შერმადინი ერთი თვე "დაისვენებს" - კვირის პალიტრა

შერმადინი ერთი თვე "დაისვენებს"

გასულ კვირას იტალიის საკალათბურთო კლუბ "ბენეტ კანტუსთვის" ორი მნიშვნელოვანი რამ მოხდა. ტრავმის გამო გუნდს რამდენიმე კვირით გამოაკლდა გიორგი შერმადინი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, თუმცა, "კანტუმ" მის გარეშეც მოუგო "მონფერატოს" და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დამკვიდრდა.ახლა შერმადინისა და მანუჩარ მარკოიშვილის კლუბი გათამაშების ლიდერს - სიენას "მონტეპასკის" მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.

მართალია, სიენელებს ორი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული, მაგრამ თუ ერთმანეთთან შეხვედრაში "კანტუ" გაიმარჯვებს, ლიდერის შეცვლის კარგი შანსი ექნება. ესეც რომ არა, მთავარი იტალიის ჩემპიონატის ფინალური სერიის მოგებაა, იქამდე კი გუნდებს კიდევ არაერთი მატჩი აქვთ ჩასატარებელი. შეგახსენებთ, რომ სერია A-ს რეგულარული ჩემპიონატი 6 მაისს მთავრდება და უკვე დაზუსტებით შეიძლება თქმა, რომ გიორგი შერმადინი თანაგუნდელებს მხოლოდ ფლეი-ოფის დროს თუ შეუერთდება. საქართველოს ნაკრების ცენტრმა ვარჯიშისას მარჯვენა ფეხის თითი მოიტეხა და თაბაშირში ჩასმული ფეხით სიარული კიდევ კარგა ხანს მოუწევს. ამ უსიამოვნო ამბის გამო 216 სანტიმეტრი სიმაღლის კალათბურთელმა "მონფერატოსთან" მატჩს მხოლოდ ტრიბუნიდან ადევნა თვალი და დაძაბული ბრძოლის მოწმეც გახდა - ძირითადი ცენტრის გარეშე დარჩენილმა კანტუელებმა სასურველ სხვაობას მხოლოდ მეოთხე მეოთხედში მიაღწიეს და საბოლოოდ სტუმრები დაამარცხეს ანგარიშით 70:55. მანუჩარ მარკოიშვილმა მოედანზე 25 წუთი გაატარა და 7 ქულა, 3 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი მიითვალა.

P.S. ტრადიციისამებრ, მატჩის დასრულების შემდეგ, "კანტუს" მოთამაშეებმა რესტორანს მიაშურეს და ერთად ივახშმეს. მათთან ერთად იყო შერმადინიც. - ბიჭებს მოედანზე ვერ შევეხიდე და ნამატჩევს მაინც ხომ უნდა "დავხმარებოდიო", - გვითხრა გიორგიმ, როდესაც ტრავმის და "მონფერატოსთან" მატჩის შესახებ ამბების გამოსაკითხად დავურეკეთ.