ვუდსი პირველი მილიარდერი სპორტსმენია - კვირის პალიტრა

ვუდსი პირველი მილიარდერი სპორტსმენია

გოლფის ვარსკვლავი - ტაიგერ ვუდსი პირველი სპორტსმენია, რომელმაც კარიერის განმავლობაში მოხვეჭილი თანხით ერთი მილიარდი დოლარი მოაგროვა. 13

წელიწადია, ტაიგერი გოლფს პროფესიულ დონეზე თამაშობს და საპრიზო და სარეკლამო შემოსავლით გვარიან თანხას მოუყარა თავი.

მსოფლიოს წამყვანი კომპანიები ვუდსს დიდი სიამოვნებით სთავაზობენ სარეკლამო კონტრაქტებს, გარდა ამისა, ბოლო პერიოდში, ის ფულს გოლფის მოედნების მშენებლობითაც შოულობს. ტაიგერს მიმდინარე წლის გაზაფხულზე "უწინასწარმეტყველეს", რომ მისი ქონება მილიარდ დოლარს 2011 წლისთვის მიაღწევდა, თუმცა, როგორც ჩანს, გოლფის ვარსკვლავს ეკონომიკური კრიზისის პირობებშიც კი ისეთი შემოსავალი აქვს, "გეგმა" გადაჭარბებით, ორი წლით ადრე შეასრულა.

წლიური შემოსავლის მიხედვით, ტაიგერ ვუდსი მეორე ადგილზე მყოფ კობი ბრაიანტს ორჯერ უსწრებს. ამიტომაც, ძნელი წარმოსადგენია, უახლოეს მომავალში სპორტსმენთაგან ვინმემ გოლფის ვარსკვლავთან მიახლოება შეძლოს. ახალი რეიტინგი საახალწლოდ გახდება ცნობილი, ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების წლევანდელი შემოსავალი კი ასე გამოიყურება:

ტაიგერ ვუდსი (გოლფი)     -              110 მლნ დოლარი

კობი ბრაიანტი (კალათბურთი)    -      45 მლნ

მაიკლ ჯორდანი (კალათბურთი)    -    45 მლნ

კიმი რაიკონენი (ავტორბოლა)    -       45 მლნ

დევიდ ბექჰემი (ფეხბურთი)    -          42 მლნ

ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი)    -    40 მლნ

ფილ მიკელსონი (გოლფი)    -            40 მლნ

მენი პაკიაო (კრივი)    -                     40 მლნ

ვალენტინო როსი (მოტორბოლა)    -   35 მლნ

როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი)    -    33 მლნ