კაცური კაცი არსენა! - კვირის პალიტრა

კაცური კაცი არსენა!

12 აპრილს არსენ მეკოკიშვილი 100 წლის გახდებოდა

როგორ გახდა "ჭირიანი" ბიჭი უძლეველი ფალავანი

ქართველ კაცს ჭიდაობის მეტი რა უნახავს, მაგრამ არსენ მეკოკიშვილის დარი ფალავანი ქართულ საჭიდაო თანავარსკვლავედშიც კი თითზე ჩამოსათვლელია. ეს იყო ბეჭდაუდებელი ფალავანი, რომლის მომრევი არ გამოჩენილა საერთაშორისო ასპარეზზე.

12 აპრილს არსენ მეკოკიშვილის დაბადებიდან 100 წელი სრულდება და იუბილეს აღსანიშნავად არაერთი ღონისძიებაც იგეგმება, ლეგენდარული ფალავნის გახსენება მის ვაჟს - გიორგი მეკოკიშვილს ვთხოვეთ:

- არსენ მეკოკიშვილი 1912 წლის 12 აპრილს, საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში დაიბადა. მამამისი, ფიდო მეკოკიშვილიც, სახელგანთქმული ფალავანი იყო. მოხუცები ამბობდნენ, მაგარია არსენა, მაგრამ ფიდოსთან რას მივა, ფიდო თვით სანდრო კანდელაკს დაეჭიდებოდაო. კანდელაკის სახელი იმ დროს მთელ კავკასიაში ქუხდა. ფიდოც გოლიათური აღნაგობის გახლდათ, ავადმყოფობა რა იყო, არ იცოდა, მაგრამ "ისპანკამ" ეს მთასავით კაცი მოინელა. არსენა ხუთი წლისა იყო, როცა მამა გარდაეცვალა და შრომას ადრიანად შეეჩვია - 6 წლისა უკვე საქონელს მწყემსავდა. მოგვიანებით იხსენებდა, ერთხელ, ურმის თვლის ქვეშ მოვყევი და რამდენიმე რთული ოპერაციის გადატანამ მომიწია, დიდხანს ვიავადმყოფე და გადავრჩიო. სოფელში ჭირიან ბავშვად მთვლიდნენ და თანატოლები ჩემთან თამაშს გაურბოდნენო.

- თუმცა, ეს "ჭირიანი" ბიჭი ჯერ თავისი სოფლის, მერე კი ქვეყნის უპირველეს ფალავნად იქცა...

-  მისი მომრევი არავინ იყო, რამდენჯერმე მოიგო საქართველოს ფალავნობა. კლასიკური ჭიდაობის შემდეგ ახალმა სახეობამ - სამბომ გაიტაცა, ბევრი რამით რომ ჰგავდა ქართულს: იგივე სარმები, ცერულები, კაურები, ფეხის გამოშლა, ჩახვევა, ჩაჭიდება... 1945 წელს კიდევ ერთი "ახალი ხილი" გამოჩნდა - თავისუფალი ჭიდაობა, აქაც უცვლელი ჩემპიონი იყო.

ჰელსინკის ოლიმპიადაზე მამა ისე გავიდა, რომ არც ერთ საერთაშორისო შეჯიბრებაში არ მიუღია მონაწილეობა, თუმცა, ხშირად ამბობდა, საბჭოთა კავშირის არათუ ჩემპიონი, პრიზიორიც კი პოტენციური მსოფლიო ჩემპიონიაო!  ეს ჰელსინკიშიც დაამტკიცა - ფინალამდე იოლად მოუგო უძლიერეს მეტოქეებს, გადამწყვეტ მატჩში კი ევროპისა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, "ჩრდილოელ გიგანტად" და "შვედ ლომად" წოდებული ბერტილ ანტონსონი დაამარცხა. ბერტილს სულ სამჯერ შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ "უძლეველი ვიკინგი" მასზე ათი წლით უმცროსი იყო, სამივეჯერ მოუგო.

- ჰელსინკის ოლიმპიადის ფინალზე კინაღამ რომ დააგვიანდა?!

- მას შემდეგ, რაც ნახევარფინალში ხუთ წუთში მოუმთავრა საქმე იტალიელ ნატალე ვეკის, მამას გამოუცხადეს, რომ ფინალი საღამოს გაიმართებოდა. უკვე ავტომანქანაში ჯდებოდა, რათა ოლიმპიურ სოფელში წასულიყო და დაესვენა, ამ დროს კი დიქტორმა ფინალური ორთაბრძოლის მონაწილეებს ხალიჩაზე უხმო! თუ სამ წუთში ხალიჩაზე არ გავიდოდა, წაგება ჩაეთვლებოდა.  მირბოდა და გზადაგზა იხდიდა. ასე, მოთელვის გარეშე გავიდა საჭიდაოდ. გავიდა და გავიდა - თავისუფალ ჭიდაობაში პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა!..

ცხოვრებაში ძალიან კეთილი და უწყინარი, ჭიდაობისას უაღრესად დაუნდობელი ხდებოდა. თანაკლუბელ მიხეილ გერასიმოვს სულ უგებდა და ამის გამო სინდისი ქენჯნიდა. ერთხელ, გერასიმოვის მორიგი დამარცხების შემდეგ, გასახდელში მივიდა მეტოქესთან და მხრებზე მოხვია ხელი: "ნუ გამიბრაზდები, მიშა, აბა რა შემიძლია?". მერე, მეგობარი რომ ენუგეშებინა, პერანგის მანჟეტებიდან თავისი საყვარელი საკინძეები მოიხსნა და გაუწოდა: "აიღე. მინდა, ყოველთვის კარგად გახსენდებოდე!".

