თურქაძის თურქული ბრინჯაო - კვირის პალიტრა

თურქაძის თურქული ბრინჯაო

სპორტის სხვა სახეობების მსგავსად, დასასრულს მოკრივეთა სალიცენზიო ტურნირებიც მიუახლოვდა. შარშან ბაქოში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი ქართველმა მოკრივეებმა ულიცენზიოდ ჩაამთავრეს, ამიტომაც ლონდონის ოლიმპიადაზე მოხვედრის ერთადერთ შანსად ტრაბზონში გამართული საერთაშორისო სალიცენზიო ტურნირი რჩებოდათ.ბოლო სალიცენზიო შეჯიბრებისთვის მზადება ჩვენმა ნაკრებმა იანვრიდან დაიწყო, შეკრებები ბაკურიანში, სომხეთსა და უკრაინაში გაიარა, თუმცა... თურქეთში ჩასული რვა ქართველი მოკრივიდან ოლიმპიადის ლიცენზიას მხოლოდ მერაბ თურქაძე (56 კგ) შესწვდა. ჩეხ და რუმინელ მეტოქეებს თურქაძემ საკმაოდ იოლად აჯობა და ნახევარფინალის საგზურთან ერთად "ლონდონი-2012"-ის საგზურიც (ამ წონით კატეგორიაში ლიცენზიას ოთხი საუკეთესო ინაღდებდა. - ავტ.) გაიფორმა. როგორც ჩანს, ახალგაზრდა ქართველი ამან ისე გაახარა, რომ ასპარეზობის გაგრძელება აღარც უფიქრია და ნახევარფინალურ ორთაბრძოლაზე აღარ გამოცხადდა. ამგვარად, ლონდონის ოლიმპიადაზე ქართულ კრივს მისი სახით ერთადერთი წარმომადგენელი ეყოლება. რაც შეეხება მიხეილ კაზანჯიანს (49 კგ), სევერიან ჭილაძეს (52 კგ), კობა ფხაკაძეს (60 კგ), ზაალ კვაჭატაძეს (69 კგ), ჯაბა ხოსიტაშვილს (75 კგ), იაგო კიზირიას (81 კგ) და მიხეილ ბახტიძეს (მძიმე წონა), ოლიმპიადაზე მოხვედრამდე მინიმუმ ოთხი წელი მოუწევთ მოცდა.