იტალიელი ქართველების აღიარება - კვირის პალიტრა

იტალიელი ქართველების აღიარება

მანუჩარ მარკოიშვილის კვალად იტალიური "ბენეტ კანტუს" ლიდერად გიორგი შერმადინიც ყალიბდება. გიორგიმ ჯერ კატალონიის "ბარსელონასთან" ერთი ქულით წაგებულ მატჩში ულიდერა საკუთარ კლუბს და 14 ქულითა და 8 მოხსნით თამაშის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, მერე "ჟალგირისს" ჩაუგდო 16 ქულა, გასული კვირის მიწურულს კი მორიგი აღიარება დაიმსახურა - იტალიის ჩემპიონატის "ყველა ვარსკვლავის მატჩში" სათამაშოდ მიიწვიეს. 22 წლის ქართველისთვის, რომელიც სერია  A-ში პირველ სეზონს ატარებს, ეს ნამდვილად დიდი აღიარებაა. იტალიური "ოლ სტარი" 11 მარტს, პესაროში გაიმართება და სადაც სამართალია, იქ უნდა მიეწვიათ ვიქტორ სანიკიძეც, რომელიც წელს დიდებულ სეზონს ატარებს, თუმცა, შარშანდლისაგან განსხვავებით, ვიკას წლევანდელ მატჩზე აღარ უხმეს. არანაკლები აღიარება ხვდა წილად "კანტუს" კიდევ ერთ გამორჩეულ კალათბურთელ მანუჩარ მარკოიშვილს. "ჟალგირისთან" მატჩში მანუმ ფანტასტიკურად ითამაშა, 32 ქულა ჩააგდო და ევროლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშედ სამართლიანად დასახელდა. ქართველ კალათბურთელს ასეთი პატივი 2004 წლის შემდეგ არ დაუმსახურებია, მაშინ ევროლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშედ "ულქერის" კალათბურთელი ზაზა ფაჩულია აღიარეს.