სალიცენზიო ფილოსოფია - კვირის პალიტრა

სალიცენზიო ფილოსოფია

ოქრო და ლიცენზიები ბულგარეთიდან

სოფიაში ჩატარებული სალიცენზიო ტურნირი საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა წარმატებით ჩაამთავრა. პრინციპში, "ნაკრები" ხმამაღალი ნათქვამია, რადგან ბულგარეთის დედაქალაქში მხოლოდ სამმა ჩვენებურმა - ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (55 კგ), ზურაბ იაკობაშვილმა (66 კგ) და გიორგი გოგშელიძემ (96 კგ) იჭიდავა. დანარჩენ ოთხ წონაში ოლიმპიადის საგზურები უკვე განაღდებული გვქონდა, წონითი კატეგორიების "სრული კომპლექტის" შესავსებად კი მწვრთნელებმა ბულგარულ ტურნირზე ამ სამ მოჭიდავეს უხმეს და მიზანს ორი მესამედით უწიეს, - ლონდონის ოლიმპიადაზე სრული შემადგენლობით გასამგზავრებლად საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს მხოლოდ ერთადერთი ლიცენზია (66 კგ წონით კატეგორიაში) აკლია. ზაზა თურმანიძის გუნდს ამ დანაკლისის შევსების შანსი მალევე, კიდევ ორჯერ მიეცემა: 27-29 აპრილს სალიცენზიო ტურნირს ჩინეთის ქალაქი ტაიუანი უმასპინძლებს, ერთი კვირის შემდეგ კი ჰელსინკი.

რაც შეეხება ხინჩეგაშვილსა და გოგშელიძეს, მათთვის წილისყრაც იღბლიანად ჩატარდა და ლიცენზიისთვის აუცილებელი ნორმატივი - ფინალში გასვლაც ადვილად შეასრულეს.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილს კენჭისყრამ სულაც მეოთხედფინალური ეტაპიდან არგუნა ასპარეზობაში ჩაბმა. მას შემდეგ კი, რაც მიყოლებით დაამარცხა ესპანელი ფრანჩესკო ხავიერ სანჩეს პარა და გერმანელი მარსელ ევალდი და ლიცენზია გაინაღდა, ახალგაზრდა ქართველმა ფინალშიც იოლად იმარჯვა თურქ აჰმეთ პეკერთან. თანაც, ოქროს მედალი ისე მოიპოვა, რომ მეტოქეებისთვის სეტიც კი არ დაუთმია. გიორგი გოგშელიძეს შედარებით ძლიერი მეტოქეები ჰყავდა, მაგრამ იმაში გაუმართლა, რომ უმთავრესი კონკურენტები - რუსი აბდუსალამ გადისოვი და აზერბაიჯანელი ასლანბეკ ალბოროვი წილისყრამ ფინალამდე აარიდა. მოლდაველი, უნგრელი და გერმანელი მეტოქეების დამარცხების შემდეგ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონსა და პეკინის ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსან ქართველს ფინალში სწორედ ევროპის წლევანდელმა ჩემპიონმა გადისოვმა მოუგო. თუმცა, მთავარია, რომ თურმანიძის შეგირდები სოფიიდან იმით ბრუნდებიან, რისთვისაც ჩავიდნენ და იმედია, ცოტა ხანში ლიცენზია 66 კგ-შიც გვექნება. როგორც ყოველთვის, "თავისუფლების" შემდეგ, ხალიჩა სოფიაშიც ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს დაეთმოთ. ჩვენი გაზეთის ფორმატიდან გამომდინარე, ბეგი დარჩიას გუნდის გამოსვლაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ის კი აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ სოფიაში გამგზავრებამდე "ბერძენ-რომაელებს" მხოლოდ ერთადერთი ლიცენზია ჰქონდათ მოპოვებული და ისიც სწორედ იმ (66 კგ) წონაში, რომელიც თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს აკლია.