მარსაგიშვილმა ოქრო "დაიბრუნა" - კვირის პალიტრა

მარსაგიშვილმა ოქრო "დაიბრუნა"

ერთი წლით დაგვიანებით, მაგრამ თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით მარსაგიშვილი (84 კგ) მაინც გახდა ევროპის ჩემპიონი.შარშანდელი ევროპირველობის ფინალში სტეფანწმინდელმა ფალავანმა ევროპის მოქმედ ჩემპიონს, რუს ანზორ ურიშევს მოუგო, თუმცა, სანამ მწვრთნელებისა და მეტოქისგან მილოცვებს იღებდა... მსაჯებმა გადაწყვეტილება შეცვალეს და ჩემპიონად ურიშევი გამოაცხადეს. მოკლედ, უფროსებში მისთვის სადებიუტო კონტინენტის ჩემპიონატი მარსაგიშვილს ასე მწარედ დაამახსოვრეს, მაგრამ როგორც კი შანსი მიეცა, დათომ მაშინვე დაამტკიცა, რომ ჩემპიონობას შარშანაც იმსახურებდა. ურიშევთან რევანშის საშუალება არ მიეცა, რაკიღა ეს უკანასკნელი ნახევარფინალში დაამარცხა ბულგარელმა მიხაილ განევმა და მარსაგიშვილამდე არ მიუშვა. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქართველმა მოჭიდავემ ფინალიც ძალზე დამაჯერებლად მოიგო, განევი კი, არც მეტი, არც ნაკლები, მსოფლიო ჩემპიონი გახლავთ!

მოახლოებული ოლიმპიადის წინ მარსაგიშვილის დამაჯერებელი ჭიდაობა განსაკუთრებულად სასიამოვნოა. მით უმეტეს, 21 წლის ფალავანს აშკარად ეტყობა, რომ წინა წლებთან შედარებით ბევრად მობილიზებულია და მწვრთნელების დავალებებსა და დასახულ გეგმასაც ზუსტად ასრულებს. უმთავრესი, რა თქმა უნდა, შედეგია, მაგრამ დათომ იმასაც მიგვაჩვია, რომ ორთაბრძოლების უმეტესობას "მშრალი" ანგარიშებით იგებს. ამჯერადაც ხუთი ორთაბრძოლა ჩაატარა და საერთო ჯამში მეტოქეებს მხოლოდ ერთი ქულის აღების შესაძლებლობა მისცა: მაკედონელ დეიან ბოგდანოვს 4:0 მოუგო, ესპანეთის სახელით მოჭიდავე ბორის ანტონოვს 7:0, რუმინელი შტეფან გეორგიტა 9:1, თურქი სერდარ ბოკე 9:0 დაამარცხა, ფინალში კი შედარებით მოკრძალებულად - 2:0 იმარჯვა და ევროპის ჩემპიონი გახდა. ბელგრადში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან ვერცხლის მედლები ბესიკ გუჩაშვილმა და დავით ხუციშვილმა მოიგეს, ბრინჯაო კი - მალხაზ ზარქუამ და დავით მოძმანაშვილმა. რაც შეეხება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს, მათ გასული კვირის მიწურულს იჭიდავეს და ჩვენი გაზეთის ფორმატიდან გამომდინარე, შედეგებზე ვერაფერს გეტყვით.