წაგება ისევ რუს(ნ)ულია - კვირის პალიტრა

წაგება ისევ რუს(ნ)ულია

საქართველო 46:0 რუსეთი

"ქართველ ხალხს დიდ პატივს ვცემ, რადგან ძალიან ჰგავს ჩემს ერს. სტატისტიკა ჩვენს სასარგებლოდ არ მეტყველებს, მაგრამ აქ მხოლოდ მოსაგებად ჩამოვედით", - ამბობდა თამაშამდე რუსეთის მორაგბეთა ნაკრების უელსელი თავკაცი კინგსლი ჯონსი. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ძალიან კარგი მწვრთნელი და პიროვნებაა, საქმეს ისე ეტყობა, ქართველებთან თამაშში რუსებს კინგსლი ჯონსი კი არა, ინდიანა ჯონსიც ვერ უშველის.

თბილისში ჩამოსვლამდე უელსელმა ნაკრები ისეთი მოთამაშეებით გადაახალისა, ბორჯღალოსნებთან თამაშის გამოცდილება რომ არ ჰქონდათ და ამ გადაწყვეტილების მიზეზიც ახსნა: - მათ საქართველოსთან მარცხის კომპლექსი არ აქვთო. რამდენად "უკომპლექსოები" გამოდგნენ რუსი "დათვები", ამაზე ანგარიშიც კარგად მეტყველებს. ეგ კი არა, თბილისში "მოსაგებად" ჩამოსული ჩრდილოელები უკან ორი ანტირეკორდით დამშვენებული გაბრუნდნენ, - სარეკორდო სხვაობით ხომ წააგეს - (აქამდე ყველაზე დიდი სხვაობით - 36:8 გვყავდა დამარცხებული. - ავტ.) და თანაც, ამ გუნდების დაპირისპირებაში პირველად მოხდა, რომ რუსებმა მატჩი უქულოდ ჩაამთავრეს და "მშრალი" ანგარიშით დამარცხდნენ.

რუსეთის ნაკრები თბილისში 2007 წლის შემდეგ არ ყოფილა და გასაკვირი არ არის, მატჩმა პრინციპული მეტოქის "ცოცხლად" დამარცხებას მონატრებული ქომაგის განსაკუთრებული ინტერესი რომ გამოიწვია. მატჩზე დასასწრები ბილეთები თამაშამდე ერთი დღით ადრე სრულად გაიყიდა(!), რაც უპრეცედენტო შემთხვევაა. თამაშის დაწყებამდე ერთი საათით ადრე კი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, საბურთალოს სასაფლაოს ასახვევიდან მოყოლებული კუს ტბისკენ მიმავალი გზის ლამის ნახევარიც(!) ავტოსადგომად იყო გადაქცეული. მიუხედავად ამისა, თავად სტადიონის ტრიბუნები ბოლომდე მხოლოდ მას შემდეგ შეივსო, თამაში კარგად რომ გახურდა. ამაში დამნაშავე კი ყველაზე ნაკლებად არიან გულშემატკივრები, - წინასწარ გაყიდული ყველა ბილეთის და შესაბამისად, გარდაუვალი ანშლაგის მიუხედავად, სტადიონის ყველა კარის გაღებას ვერც ამჯერად ვეღირსეთ... თუმცა, გასულ შაბათს ვაკის სტადიონზე არათუ დასაჯდომ, დასადგომ ადგილსაც ძნელად იპოვიდით. ქომაგთა სასახელოდ ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთის ჰიმნი სტვენით მხოლოდ მაყურებელთა ნაწილმა "გააფორმა", დანარჩენები კი მოწინააღმდეგეს პატივისცემით ეპყრობოდნენ და არც წინა წლებისთვის ჩვეული ბილწსიტყვაობით "უსახელებიათ თავი".

მატჩი კი... ტრიბუნიდან თუ არა, საქართველო-რუსეთ\ს ტელეეთერით მაინც ნახავდით, და ეგეც რომ არა, როცა ანგარიშს გადაავლებს თვალს, წესით, კითხვები აღარავის უნდა გაუჩნდეს. ერთიმეორეზე უკეთესი ექვსი ლელო, სარეკორდო სხვაობა და ყველანაირი გაგებით "მშრალზე" დატოვებული მეტოქე - ასეთ მატჩში სხვა რა უნდა ინატრო? რაც უნდა ვიძახოთ, სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვა რამეაო, რუსეთი კიდევ კარგა ხანს არ იქნება ჩვენთვის რიგითი მეტოქე და ჩრდილოელებთან ყოველი მორიგი გამარჯვება განსაკუთრებულ გემოს გვიტოვებს.

