"სტალინგრადის ბრძოლიდან" პრეზიდენტის სასახლემდე - კვირის პალიტრა

"სტალინგრადის ბრძოლიდან" პრეზიდენტის სასახლემდე

სწრაფ ჭადრაკში ქალთა სუპერტურნირის დასრულებიდან, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა, ჯერ მხოლოდ ორი კვირა გავიდა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია კი უკვე ახალი ტურნირისთვის მზადებას იწყებს.გადაწყვეტილია, რომ სამი თვის შემდეგ საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება სწრაფ ჭადრაკსა და ბლიცში. მართალია, ამ დღეებში თურქეთის ქალაქი გაზიანთეფი მოჭადრაკე ქალთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს, რომელშიც 11 ქართველიც მონაწილეობს, მაგრამ ტურნირი ჯერ ახალი დაწყებულია, თანაც, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე ქართულ დელეგაციას თურქეთში არ ახლავს. ამიტომაც, ქართული ჭადრაკის პირველკაცთან ინტერვიუში, ძირითადად, საქართველოში გასამართ ჩემპიონატზე ვისაუბრეთ და ნანა ძაგნიძის ტრიუმფით დასრულებული "ვარსკვლავთა ტურნირის" შეჯამებაც მოვისმინეთ.

- საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა უკვე ოფიციალურად მიმართა პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის (პმა) პრეზიდენტ ემილ სუტოვსკის, რომელიც თბილისში რამდენიმე დღის წინ საგანგებოდ ვარსკვლავთა ტურნირისთვის ჩამოვიდა. საქართველო გამოხატავს მზადყოფნას, ჩვენს ქვეყანაში ჩატარდეს მსოფლიო ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკსა და ბლიცში. ყველა მთავარი საკითხი უკვე შეთანხმებულია, მხოლოდ ტურნირის ჩატარების თარიღია დასაზუსტებელი. თბილისი ან ბათუმი მსოფლიო ჩემპიონატს, სავარაუდოდ, 30 მაისიდან 7 ივნისამდე უმასპინძლებს. ასე რომ, განაცხადი უკვე წარვადგინეთ და ჩვენი კანდიდატურის განხილვა, ფაქტობრივად, ფორმალურად  მოხდება, რადგან  პმა-ს პრეზიდენტმა გვითხრა, რომ საკითხი უკვე გადაწყვეტილია.

- მაღალი რანგის საჭადრაკო ტურნირების მასპინძლობა დამოუკიდებელი საქართველოსთვის უკვე ტრადიციად იქცა და, ალბათ, შორს აღარ არის ის დრო, როდესაც გუნდურ ან ინდივიდუალურ მსოფლიო ჩემპიონატსაც ვუმასპინძლებთ. მაგრამ ამჯერად ცოტა ხნის წინ დასრულებული ტურნირი შევაფასოთ.

- სწრაფ ჭადრაკში ქალთა სუპერტურნირს უმაღლეს დონეზე ვუმასპინძლეთ. ასე ფიქრობენ როგორც მონაწილეები, ისე სტუმრები. ემილ სუტოვსკიმ თქვა კიდეც, რომ ქართველების სახით ძალიან კარგი პარტნიორები შეიძინა და მოხარული იქნება, თუ კიდევ არაერთი ტურნირი ჩატარდება ჩვენთან. პმა-ს თავკაცობის გარდა, სუტოვსკი ფიდე-ს საპრეზიდენტო საბჭოს წევრი და თავადაც ტიტულოვანი მოჭადრაკეა, ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი, უამრავ ტურნირში უთამაშია და მისი გამოცდილების პატრონისგან ასეთი შეფასების მოსმენა განსაკუთრებით სასიამოვნოა. თბილისის ტურნირს ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა უცხოურ პრესაშიც. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ კარგი ორგანიზების გარდა, საქართველომ სპორტული შედეგითაც ისახელა თავი. ნანა ძაგნიძის გამარჯვებამ ძალიან გაგვახარა და ის დაძაბულობა და ნერვიულობა, რომელიც საორგანიზაციო საკითხებს ახლავს, მთლიანად დაგვავიწყა.

