"ელიტური" კვირა გრანდების გარემოცვაში - კვირის პალიტრა

"ელიტური" კვირა გრანდების გარემოცვაში

მიმდინარე კვირა ფეხბურთის ქართველი ქომაგებისთვის საინტერესო მატჩებით იქნება დატვირთული: 26-31 მარტს თბილისი 17-წლამდელ ფეხბურთელებს შორის ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ელიტრაუნდს უმასპინძლებს.მატჩები მიხეილ მესხის სახელობის ვაკის სტადიონსა და "დინამო არენაზე" ჩატარდება, ფინალური ეტაპის საგზურისთვის ბრძოლაში კი საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, ინგლისი და უკრაინა იქნებიან. თქმა არ უნდა, ქართველ 17-წლამდელებს მრისხანე მეტოქეები ჰყავთ. - ესპანეთს ყველა ასაკობრივ კატეგორიაში უძლიერესი გუნდი ჰყავს, იმავეს თქმა შეიძლება ინგლისელებზეც და "საჩუქარი" უკრაინის ნაკრებიც რომ არ იქნება, ეს ქართველმა ჭაბუკებმა პირადი გამოცდილებითაც იციან, - მინსკის საერთაშორისო ტურნირის ფინალში ჩვენმა 17-წლამდელებმა სწორედ უკრაინელ თანატოლებთან წააგეს.

საქმეს ისიც ართულებს, რომ ფინალურ ეტაპზე მხოლოდ ქვეჯგუფში პირველ ადგილზე გასული ნაკრები გადის. თუმცა, უშანსოდ ნამდვილად არა ვართ და ბიჭებიც ძალიან მონდომებული არიან. "ფეხბურთელებმა კარგად იციან, რომ დასაკარგი არაფერი აქვთ და ყველა მატჩში მოსაგებად უნდა გავიდნენ. მათ არც მოტივაცია აკლიათ, რადგან შანსი აქვთ, ქართველი გულშემატკივარი გაახარონ და ამავდროულად, კარგი თამაშით კარიერაში დიდი ნახტომი გააკეთონ, - თბილისურ ელიტრაუნდს ხომ არაერთი ცნობილი უცხოელი სკაუტი დაესწრება", - ეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების თავკაცის, ვასილ მაისურაძის სიტყვებია. მის შეგირდებთან ერთად, ეს ახალგაზრდა მწვრთნელიც ძალიან გვეიმედება, მაგრამ "ბოლო სიტყვა" მაინც ფეხბურთელებზეა და სწორედ მათ უნდა დაამტკიცონ, რა შეუძლიათ.

მრისხანე მეტოქეებთან მატჩებში ჩვენი ბიჭებისთვის გადამწყვეტი, ალბათ, მაინც ფსიქოლოგიური ფაქტორი იქნება, რომლის გადალახვაშიც ისიც უნდა დაეხმაროთ, რომ საერთაშორისო ტურნირზე ერთხელ უკვე შეხვდნენ ესპანელ თანატოლებს და ფრე ითამაშეს. შეგახსენებთ, რომ ელიტრაუნდის მატჩებზე დასწრება უფასოა, ჩვენი გუნდი კი სამივე შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს.

26 მარტი

საქართველო-ესპანეთი ("მიხეილ მესხი", 14.00)

ინგლისი-უკრაინა ("დინამო არენა", 16.00)

28 მარტი

საქართველო-ინგლისი ("მიხეილ მესხი", 14.00)

ესპანეთი-უკრაინა ("დინამო არენა", 16.00)

31 მარტი

ინგლისი-ესპანეთი ("დინამო არენა", 14.00)

საქართველო-უკრაინა ("მიხეილ მესხი", 16.00)