ქართველებმა ევროპა აიღეს! - კვირის პალიტრა

ქართველებმა ევროპა აიღეს!

მეტისმეტად ხმაურიანი სათაური კი გამოგვივიდა, მაგრამ ქართული კლუბებისა და ეროვნული ნაკრების უსუსური ფაფხურის ფონზე, ჩვენი თანამემამულეების

(თუნდაც საკლუბო დონეზე) მცირედი წარმატებაც კი გვახარებს. მით უმეტეს, ჩვენებურებმა იმისთანა ხმაურიან გამარჯვებებში დაიდეს წილი, ევროპულ ფეხბურთს კარგა ხანია აღარ ახსოვს.

გასული კვირის, და შესაძლოა, მთელი მიმდინარე სეზონის ყველაზე დიდი სენსაცია ბარსელონაში, "კამპ ნოუზე" გამოცხვა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, "ბარსელონამ" ყაზანის "რუბინს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. რუსეთის მოქმედი ჩემპიონის შემადგენლობაში, მატჩი სრულად ჩაატარა ლაშა სალუქვაძემ, რომელსაც მრისხანე ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და ლეო მესის წინააღმდეგ უწევდა თამაში და დავალებას თავი ჩინებულადაც გაართვა.

მატჩს სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა თვალს კიდევ ერთი ქართველი - "რუბინის" მეორე მეკარე ნუკრი რევიშვილი. ყურბან ბერდიევის შეგირდებმა წინა ტურში მილანის "ინტერს" აართვეს ქულა, "ბარსელონას" კი სულაც "კამპ ნოუზე" მოუგეს და ჯერჯერობით, ცხრილში "ინტერზე" წინ არიან.

გასულ კვირას, ჩემპიონთა ლიგაში კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშა. სამწუხაროდ, ლადო დვალიშვილის "მაქაბიმ" "რუბინივით" ვერ ივარგა და "იუვენტუსთან" 0:1 დამარცხდა. ქართველი ფორვარდი ერთ-ერთი საუკეთესო იყო თანაგუნდელთა შორის და თავის გამოჩენაც შეეძლო, თუმცა, ჯან ლუიჯი ბუფონმა ისეთი ბურთები აუღო, გასაკვირი არ არის, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ რომ დაასახელეს.

ჩემპიონთა თუ არა, გოლის გატანა ქართველებმა ევროპის ლიგაზე მაინც შეძლეს. თანაც რომელიმე თავდამსხმელმა კი არა, ზურაბ მენთეშაშვილმა. თელ-ავივის "ჰაპოელმა" 5:1 მოუგო ვენის "რაპიდს", ებრაული კლუბის ქართველმა ლეგიონერმა კი თავის გამოჩენა მაშინ შეძლო, როცა ანგარიში 1:1 გახლდათ.

მოიგო ტირასპოლის "შერიფმაც". მოლდაველებმა ჰოლანდიის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს - "ტვენტეს" გამოუყვანეს წირვა - 2:0 და ახლა, ქვეჯგუფში მხოლოდ თურქულ "ფენერბაჰჩეს" ჩამორჩებიან. ტირასპოლელთა კაპიტანი და სიმბოლო ვაჟა თარხნიშვილი გახლავთ, რომელიც 90 წუთის განმავლობაში ჩვეულად საიმედო გახლდათ. ამ ამბებში კი, სასიხარულოსთან ერთად, საოცარი ის არის, რომ ევროთასებზე მოთამაშე ქართველი ფეხბურთელებიდან, მხოლოდ ლადო დვალიშვილია ისეთი, ბოლო დროს ეროვნულ ნაკრებში რომ იძახებენ...