უბრალოდ დიადი! - კვირის პალიტრა

უბრალოდ დიადი!

გენიალურმა არგენტინელმა ლეო მესიმ 7 მარტს მორიგი საოცარი სპექტაკლი აჩუქა გულშემატკივრებს: ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, გერმანულ "ბაიერთან" დაპირისპირებისას ხუთი გოლი ჩაიწერა პირად ანგარიშზე და კიდევ ერთხელ დაუმტკიცა მსოფლიოს, თუ ვინ არის დღეს პლანეტის რჩეული ფეხბურთელი.

გასაგებია, რომ "ბარსელონა" ლევერკუზენულ კლუბთან ლიგის ორრაუნდიან პაექრობაში არა მარტო ცალი ფეხით გასული იყო შემდგომ ეტაპზე, არამედ ძალთა რეალობის გათვალისწინებითაც, რადგან კატალონიური გრანდი ის გუნდი არაა, პირველ შეხვედრაში სტუმრად 3:1 მოგებული ქარს გაატანოს. საინტერესო სახილველი ასეთ შემთხვევებში სულ სხვა რამეა: პირველი  ის, რომ უმოტივაციო "ბარსელონა" არ არსებობს და მეორე, როდესაც მესი მოედანზეა, იქ საოცრებას მუდამ უნდა ელოდო.

"ბარსამ" მოიგო 7:1 და თითქოს მოსაყოლიც არაფერია. თავი დავანებოთ იმასაც, რომ პირადი თუ გუნდური რეკორდების ცვენა იყო ამ მატჩში, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა თუკი ფეხბურთი გიყვარს და კალამიც ოდნავ მოგდევს, ორი სიტყვით მაინც უნდა დაწერო და ქედი მოუხარო მოთამაშეს, რომელმაც საფეხბურთო შედევრების კასკადი აწვიმა გულშემატკივართა მრავალმილიონიან არმიას.

მოდი, უბრალოდ მესის ხუთი გოლი გავიხსენოთ და ფურცელზე შევეცადოთ გადავიტანოთ (როგორი გადასატანია!) ის, რაც მან მოედანზე "მოქსოვა":

პირველი გოლი - მინდვრის სიღრმეში მესიმ ბურთიან პარტნიორს ჰკიდა თვალი, კალმახივით მოსწყდა მეურვეს და თავისუფალ ადგილზე გაიხსნა. თანაგუნდელმაც არ დაუგვიანა ზუსტი გადაცემა. მესიმ სიჩქარე ჩართო, ფეხის წვერით ბურთი ჩამოიღო და გავარდა კარისკენ. ამ თავბრუდამხვევ სისწრაფეში ჩამორჩენილ მეტოქის მცველებისკენ მოხედვაც მოასწრო(!), მეკარეც შეათვალიერა (ბურთზე არც დაუხედავს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ სჭირდება დახედვა, რადგან ბურთი ისედაც ფეხზე აქვს "მიკრული") და ზუსტად ისეთ მომენტში გადაუკიდა "პარაშუტი" ზურგს უკან, როდესაც საჭირო იყო. ასე, უბრალოდ, მაგრამ უმაღლესი საშემსრულებლო ოსტატობით(!). როგორ არ ჰგავდა მესის მოძრაობა იმ ფეხბურთელების წვალებას, რომლებიც მეკარესთან პირისპირ გასულები მხოლოდ დარტყმის ძალას ენდობიან და გავეშებული ხარებივით თავჩაღუნულნი ურახუნებენ თვალსაწიერში შემთხვევით გამკრთალ კარის ჩარჩოში.

მეორე გოლი - საჯარიმოს წინ მიიღო ბურთი, თანაც ცაციაზე(!) და მოხდა ის, რაც ხდება ხოლმე ასეთ დროს მესის შესრულებით - მკვეთრი ბიძგი მარცხნივ... კიდევ ერთხელ... და მის წინ გახსნილი ერთადერთი დერეფანი, სადაც უნდა გააძვრინოს ბურთი... გააძვრინა კიდეც იმიტომ, რომ მუდამ და ყოველთვის ის ერთი ნაბიჯით ასწრებს მოქმედებას მეტოქეებს.

მესამე გოლი - პირველის იდენტური სიტუაცია, ოღონდ ახლა მარჯვნიდან და მეორე ფეხით. არც ამჯერად გაიკარა მცველი სიახლოვეს და მეკარის თავზე გადარკალული ბურთი ბადეში ჩაახუჭუჭა.

