ჯერ სტადიონი, თუ ჯერ ქალაქი? - კვირის პალიტრა

ჯერ სტადიონი, თუ ჯერ ქალაქი?

გასული კვირის ყველაზე ხმაურიანი თემა აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრის დროს საქართველოს პრეზიდენტის გახმაურებული ინიციატივა აღმოჩნდა - საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთობლივად უმასპინძლონ ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატს. ოცნებას კაცი არ მოუკლავს, მაგრამ ჯერჯერობით ისე ეტყობა, რომ ამ ოცნებაში ქართული წილი გაცილებით მეტია, ვიდრე აზერბაიჯანული. ასე რომ, შეგვიძლია მას ორმხრივ განაცხადზე ცალმხრივი ოცნებაც კი ვუწოდოთ. სანამ ჩვენთან იმაზე ბჭობენ, რომელმა ქალაქებმა ("ლაზიკაც" კი ახსენეს) და სტადიონებმა  უნდა უმასპინძლონ "ევრო-2020"-ს, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ ჯერჯერობით ეს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის სურვილია და ოფიციალურად ეს საკითხი ჯერ არ განუხილავთ. გარდა ამისა, ბაქოს უკვე ოფიციალურად აქვს შეტანილი განაცხადი 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე და ამ საკითხზეა გადართული. ამიტომაც აღარ დავიწყებთ იმის განხილვას, რა შანსი გვაქვს "ევრო-2020"-ის მასპინძლობის მსურველებთან (თურქეთი, ჰოლანდია, ბელგია, რუმინეთი-ბულგარეთი, ჩეხეთი-სლოვაკეთი, ბოსნია-ხორვატია-სერბეთი და ირლანდია-შოტლანდია-უელსი. - ავტ.) შედარებით, რა მდგომარეობაში იქნება ჩვენი ეთნოკონფლიქტები, ინფრასტრუქტურა, აეროპორტები, სასტუმროები და საფეხბურთო დონე, თუნდაც განაცხადის შეტანის დროს. მხოლოდ ერთ კითხვას დავსვამთ: დავიჯეროთ,  აზერბაიჯანი ერთდროულად იბრძოლებს ორი უდიდესი ტურნირის (ოლიმპიადისა და ევროპის ჩემპიონატის) მასპინძლობის უფლებისთვის? თუ რომლის ჩატარების უფლებასაც მისცემენ, იმას უმასპინძლებს?

P.S. და კიდევ, ჯერ "ლაზიკას" სტადიონი აშენდება და მას გარშემო "შემოუწყობენ" ქალაქს თუ პირიქით?