"ქართული კომპლექსი" რუსების ამ თაობასაც ექნება" - კვირის პალიტრა

"ქართული კომპლექსი" რუსების ამ თაობასაც ექნება"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტნისა და ფრანგული "ოსერის" მოთამაშე ირაკლი აბუსერიძისთვის რუსეთის ნაკრებთან მატჩი კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.აბუს ბურთიც სწრაფად გამოჰქონდა, პასებსაც ზუსტად ანაწილებდა და ჩხაიძისა და გორგოძის ლელოებშიც ლომის წილი დაიდო. მეხუთე ლელო კი ირაკლიმ თვითონ შექმნა - მოედნის ცენტრიდან ლამის ჩათვლის მოედნამდე ირბინა და გიორგი ნემსაძეს უპრობლემოდ გაატანინა. თამაშის მეორე დღეს კი ირაკლი აბუსერიძემ ნაკრების სხვა წევრებთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებულ აქციაში მიიღო მონაწილეობა. ნაკრების წევრების საკლუბო და სანაკრებო მაისურები, ასევე საქართველო-რუსეთის მატჩის ბურთი სპეციალურად მოწყობილ აუქციონზე გაიტანეს, შემოსული თანხა (11.800 ლარი) კი საგურამოს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს გადაერიცხა. ირაკლი აბუსერიძეს საფრანგეთში დავუკავშირდით:

- რუსებთან მატჩს ყოველთვის სხვაგვარი დატვირთვა აქვს. თანაც, რუსეთის ნაკრები თბილისში 2007 წლის შემდეგ არ ყოფილა და ქომაგის გასახარებლად განსაკუთრებულად მოვემზადეთ. სტადიონზე მოსულმა გულშემატკივრებმა ამ გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშეს. ქომაგების აქტიურობა არ გვიკვირს, მით უმეტეს, ასეთ პრინციპულ მეტოქესთან, მაგრამ 17 მარტს ვაკის სტადიონზე მართლაც საოცარი ატმოსფერო სუფევდა. ქართველმა გულშემატკივრებმა კიდევ ერთხელ შეასრულეს "მეთექვსმეტე მოთამაშის" როლი და ასეთი მხარდაჭერისთვის მათი უზომოდ მადლობელი ვართ.

- ასეთ გამანადგურებელ ანგარიშს, ალბათ, არც თქვენ ელოდით.

- ნამდვილად არ მიფიქრია, თუ რუსებს ასეთი დიდი ანგარიშით დავამარცხებდით და ქულასაც არ ავაღებინებდით. შერკინებამაც და უკანა ხაზმაც ჰარმონიულად ითამაშა და სარეკორდო გამარჯვება ამის დამსახურებაა.

- რუსების მწვრთნელმა განაცხადა, ისეთი მორაგბეები დავიმატე, საქართველოსთან წაგების კომპლექსი რომ არა აქვთო. მოედანზე როგორ ჩანდა ეს ყველაფერი, ეტყობოდათ რუსებს "უკომპლექსობა"?

- "ქართული კომპლექსი" რუსეთის ნაკრების წინა თაობებსაც არ ჰქონდათ, მაგრამ შევუქმენით, ახლა კი ამათაც ექნებათ (იცინის). მატჩამდე ვამბობთ, რომ ყველაფერი მოედანზე გადაწყდება. რუსთა კაპიტანმა და მწვრთნელმა კი "გაგვაბრაზეს", - მოსაგებად ჩამოვედით და წაგებების ტრადიცია უნდა დავასრულოთო. ამ სიტყვებმა მათ დასამარცხებლად მეტი სტიმული მოგვცა.

- რუსეთთან მატჩი ირაკლი აბუსერიძისთვის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 79-ე შეხვედრა იყო. ამ მაჩვენებლით ბორჯღალოსანთა შორის რეკორდსმენი ხართ.

- ეს დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ჩემთვის. თუმცა, შეუცვლელი არავინ არის და არც "პრივატიზებული" აქვს ვინმეს ნაკრებში ადგილი. ამ საკითხზე მილტონ ჰეიგსაც ველაპარაკე და ვუთხარი, ვიდრე სანაკრებო მოთხოვნებს დავაკმაყოფილებ და გუნდს გამოვადგები, ვითამაშებ-მეთქი.

- ნამატჩევს ჰეიგმა ხაზგასმით აღნიშნა, - საწყის წუთებში ნერვიულობის შემდეგ ჩვენმა გუნდმა თამაში მოაწესრიგა, რაც დიდწილად აბუსერიძის დამსახურებააო. ზელანდიელმა მწვრთნელმა ისიც თქვა, რომ ამ მხრივ მოსამზადებელი ეტაპის დროსაც ბევრი იმუშავეთ.

- რადაც უნდა დაგიჯდეთ, რუსებს აუცილებლად უნდა მოუგოთო, ასეთი ზეწოლა  ნამდვილად არ ყოფილა. მით უმეტეს, ისედაც კარგად ვიცით, ქართველი გულშემატკივრისთვის რუსთა ძლევას რამხელა მნიშვნელობა აქვს. ზოგიერთ მოთამაშეს პირველად უნდა ეთამაშა რუსებთან და რა გასაკვირია, რომ დანარჩენებზე მეტად ნერვიულობდნენ. ამიტომაც გამოცდილი მორაგბეები ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ახალბედებისთვის დაძაბულობა მოგვეხსნა. გარდა ამისა, მე კაპიტანი ვარ და ამ მხრივაც მეტი მომეთხოვება.

- ახალ მწვრთნელსა და იმ ახალ სისტემაზე რას იტყვით, რომელიც საქართველოს ნაკრებში ინერგება?

- მილტონ ჰეიგი პროფესიონალი მწვრთნელია და დარწმუნებული ვარ, მასთან ერთად ქართულ რაგბის ახალ სიმაღლეზე ასვლა შეუძლია. ახალ სისტემას რაც შეეხება, მწვრთნელი გვეუბნება, რომ არა აქვს მნიშვნელობა, რა ნომრით თამაშობ, ბურთის გამოტანაშიც და მეტოქის შეტევების განეიტრალებაშიც ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. მისი მოთხოვნაა შერკინების ხუთმეტრიან ზონაში ხაზის მოთამაშეებმაც იაქტიურონ. წინათ ამ ზონიდან იშვიათად გაგვქონდა ბურთი და, ძირითადად, შერკინების ხარჯზე ვცდილობდით ლელოს დადებას, ახლა კი გაშლილ თამაშსაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ.

- ბოლოს, საკლუბო ამბებსაც შევეხოთ, "ოსერთან" კონტრაქტი როდემდე გაკავშირებთ?

- ხელშეკრულების ვადა სეზონის ბოლოს იწურება. კლუბის ხელმძღვანელობას სურს, "ოსერში" მომავალ წელსაც დავრჩე, მაგრამ მე სხვა გეგმები მაქვს და ვნახოთ.