"ბოლო თვეებმა თავდაჯერება დამიბრუნა" - კვირის პალიტრა

"ბოლო თვეებმა თავდაჯერება დამიბრუნა"

NBA-ს რეგულარული ჩემპიონატი ისედაც მომქანცველ მარათონს ჰგავს და მით უმეტეს, ლოკაუტის გამო რამდენიმეთვიანი დაგვიანებით დაწყებულ წლევანდელ სეზონში. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დატვირთვის გაძლება იოლი ნამდვილად არ არის, შემჭიდროებული გრაფიკით მოთამაშე კლუბები უკვე მიეჩვივნენ ყოველდღიურ რეჟიმში თამაშს, თუმცა... ის, რაც "ატლანტა ჰოუქსისა" და "იუტა ჯაზის" შეხვედრაში ვნახეთ, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 1997 წლის შემდეგ არ მომხდარა: გამარჯვებულის გამოსავლენად ოთხი ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო, მატჩი კი საერთო ჯამში 68 წუთს(!) გაგრძელდა! ეს დრამატული შეხვედრა "ატლანტას" გამარჯვებით - 139:133 დასრულდა. ჩვენთვის სასიამოვნო კი ის არის, რომ მასპინძელთა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ ორი პირადი რეკორდი დაამყარა - მოედანზე 54 წუთი დაჰყო და 15 ქულასთან ერთად, 20(!) მოხსნაც მიითვალა. ალ ჰორფორდის ტრავმის შემდეგ ზაზამ ძირითად შემადგენლობაში დაიბრუნა ადგილი, სათამაშო დროის გაზრდასთან ერთად კი სტატისტიკაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა და ორმაგ დუბლებსაც მოუხშირა. საქართველოს ნაკრების კაპიტანს NBA-ს გადატვირთულ კალენდარზეც ველაპარაკეთ, სანაკრებო ამბებზეც და, რა თქმა უნდა, იუტელ "ჯაზმენებთან" ჩატარებულ სარეკორდო შეხვედრაზეც.

- რაც NBA-ში ვარ, ასეთი გადატვირთული სეზონი არ მახსოვს, მოკლე პერიოდში ბევრი მატჩის გამართვა გვიწევს და დასვენებისთვის დრო, ფაქტობრივად, არ გვრჩება. საბედნიეროდ, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეთა უმრავლესობისგან განსხვავებით, ლოკაუტის დროს უქმად არ ვყოფილვარ, თურქეთში ვთამაშობდი და NBA-ს სეზონის განახლებას კარგ ფორმაში შევხვდი.

- ეს თქვენს გამძლეობასაც ეტყობა და გაუმჯობესებულ სტატისტიკასაც, მაგრამ "იუტასთან"  "დაუმთავრებელი" მატჩის გაძლება მაინც რთული იქნებოდა.

- თამაშამდე ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, თუ მატჩი ასე გაიწელებოდა. რეგულარული სეზონი დასასრულს უახლოვდება, მოთამაშეები გადაღლილები არიან და სიმართლე გითხრათ, არც ერთ გუნდს არ უნდოდა მოედანზე ამდენი საათის გატარება. გვერჩივნა, ძირითად დროში დასრულებულიყო მატჩი, ან პირველ ოვერტაიმში, ანდა მეორეში მაინც (იცინის)... "ატლანტასთვის" ის სამ დღეში მესამე მატჩი იყო, თუმცა, იუტელები კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაში იყვნენ, რადგან ჩვენთან მომქანცველი შეხვედრის შემდეგ, მეორე დღესაც თამაში უწევდათ. მატჩის მერე თანაგუნდელები რომელიმე რესტორანში მივდივართ და ვვახშმობთ, მაგრამ იმ დღეს ამ ტრადიციის დარღვევა მოგვიხდა, - როცა დარბაზიდან გამოვედით, უკვე ყველა რესტორანი დაკეტილი იყო და იძულებული გავხდით, შინ წავსულიყავით.

- "ჯაზმენებთან" შეხვედრა რამდენიმე პირადი რეკორდით დაასრულეთ: 54 წუთი, 20 მოხსნა და არც ერთი(!) შეცდომა.

- ამდენი დროისა და ენერგიის დახარჯვის შემდეგ ის მატჩი რომ წაგვეგო, ძალიან დამწყდებოდა გული და, ალბათ, პირადი მიღწევის გაუმჯობესებაც ნაკლებად გამიხარდებოდა. თამაშის დამთავრებისთანავე, გასახდელში "ატლანტას" პიარმენეჯერი შემოვიდა და სანამ სარეკორდო დროზე ან მოხსნებზე მეტყოდა რამეს, ხელით მანიშნა, 54 წუთში 0 შეცდომა გაქვსო. რისი დამსახურებაა? კლუბში ბევრს არ ვიღებ საკუთარ თავზე, ვცდილობ, სხვის ფუნქციებში კი არ "შევიჭრე", ჩემი საქმე შევასრულო მაღალ დონეზე. აქ "როლ ფლეიერს" უწოდებენ მოთამაშეს, რომელმაც იცის, რა ევალება და თავის საქმეს კარგად აკეთებს. მეცხრე წელიწადია NBA-ში ვთამაშობ, უკვე საკმაოდ გამოცდილი ვარ და ვიცი, როგორ უნდა ვითამაშო, როგორ მოვუტანო გუნდს მაქსიმალური სარგებელი. რაც მთავარია, ბოლო თვეებმა თავდაჯერება დამიბრუნა.

