ქართული ფეხბურთი ცოცხალია! - კვირის პალიტრა

ქართული ფეხბურთი ცოცხალია!

საქართველო 1:0 უკრაინა

გულწრფელად ვთქვათ, რამდენ ჩვენგანს ჰქონდა იმედი, რომ საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები ესპანეთს, ინგლისსა და უკრაინას ჯგუფში ჩატოვებდა? - რამდენიმე გამოუსწორებელი ოპტიმისტის გარდა, ალბათ, არც არავის. თუმცა, ესპანეთის ნაკრებთან ნათამაშებმა 1:1-მა გაგვაკვირვა, ინგლისელებთან მოგებაზე მთლად გადავირიეთ, უკრაინასთან კი... ბევრჯერ გვინახავს საქართველოს ნაკრები, რომელსაც ბოლო ტურის წინ ჯგუფიდან გასვლის შანსი აქვს? მეტიც, არავისზეა დამოკიდებული და მოგების შემთხვევაში პირველობას ინაღდებს? ჰოდა, თუ არ გინახავთ, ახლა ნახავდით, - ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა სანახაობრივადაც ითამაშა, მოიგო კიდეც და მაისში სლოვენიაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც (ისტორიაში მესამედ) ითამაშებს.

რადგან მაისურაძე ვახსენეთ, 17-წლამდელებზე ლაპარაკი სწორედ მწვრთნელიდან უნდა დავიწყოთ, რადგან ამ ახალგაზრდა სპეციალისტის ხელი ნაკრებს აშკარად ეტყობა. ახალგაზრდა ფეხბურთელები ტაქტიკურადაც გამართულად თამაშობენ, არც ტექნიკის ნაკლებობას უჩივიან და გადამწყვეტი მატჩის წინაც არ "გადამწვარან" ფსიქოლოგიურად. უკრაინელებთან მატჩის წინ 17-წლამდელთა თავკაცმა ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მოთამაშე მოისაკლისა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორი იყო, - პირველობისთვის ჩვენს გუნდს მოგება სჭირდებოდა, "უსიკვდილოდ მოსაგებ" მატჩებს კი არათუ 17 წლის, ბევრად გამოცდილი ფეხბურთელებიც არაერთხელ "მოუნელებია".

საბედნიეროდ, ჩვენს გუნდს შებოჭილობისა არაფერი ეტყობოდა. პირიქით, მასპინძლები მთელი თამაშის განმავლობაში უტევდნენ, გოლი კი ისეთი გაიტანეს, თქვენი მოწონებული: მატჩი ექვსი წუთის დაწყებული იყო, როცა ვანო წილოსანმა მცველებს ისეთი ფინტებით აუბნია თავგზა, ზიდანიც სიამოვნებით მოაწერდა ხელს, მერე კი საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი და კარის პირისპირ მყოფმა ალეკო მზევაშვილმა უძლიერესად დაარტყა - 1:0.

წინა მატჩების მსგავსად საქართველოს ნაკრები ამჯერადაც "მეორე ნომრად" თამაშობდა და კიდევ ერთი ბურთის გატანას სწრაფი კონტრშეტევების ხარჯზე ცდილობდა. თუმცა, შეტევა იმდენი და ისეთი მრავალფეროვანი იყო, ქართული ნაკრებებისაგან ჩვეული ნამდვილად არა ვართ.

ესპანეთსა და ინგლისთან იღბალიც ჩვენს მხარეს იყო, აი, უკრაინის ნაკრები კი აშკარად დავჯაბნეთ. თუმცა, ფორტუნა ერთხელ ლურჯ-ყვითლებთან მატჩშიც დაგვეხმარა - 68-ე წუთზე მეკარის წინ მარტოდმარტო დარჩენილმა სტუმართა ფორვარდმა ადამიას კარის ხარიხა შეაზანზარა. თუმცა, მთავარია, რომ მოვიგეთ, უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ევროპული ფეხბურთის გრანდებთან მატჩებმა დაგვანახა, - ქართული ფეხბურთის სანერგე ისევ ცოცხალია და თუ სწორად მოვუვლით, წინა თაობებისგან განსხვავებით ეს ბიჭები 19-20 წლის ასაკში არ დაიკარგებიან.

პარალელურად, მიმდინარე მატჩში ზედიზედ ორი ფრით გაგულისებულმა ესპანეთმა ჯავრი ინგლისზე იყარა (4:0), თუმცა, მხოლოდ მეორე ადგილს გამორჩა. ასე რომ, 4-16 მაისს სლოვენიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ქართველი 17-წლამდელები ითამაშებენ!