ხორცის და ნამცხვრის გარეშე - კვირის პალიტრა

ხორცის და ნამცხვრის გარეშე

ლონდონის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე თითქმის ხუთი თვეა დარჩენილი, ჩინეთის ოლიმპიური ნაკრების წევრებს კი უკვე აუკრძალეს... ხორცის მირთმევა!ამ გზით ჩინელები თავს იზღვევენ, რათა სპორტსმენების ორგანიზმში აკრძალული ნივთიერება - კლენბუტეროლი არ მოხვდეს და დოპინგტესტმა დადებითი შედეგი არ აჩვენოს. ჩინელ ოლიმპიელებს მკაცრად აქვთ აკრძალული როგორც საქონლის, ისე ღორის ხორცის ჭამა და საწვრთნელი ბაზიდან გასულებს მხოლოდ ქათმის ხორცის ან თევზის ჭამის უფლებას აძლევენ. "პეკინში ხორცპროდუქტების 52%-ზე მეტი დოპინგსტანდარტებს არ შეესაბამება. სპორტსმენებისთვის ეს ნამდვილი კატასტროფაა", - ჩივიან ადგილობრივი ოლიმპიელები. მით უმეტეს, რომ "დიეტის" დამრღვევი უმკაცრესად დაისჯება - მას ოლიმპიური გუნდიდან გარიცხავენ. ასეთი მკაცრი ზომების მიღება კი მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ჯერ კიდევ 2008 წელს, პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონის, ძიუდოისტ ტუნ ვენის ორგანიზმში დოპინგტესტმა კლენბუტეროლის კვალი აღმოაჩინა.

როგორც გაირკვა, სპორტსმენის სისხლში აკრძალული ნივთიერება ღორის ხორცის ჭამის შემდეგ მოხვდა. შედეგი? - ვენს ოლიმპიადის ოქროს მედალი ჩამოართვეს და ორწლიანი დისკვალიფიკაციითაც დასაჯეს.

რა გაგახსენდათ? რა თქმა უნდა, იგივე, რაც მე - ირაკლი ცირეკიძე და "ნამცხვრიანი დოპინგსკანდალი". თებერვლის მიწურულს ძიუდოში ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი სამთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.  გასული წლის ბოლოს ცირეკიძეს ტოკიოში ჩაუტარდა დოპინგტესტი, რომელმაც ქართველი ძიუდოისტის სისხლში კანაბოიდების ჯგუფში შემავალი პრეპარატის კვალი აღმოაჩინა. იაპონიაში გამგზავრებამდე ირაკლიმ ამსტერდამის ტურნირზე იჭიდავა და როგორც თავად ამბობს, იქაურ კაფეშAი ნამცხვარი უჭამია. - ალბათ, სწორედ ის შეიცავდა კანაფის თესლს, მე კი ინგლისური არ ვიცი და შემადგენლობას ვერ წავიკითხავდიო. ასეთია ოფიციალური ვერსია და თუ ერთ-ერთი ტიტულოვანი ქართველი ფალავნის ოლიმპიადაზე მონაწილეობა მართლა ნამცხვრის გამო გახდა სათუო, მით უარესი ჩვენთვის. რას მიირთმევს (მით უმეტეს, ასპარეზობის წინ), როდის დაიძინოს, ვის შემდეგ იჭიდაოს, სპორტსმენის გარდა, ეს ყველაფერი დელეგაციის წევრებსაც ხომ უნდა აინტერესებდეთ?! და იქნებ ჩინური მაგალითის, ან "ნამცხვრის კაზუსის" შემდეგ მაინც მივუდგეთ საქმეს მეტი ყურადღებით.