღალოსნებს პრემიალური ქულაც მოუტანა. "მშრალი" ანგარიშის გაქვითვა სტუმრებმა 75-ე წუთზე, ერთადერთი ლელოთი მოახერხეს და გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს - 32:7. ამგვარად, ესპანელი "ლომების" ჯავრი მათსავე მეზობლებზე, პორტუგალიელ "მგლებზე" ვიყარეთ, მაგრამ ამ მატჩების შედეგებზე მნიშვნელოვანი ის არის, როგორი წარმატებით დაინერგება საქართველოს ნაკრებში ახალი სათამაშო სისტემა. და ჯერჯერობით, ზელანდიური სამწვრთნელო შტაბის ავკარგიანობაზე ლაპარაკიც ნაადრევია...

საქართველოსგან განსხვავებით, საკუთარ მოედანზე წააგეს სლავურმა ნაკრებებმა: რუსეთმა სოჭში რუმინეთთან - 0:25, უკრაინიდან კი ესპანეთმა პრემიალური ქულა - 6:41 წაიღო. "ერთა თასის" მორიგ მატჩს ჩვენი გუნდი 10 მარტს, რუმინეთში ჩაატარებს, ერთი კვირის შემდეგ კი რუსებს დაუხვდება.