ძიუდოც და ჭიდაობაც მშვიდია - კვირის პალიტრა

ძიუდოც და ჭიდაობაც მშვიდია

ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია!

გასულ კვირას საოლიმპიადო გუნდები ქართველმა ძიუდოისტებმაც შეავსეს და თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმაც.  ოლიმპიური ლიცენზია ორივეგან 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში გვაკლდა და  ორივე სახეობაში სრული შემადგენლობით ვიჭიდავებთ. ძიუდოისტებმა (კონკრეტულად კი ლაშა შავდათუაშვილმა. - ავტ.) ლიცენზია რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატიდან "წამოიღეს", "თავისუფლებს" კი ბოლო, მეშვიდე ლიცენზია ვეტერანმა ოთარ თუშიშვილმა ჩინეთის ქალაქ ტაიუანში ჩატარებულ სალიცენზიო ტურნირზე მოუტანა. სხვათა შორის, ლონდონის საგზურთან ერთად შავდათუაშვილმა ჩელიაბინსკში ბრინჯაოს მედალიც "ჩაიჯიბა". ტურნირის პირველ დღეს ბრინჯაო ამირან პაპინაშვილმაც (60 კგ) მოიგო. მაგრამ რაც მთავარია, შაბათს ვარლამ ლიპარტელიანი (90) ევროპის ჩემპიონი გახდა, ლევან ჟორჟოლიანმა კი ვერცხლი მოიპოვა! გაზეთის ფორმატიდან გამომდინარე, კვირას ჩატარებული გუნდური პირველობის შედეგებზე ვერაფერს გეტყვით.