მეოთხე გოლი - აქ სუნთქვა შეგეკვრება კაცს - წამის მეასედებში ორი "კედელი" გააგორო მინდვრის პაწაწინა ნაგლეჯზე, მეტოქეთა ჯგროში, რომელთა არათუ ერთი ფეხის გაწევა ყველაფერს მომენტალურად შლის, არამედ, როცა მცველთა თავდაცვითი ბასტიონი კეტავს კარისკენ სავალს, მართლა ძალიან მაგარი უნდა იყო(!). მაგრადაც შეასრულა და აქ მცველთა შეცდომებსა და შემთხვევით გოლზე საუბარი აზრს კარგავს. უბრალოდ, მესის სიკაშკაშემ იმდენად აუჭრა გერმანელებს თვალისჩინი, რომ ბურთიც დაკარგეს და მეტოქეც. ლოგიკაც უბრალოა და შედეგიც კანონზომიერი: ამ საცირკო ტრიუკის შემდეგ ბურთი ისევ იმან მოიგდო ფეხში, ვინც ეს ჟონგლიორობა ჩაიფიქრა და მშვიდად შეაგორა კარში.

დაბოლოს, მეხუთე გოლიც - ისევ გაიხსნა... მიიღო... ბურთის გასწორებაზე დრო არც დაუკარგავს (როგორც წესი!) და სწყვიტა... მეკარემ შთამბეჭდავი ნახტომი გაჭიმა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და არც გამოუვიდოდა, რადგან დარტყმა ისე იყო გათვლილი, რომ გოლკიპერის აკრობატულ ოსტატობას თავდამსხმელის ფილიგრანობის წინაშე ქედი უნდა მოეხარა. ბურთმა შემოუარა კარის დარაჯის ხელს ზუსტად ისე, როგორც მესიმ ჩაიფიქრა და... ამ სამი წერტილის მიღმა ნაფიქრის გაგრძელებას აზრი არა აქვს, რადგან მესის მოქმედების შედეგი ისედაც ყველამ ვიცით.

ახლა ისიც ვთქვათ, რა ხდებოდა მისი გოლების მიღმა და ამით ოდნავ მაინც ამოვწუროთ სათქმელი, რადგან მის ოსტატობაზე საუბარს არც გაზეთის ერთი გვერდი ეყოფა და არც დროის მდინარება, რადგან როცა კაცი თავის საქმეში გენიოსია, მისი ოსტატობის მარაგიც ამოუწურავია და ამ ოსტატობის აღწერის ფანტაზიაც. ის აკეთებს უბრალო მოძრაობას, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს ყველას იოლად ხელეწიფება, მაგრამ მესის გენიალურობა ის არის, რომ ის ამ "უბრალოებას" ასრულებს სიდიადით(!), გნებავთ. მთელი არსებით და ამასთან სრულიად ძალდაუტანებლად, ისე, რომ არასოდეს სვამს იჭვნეულ შეკითხვას, გამოუვა თუ არა(?!)... და თუნდაც კონკრეტულ მომენტში არ გამოუვიდეს, მაინც გიტოვებს შეგრძნებას, რომ ყველა სვლა შესრულებულია საფეხბურთო კანონზომიერებით. ამაშია მესის უბრალო სიდიადე!..

თუ დააკვირდით, ყოველი გაშვებული გოლის შემდეგ გერმანელთა გოლკიპერი უმწეოდ როგორ შლიდა ხელებს... ის სულაც არ არის ცუდი მეკარე, უბრალოდ, ის არ არის გენია და მისი უმწეობა იყო კაპიტულაციის "უტყვად მეტყველი" ჟესტი გენიოსის წინაშე, რომლის შეჩერება დღეს არავის ძალუძს...

მართლა არ ვიცი, მესის რა ვუწოდო, - ვარსკვლავი, მეტეორი თუ კომეტა... იქნებ კაცი, რომელიც იმ სფეროში, სადაც საქმიანობს, გიმტკიცებს ყველაფერს, რისი წარმოდგენაც ადამიანის გონებას ძალუძს?.. რასაკვირველია, ყველა თიკუნის ღირსია, მაგრამ, ალბათ, ისევ მისი ხასიათიდან, ოსტატობიდან და მანერებიდან გამომდინარე, ეს უფრო შეესაბამება: უბრალოდ დიადი!