- თუმცა, ცუდი სტარტის შემდეგ, ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ნანა გაჩემპიონებას შეძლებდა.

- მას შემდეგ, რაც საწყის სამ პარტიაში მხოლოდ ნახევარი ქულა აიღო,  ნანამ ნამდვილი გმირობა ჩაიდინა, დარჩენილ მატჩებში ყველა მეტოქე "ერთმანეთზე მიაწყო" და დამსახურებულად გაჩემპიონდა. მინდა, მაია ჩიბურდანიძის კარგი თამაშიც განსაკუთრებულად გამოვყო. ფაქტობრივად, ორი წელიწადია არ უთამაშია და ასეთი დიდი პაუზის შემდეგ არ არის ადვილი ასე თამაში, მით უმეტეს - სწრაფ ჭადრაკში. კლასიკურ ჭადრაკში შეიძლება ტურნირის მსვლელობისასაც კი შეხვიდე ფორმაში, სწრაფ ჭადრაკში კი ამის დრო ნამდვილად არ არის. მაიამ ძალიან დამაჯერებლად ითამაშა, რასაც მის მიერ მოპოვებული მე-5 ადგილიც ადასტურებს.

- მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკეების გარდა, თბილისში უცხოელი ჟურნალისტების საკმაოდ წარმომადგენლობითი "დესანტიც" იყო ჩამოსული...

- ეს პმა-ს პრეზიდენტის დიდი დამსახურებაც არის. სხვათა შორის, მერეც, როდესაც სწრაფ ჭადრაკსა და ბლიცში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის თარიღზე ვბჭობდით, ემილ სუტოვსკი უპირველესად იმას აქცევდა ყურადღებას, თბილისის ტურნირი რომელიმე მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას არ დამთხვეოდა. მათ შორის, არც 2012 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს ან, მით უმეტეს, ოლიმპიურ თამაშებს, რომ ჟურნალისტების ყურადღება ერთ ადგილას იყოს ფოკუსირებული. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამას, - ვარსკვლავთა ტურნირის შემდეგ, არაერთ უცხოურ, მათ შორის - არასაჭადრაკო ვებგვერდებზე, ძალიან ბევრი დაიწერა თბილისზე. სპორტული მხარის გარდა, აღწერილი იყო ქალაქის ღირსშესანიშნაობები, ქართული სტუმართმოყვარეობა და ა.შ., რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის პოპულარიზაციისთვის.

- სტუმრების მოხიბვლა არ გაგიჭირდებოდათ. მით უმეტეს, რომ მათთვის სპეციალური კულტურული პროგრამაც გქონდათ.

- მოჭადრაკეებს ამისთვის ნამდვილად არ ეცალათ, მაგრამ ჟურნალისტებს ერთი თავისუფალი დღეც კი არ ჰქონიათ, მათთვის სხვადასხვა სახის ექსკურსიები მოვაწყვეთ. ვაჩვენეთ ოქროს ფონდი, ცისფერი გალერეა, ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი, მარიონეტების თეატრშიც წავიყვანეთ, "სტალინგრადის ბრძოლა" ნახეს რუსულ ენაზე. პრეზიდენტის სასახლეც კი დავათვალიერებინეთ და ძალიან მოეწონათ. პრესცენტრში სპეციალური კუთხე იყო მოწყობილი, სადაც სხვადასხვა დღეს სტუმრებს სხვადასხვა ქართული კომპანიის ღვინის, შამპანურის, კონიაკის დაგემოვნება შეეძლოთ. სხვათა შორის, ცნობილმა საჭადრაკო სპეციალისტმა მარკ დვორეცკიმ, რომელიც ასევე სპეციალურად ვარსკვლავთა ტურნირისთვის ეწვია თბილისს, გვითხრა, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში ხშირად ვსტუმრობ ქართულ რესტორნებს, თქვენებურ ღვინოს მაინც მონატრებული ვარ, რადგან რუსეთში ძნელი საშოვნელიაო.