19 წელიწადია "დათვები" გვეჯაჯგურებიან, მაგრამ შინ, გარეთ თუ ნეიტრალურ მოედანზე, ქართველი მორაგბე ყველგან რუსზე ძლიერია და მათდა სამწუხაროდ ამ ტენდენციას კლებისა არაფერი ეტყობა. პირიქით, არა მხოლოდ კლასში, ანგარიშში სხვაობაც კატასტროფულად იზრდება.

მატჩის დაწყებამდე კინგსლი ჯონსმა ალალად თქვა, ქართველთა შერკინებას თუ გავუძელით, მერე იქნებ ჩვენმა უკანახაზელებმაც ივარგონო, მაგრამ... ისე ივარგა ჩვენმა მტერმა... პრინციპში, რუს მორაგბეებს არც გარჯა უნდა დავუკარგოთ და არც მონდომება - ბოლო წუთამდე იბრძოლეს, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა ფანტასტიკურად ითამაშა. სტატისტიკაში შთამბეჭდავი უპირატესობა კი გვაქვს და რუსთა გვემაშიც გაწაფულნი ვართ, მაგრამ პირადად მე პირველად ვნახე "დათვებთან" ასე მოთამაშე საქართველოს ნაკრები, - ემოციაზე მეტად ქართველ მორაგბეებს თავდაჯერება ეტყობოდათ და საკითხავი მხოლოდ ის იყო, რამდენ წუთში შეასრულებდნენ პრემიალური ქულისთვის აუცილებელ "ნორმატივს" - ოთხ ლელოს. პროგრამა-მინიმუმი მასპინძლებმა თამაშის დაწყებიდან ზუსტად ერთ საათში შეასრულეს - მე-60 წუთზე ლევან დათუნაშვილმა მეოთხედ დაალელოვა იმ დროისათვის უკვე გვარიანად ნირწამხდარი სტუმრები და საკუთარი გუნდი 34:0 დააწინაურა და "ერთა თასის" მორიგ ჩემპიონობასთან მიგვაახლოვა.

იქამდე ლელო მამუკა გორგოძემ, გიორგი ჩხაიძემ და ირაკლი მაჩხანელმა გაიტანეს, 66-ე და მე-80 წუთებზე კი ნემსაძემ და ისევ მაჩხანელმა იყოჩაღეს და მეტოქეს ოთხის ნაცვლად ექვსი ლელო მივართვით.

შაბათის მატჩი ყველა ქართველმა ჩინებულად ითამაშა, მაგრამ გორგოძე რომ არ გამოვყოთ, უსამართლობა იქნება, - "გულივერას" შემჩერებლის მოძებნა ისედაც ძნელი საქმეა და რუსეთის ნაკრებში - მით უმეტეს. აკი დაასახელეს კიდეც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ.

შეგვიძლია, საქართველოს ნაკრებს უკვე მივულოცოთ "ერთა თასის" მოგება, რადგან ესპანეთის ნაკრებმა რუმინეთთან პრემიალური ქულის აღება ვერ შეძლო.

P.S. გვინდა, მოვიგოთ, ადრეც გვინდოდა, მაგრამ არ გამოგვდიოდაო, - ეს სიტყვები რუსეთის ნაკრების კაპიტანმა ალექსანდრ იანუშკინმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე თქვა. უნდათ და რა ქნან?! მაგრამ ბორჯღალოსნების ძლევა რუსებისთვის ისევ ოცნებად რჩება და 17 მარტის მატჩმა ეს ოცნება კიდევ უფრო შორეული გახადა

შეხვედრების სტატისტიკა

ქართველი და რუსი მორაგბეების შეხვედრების 19-წლიან ისტორიაში ბორჯღალოსნებს შთამბეჭდავი უპირატესობა აქვთ: 16 მატჩი, 14 გამარჯვება, 1 ფრე და ერთადერთი წაგება - ასეთია საქართველოს ნაკრების უპირატესობა. კინკილა გამარჯვება (15:9) რუსმა "დათვებმა" ამ გუნდების პირველ შეხვედრაში, 1993 წელს, პოლონეთის ქალაქ სოპოტში მოიპოვეს. მას შემდეგ, რუსებს "თავის მოწონება" მხოლოდ 2002 წელს, "ეროვნულ" სტადიონზე მიღწეული ერთადერთი ფრით (12:12) შეუძლიათ, ყველა დანარჩენი მატჩი კი ბორჯღალოსანთა გამარჯვებით დასრულდა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, გუნდები "ერთა თასის" მატჩებს გასული წლის მარტამდე ნეიტრალურ მოედანზე ატარებდნენ, 2011-ში კი "დათვებმა" სოჭში გვიმასპინძლეს, მაგრამ "ტრადიციას" ვერც მაშინ უღალატეს - 9:15.