პეპი? არა - ტიტო! - კვირის პალიტრა

პეპი? არა - ტიტო!

გვარდიოლა "ბარსელონას" ტოვებს

ბოლო დღეებია, "ბარსელონას" ბანაკიდან კარგი არაფერი ისმის: საკუთარ მოედანზე "რეალთან" წაგება და ამ უკანასკნელისთვის ჩემპიონობის გადაბარება, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან გამოვარდნა და რაც მთავარია, ხოსეპ გვარდიოლას გარეშე დარჩენა! დიახ, კატალონიური კლუბის 41 წლის თავკაცმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მშობლიურ კლუბს დატოვებს. პეპ გვარდიოლამ "ბარსელონის" თავკაცად ოთხი წელი იმუშავა, ახლა კი... "გადაწყვეტილება კარგა ხნის წინ, ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე მივიღე. თუმცა, მისი გახმაურება მხოლოდ ახლა, მას შემდეგ გავბედე, რაც ესპანეთის ჩემპიონობის შანსი დავკარგეთ და ჩემპიონთა ლიგასაც დავემშვიდობეთ", - ამბობს მწვრთნელი, რომელმაც ოთხ წელიწადში 13 ტიტული მოიგო, - ორ-ორჯერ ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი, ზედიზედ სამჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, მოიგო ქვეყნის სამეფო თასი და სუპერთასი, გაიმარჯვა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში.

სად მიდის? ჯერ არ იცის: "ბარსელონაში" კონტრაქტის ამოწურვამდე, ანუ 30 ივნისამდე დავრჩები, მერე კი უნდა დავისვენო. როდემდე? არც ეგ ვიცი. ერთის თქმა შემიძლია, - საზღვარგარეთ წასვლას არ ვაპირებ", - განაცხადა გვარდიოლამ. თავად მიაჩნია, რომ დასამტკიცებელი არაფერი აქვს, მაგრამ, სანამ პეპის მუშაობას სხვა გუნდში არ შეაფასებენ, ფეხბურთის მოყვარულთა დიდ ნაწილს იქამდე შეაწუხებს კითხვა, რას წარმოადგენს ხოსეპ გვარდიოლა "ბარსელონისა" და მისი ვარსკვლავური შემადგენლობის გარეშე? მან შექმნა ეს ფანტასტიკური გუნდი თუ პირიქით, "ბარსელონამ" შექმნა ის, როგორც მწვრთნელი? ამას სწორედ მისი ახალი კარიერა თუ გვიჩვენებს.

და მანამდე? 1-ლი ივლისიდან "ბარსას" გვარდიოლასავით ძველ-ახალი მწვრთნელი, მასავით კატალონიის აღზრდილი ტიტო ვილანოვა ჩაიბარებს. ვილანოვას მთავარ მწვრთნელად არსად უმუშავია, ერთი სეზონი "ბარსელონა  II"-ის მწვრთნელის დამხმარე იყო, 2008 წლიდან დღემდე კი გვარდიოლას ასისტენტად მუშაობდა.