- ბოლო დროს "ატლანტას" მწვრთნელი ლარი დრიუ სულ თქვენს ქებაშია. არადა, სწორედ დრიუ არ იყო, ბოლო წლებში ძალიან ცოტა სათამაშო დროს რომ გაძლევდათ?

- ალ ჰორფორდი ტრავმირებულია, მაგრამ ამ პოზიციაზე სხვა კალათბურთელებსაც შეუძლიათ თამაში და მწვრთნელი ჩემით უკმაყოფილო რომ იყოს, ამდენს არ მათამაშებდა. რაც უფრო მეტ დროს ატარებ მოედანზე, მით მეტად გაფასებენ მეტოქეებიც, თანაგუნდელებიც, მაყურებელიც. ბურთიც კი უფრო ადვილად გემორჩილება.

- 2012 წელს უკვე რამდენიმე სტატისტიკური მონაცემი "დაამრგვალეთ": 600 მატჩი "ატლანტას" მაისურით, საკუთარ ფარზე მოხსნილი 2000 ბურთი... ასეთ რაღაცებს დიდ ყურადღებას აქცევთ?

- ძნელი საპოვნელია მოთამაშე, რომელიც თავისი სტატისტიკით არ ინტერესდება. ნამატჩევს მეც ვამოწმებ ხოლმე სტატისტიკურ მონაცემებს. ისე კი, ამ საქმით, ძირითადად, ჩვენი კლუბის პიარმენეჯერია დაკავებული და მნიშვნელოვან ციფრებს ის მატყობინებს. ჩატარებული მატჩების რაოდენობა ვიცოდი, მოხსნების სტატისტიკა კი თქვენგან შევიტყვე. სხვათა შორის, ამას წინათ მითხრეს, რომ იმ კალათბურთელების საუკეთესო ათეულში შევდივარ, ვისაც "ატლანტას" ისტორიაში ყველაზე მეტჯერ მოუხსნია ბურთი შეტევაში.

- ამას წინათ,  NBA-ს ერთ-ერთმა მიმომხილველმა "იუტა ჯაზის" კალათბურთელი ჯამალ ტინსლი ლეო მესის შეადარა. "ბარსელონის" სუპერვარსკვლავმა უკვე ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაშიც "შემოაღწია"?

- მესი მსოფლიო დონის ვარსკვლავია და წარმოუდგენელია, ვინმეს არ მოსწონდეს. "ბარსელონას" მოსისხლე მტრის, მადრიდის "რეალის" ფანებიც კი აღფრთოვანებული არიან არგენტინელის საოცარი თამაშით. სხვათა შორის, უკვე წლებია, "ბარსელონა" ჩემი საყვარელი კლუბია. 1995 წელს ჩვენმა მწვრთნელმა ზურაბ სამხარაძემ წაგვიყვანა ხუთი ბავშვი ბარსელონაში, საკალათბურთო ფესტივალზე. "კამპ ნოუც" დაგვათვალიერებინეს და კარგად მახსოვს, სტადიონის საფრიდან ბალახი მოვწყვიტე, მინდოდა, სამახსოვროდ წამომეღო, მაგრამ სამწუხაროდ, დავკარგე... "ბარსელონას" მას შემდეგ ვგულშემატკივრობ. სანამ კახა კალაძე თამაშობდა "მილანში", კატალონიელებთან ერთად მილანელებსაც ვქომაგობდი, ახლა კი მხოლოდ "ბარსას".

- "იუტასთან" მატჩის შემდეგ სამი შეხვედრის გამართვა მოასწარით: თქვენს ყოფილ კლუბ "მილუოკი ბაქსსა" და "ჩიკაგოსთან" წააგეთ, "ნიუ-იორკ ნიქსს" კი 100:90 მოუგეთ.

- "მილუოკისთან" ძალიან გადაღლილები ვიყავით, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ და 108:101 წავაგეთ, "ჩიკაგომ" აშკარად დაგვჯაბნა, "ნიუ-იორკთან" კი ჩვეული თამაში ვაჩვენეთ და აღმოსავლეთ კონფერენციაში ისევ მეექვსე ადგილზე ვართ. გვინდა, რაც შეიძლება მაღალი პოზიცია დავიკავოთ, რათა ფლეი-ოფში უპირატესობა გვქონდეს.

- ინტერვიუს ბოლოს ნაკრებსაც შევეხოთ: საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ეროვნული გუნდის სერბ თავკაც იგორ კოკოშკოვს ხელშეკრულება გაუგრძელა. ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი ხართ?

- რა თქმა უნდა. კოკოშკოვი მაღალი დონის მწვრთნელია, მოთამაშეებთანაც ადვილად გამონახა საერთო ენა და რაც მთავარია, დასახული ამოცანა შეასრულა, - ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა.