ფრეები ფრენის ნაცვლად - კვირის პალიტრა

ფრეები ფრენის ნაცვლად

თბილისის "დინამოს" მოგება დაავიწყდა. კი ბატონო, ბოლო მატჩებში თბილისურ კლუბს წაგებების გრაფაშიც ნული უწერია, მაგრამ ექვს თამაშში ექვსი ფრე მაინც მეტისმეტია! მით უმეტეს, მეორე ეტაპის ექვსი მატჩიდან ხუთი "დინამომ" საკუთარ მოედანზე ჩაატარა, ბოლო ოთხი შეხვედრა კი სულაც ერთნაირი ანგარიშით - 1:1 დაასრულა.მეორე ეტაპის ექვს შეხვედრაში გიორგი დევდარიანის შეგირდებმა მხოლოდ ექვსი ბურთი გაიტანეს.  საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის ხელმძღვანელობისთვის მთავარი სანერვიულოც სწორედ ეს უნდა იყოს - "დინამოს" მოედანზე "ფრენაც" უჭირს და გოლების გატანაც, ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ დინამოელებს სახიფათო მომენტების შესაქმნელადაც დიდი ძალისხმევა სჭირდებათ. ამის ნათელ მაგალითად ბოლო, რუსთავის "მეტალურგთან" გამართული შეხვედრაც გამოდგება: გულვერდ თომაშვილმა თბილისელები მატჩის დასაწყისშივე დააწინაურა, ამის შემდეგ კი დევდარიანის გუნდს მეტოქის კართან სახიფათო მომენტი აღარც შეუქმნია. სამაგიეროდ, მონდომება რუსთაველებს დაუფასდათ და 74-ე წუთზე გეწაძის გოლის შემდეგ მატჩი "დინამოსთვის" უკვე ტრადიციად ქცეული ანგარიშით - 1:1 დამთავრდა.

ობიექტურობისთვის აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ საკადრო პრობლემები "დინამოს" თითქმის ყველა მატჩში ჰქონდა ("მეტალურგთან" შეხვედრაში მერებაშვილი და ჩისკო აკლდა. - ავტ.), მაგრამ ამ მხრივ დალხენილები არც სხვა გუნდები ყოფილან და ეგეც რომ არა, სხვებთან შედარებით, თბილისურ კლუბს ბიუჯეტიც, არჩევანიც და ამბიციაც გაცილებით დიდი აქვს, ამიტომ მეტიც მოეთხოვება.

მორიგი ფრის შემდეგ, "დინამომ" მეოთხე ადგილამდე ჩამოინაცვლა. მას და "ტორპედოს" ახლა თანაბარი - 29-29 ქულა აქვთ და თუ ქუთაისელები 10 აპრილს "მერანს" "გახედნიან", კონკურენტს სამი ქულით ჩამოიტოვებენ. რაც შეეხება "მეტალურგს", მან ლიდერი "ზესტაფონის" წაფორხილებით (იმერლებმა "დილასთან" 2:3 წააგეს. -ავტ.) ისარგებლა და ჩემპიონს ახლა მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.