ნაკრებში ისევ ცვლილებებია - კვირის პალიტრა

ნაკრებში ისევ ცვლილებებია

ბორჯღალოსნებმა მზადება დაიწყეს

პორტუგალიის ნაკრების დამარცხების შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ მეტოქე რუმინეთთან სტუმრობისთვის ემზადება. მილტონ ჰეიგის მიერ გამოძახებულმა შემადგენლობამ სარუმინეთო შეკრება უკვე დაიწყო და წინა მატჩების მსგავსად ახალზელანდიელმა მწვრთნელმა ახალბედა მორაგბეებს ამჯერადაც უხმო. მაგალითად, 29-კაციან გაფართოებულ სიაში ქუთაისის "აიადან" პირველხაზელი თორნიკე ლომიძე და მეორეხაზელი გელა შალამბერიძე არიან. წინა შეხვედრისგან განსხვავებით, ჰეიგმა ისევ გამოიძახა ნაკრების კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე, წელს პირველად დაუძახეს თედო ზიბზიბაძესაც.

გამორიცხული არ არის, ბუქარესტში გამგზავრებამდე ნაკრებში კიდევ მოხდეს ცვლილებები, რამდენიმე მოთამაშის ასპარეზობა კი უკვე დაზუსტებით გამოირიცხა: დავით ხინჩაგიშვილი და ლევან დათუნაშვილი კლუბებმა არ გამოუშვეს, ახალ კლუბთან ადაპტაციის მიზეზით ნაკრებს ერთი წლით გამოაკლდა ანტონ ფეიქრიშვილი, გიორგი ჟღენტი კი ჩამოუსვლელობის მიზეზად ოჯახურ პრობლემებს ასახელებს. რაც შეეხება დავით ზირაქაშვილს, ლაშა ხმალაძესა და ვახტანგ მაისურაძეს, ისინი ტრავმირებული არიან. სხვა ყველა მოთამაშე, მათ შორის - ნაკრების ლიდერი მამუკა გორგოძე, სარუმინეთო მზადებას ორშაბათიდან შეუდგა. შეგახსენებთ, რუმინეთ-საქართველოს მატჩი 10 მარტს, თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება, პირდაპირ ეთერში ტრანსლირებას კი საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს.