SMS-ა, გადის ესა - კვირის პალიტრა

SMS-ა, გადის ესა

რობენს "იუვენტუსში" არ უნდა

მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი არიენ რობენი ამჟამინდელ კლუბში თავს კარგად გრძნობს და სხვა კლუბში გადასვლას არ აპირებს. ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ეს თავად აცნობა ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობას, რომელიც უკვე კარგა ხანია რობენის გადაბირებას ცდილობს. თუმცა, უარიც არის და უარიც - ჩინებული ტექნიკის მქონე ჰოლანდიელმა ტურინელებს უარი... SMS-ით შეუთვალა! "ბებერმა ქალბატონმა" რობენს სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა და წლიურ გასამრჯელოდ 5 მილიონ ევროსაც დაჰპირდა, მაგრამ არიენი ირწმუნება, რომ კარიერის ამ ეტაპზე "იუვენტუსში" თამაშის პერსპექტივა ოდნავადაც არ ხიბლავს. 28 წლის ფეხბურთელმა ტურინული კლუბის ბოსებს მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, მიმზიდველი წინადადებისთვის მადლობა მოახსენა და განუმარტა, რომ მიუნხენის დატოვებას არ აპირებს. მეტიც, როგორც გერმანელი ჟურნალისტები ირწმუნებიან, მიმდინარე სეზონის ბოლოს ჰოლანდიელი "ბაიერნთან" კონტრაქტს 2015 წლამდე გაახანგრძლივებს. მართალია, მიუნხენურმა გრანდმა ფაქტობრივად დაკარგა გერმანიის ჩემპიონობის შანსი, მაგრამ სამაგიეროდ, ქვეყნის თასის ფინალი აქვს სათამაშო და შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩშიც ვიხილოთ. შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირის წლევანდელი ფინალი სწორედ მიუნხენის "ალიანს არენაზე" გაიმართება და თუ გერმანელებმა მადრიდის "რეალის" გამწარება განმეორებით ნახევარფინალშიც შეძლეს, ფინალს საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ.