მორიგი ტრიუმფი "ტრიუმფალურ თაღზე" - კვირის პალიტრა

მორიგი ტრიუმფი "ტრიუმფალურ თაღზე"

რუმინეთი 13:19 საქართველო

მეხუთე წელიწადია გვეჯაჯგურება რუმინეთის ნაკრები, მაგრამ 2007 წლის შემდეგ მხოლოდ ერთადერთი მატჩი მოგვიგო. განსაკუთრებით მწარედ კი "სტეჟარს" ("მუხის ფოთლები") შარშანდელ მსოფლიო თასზე სარეკორდო ანგარიშით მარცხი ახსოვს. ახალ ზელანდიაში ნაწვნევი სირცხვილის ჩამოსარეცხად რუმინელები სწორედ 10 მარტის შეხვედრაში ემზადებოდნენ, მაგრამ, ჩვენდა სასიხარულოდ, წლევანდელი "ერთა თასის" ფინალის ტოლფასი თამაშიც ბორჯღალოსანთა გამარჯვებით დასრულდა.

ქართული ბორჯღალი ამჯერადაც რუმინულ მუხაზე მაღალი აღმოჩნდა და თუ 17 მარტს რუს "დათვებსაც" ჩვეულად დავუხვდებით, "ერთა თასი" ამჯერადაც თბილისში დარჩება. ქართულ-რუმინული დაპირისპირების ისტორიაში ეს მეთექვსმეტე მატჩი გახლდათ და ბოლო მოგებით ჩვენებმა ანგარიში გაათანაბრეს, - ახლა ორივე ნაკრების ანგარიშზე 8-8 გამარჯვებაა. გარდა ამისა, ჩვენსა და ერთმორწმუნე ვლახებს შორის 2002 წლიდან "ანთიმოზ ივერიელის თასიც" თამაშდება. გასულ შაბათამდე გუნდები რუმინეთში მოღვაწე ქართველი წმინდანის სახელობის თასსაც თანაბრად - 5-5-ჯერ ფლობდნენ და ამ მაჩვენებლით წინ გავედით.  რაკი სტატისტიკა და თანაფარდობა ვახსენეთ, იმასაც გავუსვათ ხაზი, რომ აქამდე "ერთა თასი" საქართველოსაც და რუმინეთსაც 4-4-ჯერ მოუგია და დიდი შანსია, ამ მაჩვენებლითაც დავწინაურდეთ.

უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, ბუქარესტის "ტრიუმფალურ თაღად" წოდებულ სტადიონზე ჩატარებული შეხვედრა რუმინელთა ლელოთი დაიწყო, ტაიმის ბოლომდე კი ქართველთა ორ საჯარიმოს მასპინძლებმა ერთი ზუსტი დარტყმით უპასუხეს და პირველი ნახევარი "სტეჟარმა" 10:6 მოიგო. თამაშის განახლებისთანავე, მასპინძლებმა კიდევ ერთი საჯარიმო გაიტანეს, მაგრამ მალე ლელო დავით კაჭარავამაც გაიტანა, მერაბ კვირიკაშვილმა კი ზუსტად გარდასახა და ანგარიში გაათანაბრა, - 13:13. დარჩენილ დროში ორი საჯარიმო გავიდა და ორივე მასპინძელთა კარში - "მეკომ" იმედი არც ამჯერად გაგვიცრუა. მიუხედავად იმისა, რომ 63-ე წუთზე კოლელიშვილი გააძევეს და კაცნაკლულნი დავრჩით, საქართველოს ნაკრებმა უპირატესობის შენარჩუნება ბოლომდე მოახერხა. სხვათა შორის, კვირიკაშვილის ანგარიშზე უკვე 315 სანაკრებო ქულაა და ბორჯღალოსანთა ყველა დროის საუკეთესო მექულე მალხაზ ურჯუკაშვილს "მეკო" მხოლოდ 10 ქულითღა ჩამორჩება.