- მელბურნის ოლიმპიადა რატომ გამოტოვა?

- ოლიმპიადისწინა შეკრების დროს, დარბაზში, სადაც სტალინის პიროვნების კულტის განხილვა მიმდინარეობდა, ცნობილმა ძალოსანმა არკადი ვორობიოვმა სტალინი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია, რის გამოც არსენამ, რომელიც თავისუფალ ჭიდაობაში სსრკ-ის ნაკრების უცვლელი კაპიტანი გახლდათ, მკაცრი პასუხი გასცა და ხელუკუღმა დარტყმით ვორობიოვი ბეჭებზე დააგდო. უდიდესი პატივისცემისა და პრივილეგიის მიუხედავად, მამა სწორედ ამ ამბების გამო არ წაიყვანეს მელბურნის ოლიმპიადაზე და მალევე დაასრულა კიდეც კარიერა, მოსკოვიდან წამოვიდა და სიცოცხლის ბოლომდე მშობლიურ სოფელში ცხოვრობდა.

- თქვენც წინაპრების კვალს გაჰყევით...

- მამას დიდად არ გახარებია, როცა მეც თავისუფალ ჭიდაობას მივყავი ხელი, მაგრამ არც ხელი შეუშლია. მიაჩნდა, რომ კაცმა თავად უნდა აირჩიოს ცხოვრების გზა. ბევრჯერ ვთხოვე, მაგრამ ერთხელაც არ ვუნახავვარ, როგორ გამოვდიოდი შეჯიბრებებში. ალბათ, ეშინოდა, ჩემი დამარცხების მომსწრე არ გამხდარიყო. ბოლოს, მაინც გავიგონე მისგან საქებარი სიტყვა. მამა ჰოსპიტალში იწვა, როცა ვახარე: "დინამოს" საკავშირო პირველობაზე ჩემპიონი გავხდი-მეთქი. სიხარულისგან ცრემლი მოერია: "ყოჩაღ, შვილო, ყოჩაღ, ნამდვილი ვაჟკაცი მყავხარ".

60-იანი წლები იყო. რთველზე სოფელში ჩავედი. მამა, რომელიც უკვე ხანში იყო შესული, ვენახში ტრიალებდა. მივეპარე და ბეჭებზე ხელი მოვხვიე: "დამიბერდი, მამი, დამიბერდი, მოდი, ერთი გამოგცდი-მეთქი". მყისიერად შეიცვალა და თვალის დახამხამებაში მიწაზე დამანარცხა. ილეთი გაგულისებით, ჭიდაობის ყველა წესის დაცვით იყო შესრულებული. არადა, მაშინ სპორტის ოსტატი, ქვემძიმე წონაში მოსკოვისა და სპორტსაზოგადოება "დინამოს" საკავშირო ჩემპიონი ვიყავი.

- ალბათ, არსენას სახელი არაერთხელ დაგხვედრიათ წინ...

- მამაჩემის შესახებ არაერთი წიგნი დაწერილა, მათ შორის, საზღვარგარეთაც, სადაც მის პიროვნულ ღირსებებსა თუ ჭიდაობაში ნაჩვენებ ფანტასტიკურ შედეგებზე აღფრთოვანებით წერდნენ. ესეც რომ არა, ჩემზე უკეთ მას ვინ იცნობდა? ამიტომაც მეხის გავარდნას ჰგავდა ერთ გაზეთში გამოქვეყნებული ცილისმწამებლური პასკვილი, რომელიც არა მარტო მამაჩემს ეხებოდა (სტატიაში ნათქვამია, თითქოს 40-იან წლებში არსენ მეკოკიშვილი და ცნობილი მოკრივე ნავასარდოვი პატიმრებს აწამებდნენ. - ავტ.). ნამდვილად არ მქონია სურვილი, ცილისმწამებელთა დონეზე დავშვებულიყავი, მაგრამ იძულებული გამხადეს იმავე გაზეთში სათანადო პასუხი გამეცა ავტორის ნაბოდვრისთვის. საბედნიეროდ და სიმართლის დასტურად, არც ერთ არქივში არ აღმოჩნდა ამ ბოროტი ცილისწამების დამადასტურებელი საბუთი, რის შემდეგაც, პასკვილის ავტორის მიერ პირველწყაროდ დასახელებულმა პირმა, ასევე გაზეთის მეშვეობით, ბოდიში მოიხადა. დიდმა ნიკო კეცხოველმა ბრძანა: "ცხოვრება ისე უნდა განვლო, თქვან, კაცური კაცი იყოო". ამას უთუოდ იტყვიან არსენ მეკოკიშვილზე...

ჩემპიონთა ჩემპიონი

არსენ მეკოკიშვილი იყო მძიმე წონაში საბჭოეთის 17-გზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობასა და სამბოში,  პირველი საბჭოთა ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში. სხვა სახელოვანი ფალავნების მსგავსად, არსენიც ქართული ჭიდაობიდან მოდიოდა, - ჩვენებური სარმის, ცერულის, შუაკაურ-გარეკაურების დიდოსტატმა არაერთი უძლიერესი ფალავანი "გააკრა" ბეჭებზე და ქართული ჭიდაობა მთელ მსოფლიოს გააცნო. 40 წლისა ჰელსინკიში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. არადა, მანამდე საერთაშორისო გამოცდილება თითქმის არ ჰქონია. მსოფლიო ჩემპიონი 42 წლისა, სსრკ-ის ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი კი 44 წლისა გახდა.