17:0 18-წლამდელებისგან - კვირის პალიტრა

17:0 18-წლამდელებისგან

30 მარტიდან 7 აპრილამდე მადრიდი 18 წლამდელ მორაგბეთა შორის ევროპის ჩემპიონატის ელიტდივიზიონს უმასპინძლებს."ექვსი ერის" ქვეყნების: ინგლისის, საფრანგეთის, ირლანდიის, შოტლანდიის, უელსისა და იტალიის გარდა, ევროპის ჩემპიონატზე ქართველი და პორტუგალიელი 18-წლამდელებიც ითამაშებენ. გასულ წელს რუმინეთში ჩატარებულ შესარჩევ ოთხთა ტურნირში სწორედ ამ ორმა ნაკრებმა იმარჯვა (მათ გარდა შესარჩევში რუმინეთი და ბელგიაც მონაწილეობდნენ - ავტ.) და "ბობოლებთან" თამაშის უფლება მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში, 30 მარტს, პატარა ბორჯღალოსნები ინგლისელ თანატოლებს დაეჭიდებიან, გამარჯვების შემთხვევაში კი ნახევარფინალში უელს-იტალიას შორის მოგებულს შეხვდებიან. ესპანეთის დედაქალაქში ჩასვლამდე ჩვენი ნაკრები ათდღიან შეკრებას საფრანგეთის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბის - "კლერმონის" ბაზაში გადის და გასულ კვირას ამხანაგურად ამ კლუბის 19-წლამდელებს, ანუ ერთი წლით უფროსებსაც გაეჯიბრნენ და 17:0 გაიმარჯვეს.