სარბოლო გუნდი პამელასგან - კვირის პალიტრა

სარბოლო გუნდი პამელასგან

დიდია ალბათობა, ახალშექმნილმა სარბოლო გუნდმა Downforce1-მა პოპულარობით გაცილებით უფრო გამოცდილ და ტიტულოვან გუნდებს გაუსწროს. საქმე ის არის, რომ Downforce1-ის თანამფლობელი და ხელმძღვანელი...ცნობილი მსახიობი პამელა ანდერსონია, რომელმაც სახელი სერიალ  "მალიბუს მაშველებში" მონაწილეობით, უფრო სწორად კი მკერდის ზომით გაითქვა. ჯერჯერობით, დაზუსტებით არ არის ცნობილი, კონკრეტულად, რა ფუნქცია დაეკისრება პამელას ახალშექმნილ გუნდში, მაგრამ ისტორიას ნამდვილად ახსოვს მაგალითები, როცა ჰოლივუდის ვარსკვლავები სპორტული ავტოინდუსტრიის სამყაროში აქტიურად იყვნენ ჩართული. მათ შორის ყველაზე ცნობილი პოლ ნიუმენია, რომელსაც თავადაც არაერთხელ მიუღია მონაწილეობა რბოლებში. ჯერჯერობით Downforce1-ს მხოლოდ ერთი პილოტი - მარკუს ფუქსი ჰყავს და თავსაც ერთადერთი ავტომანქანით - Aston Martin Vantage GT2-ით იწონებს, მაგრამ კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მათი გუნდი ყველა დიდ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. Downforce1-ის დებიუტი 30 მარტს, ლე-მანის ევროპული სერიის დროს არის დაგეგმილი, პამელა ანდერსონი კი პირობას დებს, რომ თავისი გუნდის მრბოლელებს პირადად გაამხნევებს ხოლმე.