უკრაინას ფასები დაუწუნეს - კვირის პალიტრა

უკრაინას ფასები დაუწუნეს

უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი "ევრო-2012"-ის ერთ-ერთ მასპინძელს - უკრაინას ესტუმრა და აღშფოთება ვერ დამალა ადგილობრივი სასტუმროების მეპატრონეთა სიხარბით.ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელის თქმით, უკრაინულ სასტუმროებში ფასები კატასტროფულად გაიზარდა და ევროპის ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად ეს ტენდენცია მატულობს, რაც კონტინენტის პირველობაზე დასწრების მსურველთა რიცხვს მნიშვნელოვნად შეამცირებს. "რა თქმა უნდა, ამ პრობლემის აღმოფხვრა ჩემი კომპეტენცია არ არის, პრობლემას უკრაინის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა უნდა მიხედონ. იმედია, კონტრაქტების პირობები, რომლებიც სასტუმროების მეპატრონეებთან გავაფორმეთ, ბოლომდე შესრულდება," - თქვა უეფას პრეზიდენტმა. ახალი არავისთვის არის, რომ ისეთი დიდი ტურნირების დროს, როგორიც ევროპის ჩემპიონატია, მასპინძელ ქვეყანაში სასტუმროების ფასი ოთხ-ხუთჯერ იზრდება, მაგრამ უკრაინული სასტუმროების მფლობელებს მართლაც მეტისმეტი მოსდით: ზოგიერთმა სასტუმრომ 40-ევროიანი ნომრების ფასი 200-300 (!) ევრომდე უკვე გაზარდა, "ევრო-2012"-ის მიმდინარეობისას კი, სტანდარტულთან შედარებით, სასტუმროების ფასები 10-12-ჯერ უფრო მაღალი იქნება!