ავსტრიიდან გერმანიისკენ ვიყურებით - კვირის პალიტრა

ავსტრიიდან გერმანიისკენ ვიყურებით

4 მაისიდან საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ჩაერთვება ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპში, რომელსაც სლოვენია უმასპინძლებს. ჩვენი გუნდი A ჯგუფში ითამაშებს გერმანიასთან, საფრანგეთსა და ისლანდიასთან ერთად, B ჯგუფიდან გასასვლელად კი მასპინძელი სლოვენია, ჰოლანდია, ბელგია და პოლონეთი იბრძოლებენ. ქართველი ჭაბუკები კვირას, გამთენიისას ავსტრიაში გაემგზავრნენ და სლოვენიის საზღვართან მდებარე პატარა ქალაქ სენტ-ვაიტში დაბანაკდნენ. ჩვენი ნაკრები იქ 2 მაისამდე დარჩება, მერე კი ლიუბლიანაში გაემგზავრება. სწორედ სლოვენიის დედაქალაქში ჩაატარებენ ქართველები ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს გერმანელ თანატოლებთან, მერე კი ოდნავ ჩრდილოეთით გადაინაცვლებენ და საფრანგეთისა და ისლანდიისთვის ქულების ართმევას ქალაქ დომჟალეში შეეცდებიან. ავსტრიული შეკრებისას ჩვენი გუნდი ორ საკონტროლო შეხვედრასაც ჩაატარებს: 25 აპრილს რეგიონის 19-წლამდელთა ნაკრებს შეხვდება, 28-ში კი პირველ მეტოქეზე ერთი წლით უმცროსებს მოუსინჯავს კბილს.

წარმატებას დანატრებული ქართული ფეხბურთისთვის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრაც კი (თუნდაც ამ ასაკში) დიდი გამარჯვებაა, მაგრამ ქართველ 17-წლამდელთა თავკაცი ვასილ მაისურაძე ამბობს, რომ მისი გუნდი სულაც არ აპირებს, სლოვენიაში "ექსკურსანტის" სტატუსით ყოფნას დასჯერდეს. მაისურაძის თქმით, მისი გუნდი ახლა მხოლოდ გერმანიასთან მატჩზე ფიქრობს, ფრანგებისა და ისლანდიელებისთვის კი მხოლოდ სადებიუტო მატჩის შემდეგ "მოიცლის". "გერმანიასთან მატჩის შედეგს ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუ დადებით შედეგს მივაღწიეთ, ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი გაგვიჩნდება. გერმანიის ნაკრების მიერ ჩატარებული მატჩების ვიდეოჩანაწერები ვნახეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქმე უძლიერეს მეტოქესთან გვაქვს, მაგრამ ჩვენ მხოლოდ მოსაგებად ვიბრძოლებთ", - თქვა ახალგაზრდა მწვრთნელმა ავსტრიაში გამგზავრების წინ მოწვეულ პრესკონფერენციაზე. სამწუხაროდ, უკვე დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ტრავმის გამო ნაკრებს ცენტრალური მცველი სანდრო გურეშიძე დააკლდება. თუმცა, მწვრთნელის განკარგულებაში 20 ფეხბურთელი იქნება და იმედია, ჩვენი 17-წლამდელები კიდევ შეძლებენ საფეხბურთო ევროპის გაოცებას. შეგახსენებთ, სლოვენიის საგზურისთვის ბრძოლაში ვასილ მაისურაძის შეგირდებმა ესპანეთი, ინგლისი და უკრაინა ჩამოიტოვეს!

A ჯგუფი

4 მაისი

ლიუბლიანა. საქართველო-გერმანია

დომჟალე. საფრანგეთი-ისლანდია

7 მაისი

ლიუბლიანა. გერმანია-ისლანდია

დომჟალე. საფრანგეთი-საქართველო

10 მაისი

ლიუბლიანა. საფრანგეთი-გერმანია

დომჟალე. საქართველო-ისლანდია

P.S. 13 მაისს ჯგუფების გამარჯვებულები მეორე  ჯგუფის მეორეადგილოსნებს შეხვდებიან ნახევარფინალში. ფინალი კი 16 მაისს გაიმართება.