"ასეთი სათაურებისთვის ჯერ მზად არ ვარ" - კვირის პალიტრა

"ასეთი სათაურებისთვის ჯერ მზად არ ვარ"

ქართველი მორაგბე ევროპულ გრანდში ითამაშებს

რაც დრო გადის, ქართველი მორაგბეები მთელ მსოფლიოში სულ უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებენ და საფრანგეთის ჩემპიონატის უძლიერეს კლუბებში მათი მომრავლებაც აღარ გვიკვირს. ამიერიდან კი საქართველოს ბრიტანეთშიც ეყოლება ემისარი - ფრანგული "ფედერალ-1"-ის კლუბის - "ვალანს დ’აჟენის" მესამეხაზელი დიმიტრი ბასილაია ზაფხულიდან ევროპული რაგბის ერთ-ერთ გრანდს - შოტლანდიურ "ედინბურგს" შეუერთდება! 26 წლის მორაგბემ უკვე გააფორმა ორწლიანი კონტრაქტი კლუბთან, რომელმაც ცოტა ხნის წინ "ჰეინეკენის თასის" ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა და რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი მაიკლ ბრედლი ავარჯიშებს. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს დიმიტრი ბასილაიასთან, რომელმაც რუსებთან სარეკორდო სხვაობით მოგებული მატჩის დროს მკლავის ძვალი გაიბზარა და ხელი ჯერ ისევ თაბაშირში აქვს, თუმცა, ექიმები აიმედებენ, რომ მოედანს ორ კვირაში დაუბრუნდება.

- "ედინბურგს" თქვენი გადაბირება ჯერ კიდევ მიმდინარე სეზონის დაწყებამდე სურდა...

- როგორც კი საქართველოს ნაკრებმა 2011 წლის მსოფლიო თასზე გამოსვლა დაასრულა, "ედინბურგმა" მაშინვე შემომთავაზა ექვსთვიანი კონტრაქტი, მაგრამ "ვალანს დ’აჟენთან" პროფესიული ხელშეკრულება მაკავშირებდა და მას ვერ დავარღვევდი. მით უმეტეს, "ვალანსს" რვა ნომრის პოზიციაზე მხოლოდ ერთი მოთამაშე ჰყავდა ჩემი სახით, "ფედერალ-1"-ის კლუბებს კი უფლება არ აქვთ, ახალი მორაგბე სეზონის მსვლელობისას დაიმატონ და გუნდი რვა ნომრის გარეშე დარჩებოდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, უკეთესიც იყო, ფრანგებმა მაშინვე რომ არ გამიშვეს - ერთ კვირაში შოტლანდიელებისგან გაცილებით უკეთესი შემოთავაზება მივიღე: სეზონის დამთავრების შემდეგ შემოგვიერთდი და ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმოთო.

- "ედინბურგის" ოფიციალურ ვებგვერდზე დაწერეს - "ქართველთა მსოფლიო თასის ვარსკვლავი" დავიმატეთო... პირველი ქართველი მორაგბე ხართ, ვინც ბრიტანეთში ითამაშებს, იქ ჩვენი რაგბის სახე იქნებით და ორმაგი პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ...

- ერთი სული მაქვს, როდის შევუერთდები ახალ კლუბს. ორწლიან კონტრაქტს უკვე მოვაწერე ხელი, ივნისის დასაწყისში შოტლანდიაში უნდა ვიყო და მინდა, "ედინბურგში" საუკეთესო ფორმაში მყოფი ჩავიდე. "ვარსკვლავს" რაც შეეხება, ეს რომ წავიკითხე, ვიფიქრე, ვინმეში ხომ არ შევეშალე-მეთქი. ვფიქრობ, ასეთი სათაურებისთვის ჯერ მზად არ ვარ (იცინის). ახალი კლუბის და ქართველი გულშემატკივრის იმედები რომ გავამართლო, კიდევ ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაო. წარმატებული კარიერისთვის უკვე ყველანაირი პირობა მაქვს, დანარჩენი კი მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული...

- როგორ მიიღეთ ევროპული რაგბის ერთ-ერთი გრანდის მიწვევა?

- ბრიტანული რაგბი ბავშვობიდან მიტაცებდა და მიუხედავად იმისა, რომ მანამდე უელსური კლუბიც იყო დაინტერესებული ჩემი შეძენით, წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა, როცა "ედინბურგის" შემოთავაზების შესახებ გავიგე. მეგონა, "ფედერალ-1"-დან პირდაპირ ასეთ მაღალ საფეხურზე ასვლა წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ახლა დავრწმუნდი, რომ შეუძლებელი არაფერია.

- "ფედერალ-1"-ზე მაღალი დონის ჩემპიონატი არასდროს მოგისინჯავთ... ბრიტანეთის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში თამაში არ გაგიჭირდებათ?

- მსოფლიო თასამდე არც ინგლისის, შოტლანდიის, არგენტინის დონის გუნდებთან მითამაშია, მაგრამ მათთან შეხვედრისას შებოჭილი არ ვყოფილვარ. საერთოდ, ასეთი ხასიათი მაქვს - მოედანზე ყოველთვის უშიშრად, თავისუფლად ვგრძნობ თავს და ეს თვისება ახალ კლუბშიც დამეხმარება.

- "ედინბურგს" მაიკლ ბრედლი წვრთნის, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად...

- კონტრაქტის თანახმად, ბრედლის საქართველოს ნაკრებში 2011 წლის ბოლომდე უნდა ემუშავა, მაგრამ ხელშეკრულება ადრე სწორედ იმიტომ გაწყვიტა, რომ "ედინბურგმა" მიიწვია. ირლანდიელ სპეციალისტთან მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში ვივარჯიშე, მერე ტრავმა მივიღე და ნაკრებთან ერთად აღარ ვიყავი, მაგრამ ვინც  შედარებით დიდხანს იმუშავა მასთან, ძალიან კარგ მწვრთნელად და პიროვნებად ახასიათებენ. ბრედლი ქართველი მორაგბეების შესაძლებლობებს კარგად იცნობს და შოტლანდიურ კლუბში სწორედ მან მიმიწვია...

- ბრედლიმ სხვა ქართველ მორაგბესაც ხომ არ დაადგა თვალი?

- როგორც ვიცი, თავის დროზე შოტლანდიელები დავით კაჭარავას შეძენითაც იყვნენ დაინტერესებული, მაგრამ დათოს რამდენიმე დღის წინ ველაპარაკე და ახალი არაფერი უთქვამს. ასე რომ, ვერ გეტყვით, ისევ აქტუალურია თუ არა ეს საკითხი.

- 2011 წლის მსოფლიო თასზე ინგლისის ნაკრებთან გატანილ ლელოს როგორ გაიხსენებთ?

- უკვე წლებია, ინგლისელებს, განსაკუთრებით კი ჯონი ვილკინსონს ვქომაგობ და მოედანზე მათ წინააღმდეგ სათამაშოდ რომ გავედი, თავი ზღაპარში მეგონა. ლელოს გატანის შემდეგ ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიყავი, ოღონდ, მხოლოდ მოგვიანებით გავაცნობიერე, რა მოხდა. ის მომენტი კი, როგორ აღმოვჩნდი ინგლისელთა ჩათვლის მოედანში და როგორ დავამიწე ბურთი, საერთოდ არ მახსოვს. ის ლელო მთლიანად ჩვენი შერკინების დამსახურებაა - ყველაფერი ისე კარგად გააკეთეს, მე მხოლოდ ბურთის აღება და დამიწება დამრჩენოდა.

- მსოფლიო თასზე პირველად ითამაშეთ. ახალი ზელანდიიდან როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდით?

- ზელანდიელებმა საოცარი დახვედრა მოგვიწყვეს. ბევრად უფრო ცნობილ და ტიტულოვან ნაკრებებს არ დახვედრიან ისე, როგორც ბორჯღალოსნებს. ყველაზე დიდხანს მასტერტონში დავრჩით და ეს პატარა ქალაქი არასდროს დაგვავიწყდება. მიუხედავად იმისა, რომ მასტერტონში ერთი მატჩიც კი არ ჩაგვიტარებია, ქალაქის ყველა შენობა ქართული დროშებით იყო მორთული, ჩვენს პატივსაცემად არაერთი ღონისძიება გამართეს და ყოველ ნაბიჯზე უდიდეს სითბოს ვგრძნობდით. ზელანდია ულამაზესი ქვეყანაა, იქ გატარებული დრო არასდროს დამავიწყდება.

- მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა სწორედ იმ მატჩის დროს მიიღეთ, რუსეთთან ბოლო შეხვედრასაც სასიამოვნოდ უნდა იხსენებდეთ...

- რუსეთის ნაკრებთან მატჩს ყოველთვის მოუთმენლად ველით.  გადავსებული ტრიბუნების წინაშე კი ამჯერადაც განსაკუთრებულად მოვინდომეთ. სარეკორდო სხვაობით გამარჯვება ამის "ბრალიც" არის. ასეთი მხარდაჭერისთვის გულშემატკივრის მადლობელი ვართ,  მაგრამ კარგი იქნება, ამდენი მაყურებელი მხოლოდ რუსებთან კი არა, სხვა თამაშების დროსაც მოვიდეს...

- აღდგომის დღესასწაულს საფრანგეთში შეხვდებით? (ინტერვიუ ჩაწერილია 13 აპრილს. - ავტ.).

- დიახ, სააღდგომოდ საქართველოდან დედა მესტუმრა და ამ უდიდეს დღესასწაულს ერთად აღვნიშნავთ. სხვათა შორის, დედაჩემის ჩამოსვლა არანაკლებ გაუხარდათ ჩემს თანაგუნდელებსაც - რამდენიმე თვის წინ საქართველოდან ჩამოტანილი თაფლის არაყი გავასინჯე, მას შემდეგ სულ ამაზე ლაპარაკობენ და ერთი სული ჰქონდათ, კიდევ როდის მესტუმრებოდა ვინმე (იცინის). მინდა, ყველა ქართველს მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და უფლის წყალობა ვუსურვო. ქრისტე აღდგა!