ამ ბიჭებთან კარგად შეიძლება "ზელანდიური საიდუმლოს" გამოყენება " - კვირის პალიტრა

ამ ბიჭებთან კარგად შეიძლება "ზელანდიური საიდუმლოს" გამოყენება "

"ქართველი მძღოლები და მათი მართვის "სტილი" დღემდე გამოცანაა ჩემი ოჯახისთვის"

დილის ათი საათია, ჩვენ კი უკვე სარაგბო ბაზა "შევარდენში" ვართ: მე, მილტონ ჰეიგი და რაგბის კავშირის საერთაშორისო ურთიერთობათა მენეჯერი ნატალია კურტანიძე. საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელ თავკაცს ნატალიას დახმარებით ვესაუბრები. თუმცა, პირველივე წუთიდან ვატყობ, ჰეიგთან კომუნიკაცია ჩემი "საშუალო დონის"    ინგლისურითაც არ გამიჭირდებოდა, მილტონ ჰეიგი საინტერესო რესპონდენტია - გულღია, გულწრფელი და მხიარული. ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ ამაში თავადაც დარწმუნდებით.

- რატომ ჩამოვიდა მილტონ ჰეიგი საქართველოში სამუშაოდ?

- ახალი ზელანდიის რაგბის კავშირიდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ საქართველოს რაგბის კავშირს ზელანდიელი მწვრთნელის მიწვევა სურდა. დავინტერესდი, რადგან ვიგრძენი, რომ ჩემს კარიერაში ეს ახალი ნაბიჯი, ახალი გამოწვევა იქნებოდა. ნაკრებთან მუშაობის სურვილი ყოველთვის მქონდა. მით უმეტეს, 2011 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსანთა გამოსვლას თვალს ვადევნებდი და კარგად დავინახე, "ახალზელანდიური საიდუმლოს" გამოყენება ამ ბიჭებთან კარგად შეიძლება.

- შემოთავაზება 2011 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე მიიღეთ თუ შემდეგ?

- მსოფლიო თასის შემდეგ. ჩემთვის დიდი პატივია არჩევანი ჩემზე რომ შეჩერდა და აქ ჩამოსვლის შესაძლებლობა მომეცა. ჩვენთვის ეს ერთგვარი თავგადასავალიც არის და, რა თქმა უნდა, პროფესიული გამოცდილებაც.

- კარგა ხანს აქ, სარაგბო ბაზაში ცხოვრობდით. სარაგბო ატმოსფეროსგან წუთით მოწყვეტაც არ გინდოდათ თუ სხვა მიზეზი იყო?

- სანამ ჩემი ოჯახი ჩამოვიდოდა, "ერთა თასის" მატჩების დროს ჩემთვის გაცილებით მოსახერხებელი იყო აქ ცხოვრება. ცოტა ხნის წინ ჩემი ოჯახიც გადმოვიდა საქართველოში საცხოვრებლად და ბინა მთაწმინდის პარკის ქვემოთ ვიქირავეთ. ძალიან კარგი ადგილია.

- წლის უმეტეს ნაწილს საქართველოში ატარებთ. ეს თქვენი სურვილი იყო თუ რაგბის კავშირის მოთხოვნა?

- არა, ასე თავად გადავწყვიტე. საქართველოში ვმუშაობ და აუცილებელია, აქვე ვიცხოვრო, რათა უკეთ გავითავისო აქაური გარემო, მისი ნაწილი გავხდე. ვცდილობ, ქართულად ვილაპარაკო, ქართულად ვიცხოვრო. ბავშვები სწავლას თბილისის სკოლაში გააგრძელებენ.

- აქაური სიტუაცია დიდად განსხვავდება იმისგან, რასაც ელოდით?

- ზელანდიის მსოფლიო თასზე ნანახის გარდა, საქართველოს ნაკრებზე ვიდეოფირებითაც მქონდა წარმოდგენა. ასე რომ, ის დამხვდა, რასაც ველოდი. ჩვენი მიზანია თამაშის გაშლა, ხაზის მოთამაშეების უფრო აქტიურად ჩართვა თამაშში და მუშაობაც ისე მიდის, როგორც ვფიქრობდი.

- თქვენი შეგირდები ახალ სისტემას სწრაფად ითვისებენ?

- საკმაოდ სწრაფად. სიამოვნებთ კიდეც ეს ყველაფერი. ერთმანეთის კარგად გასაცნობად დრო დაგვჭირდა და ეს დრო საბაზო უნარების დახვეწას მოვანდომეთ, - ზუსტი გადაცემის შესრულება ზეწოლის დროსაც უნდა შეგვეძლოს. ზოგიერთს არ გამოსდიოდა ეს, მაგრამ როცა მიხვდნენ, რა ადვილად შეიძლება ამის გაკეთება, უფრო გაუადვილდათ.

- ესპანეთთან წაგების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა "ერთა თასზე" ყველა მატჩი მოიგო. ეს იმის დამსახურებაა, რომ პირველი  თამაშის შემდეგ გუნდში გამოცდილი მოთამაშეები დააბრუნეთ თუ იმის, რომ შეცდომები დაინახეთ და აღმოფხვერით?

- ორივე ერთად. ესპანეთთან თამაში პირველი იყო ნაკრებისთვის ჩემი ხელმძღვანელობით და მორაგბეები ძალიან ნერვიულობდნენ. მათთვის რთული იყო ცივსისხლიანად თამაში და დავალებების ზუსტად შესრულება. იმ მატჩის შემდეგ უფრო მეტი დრო დავუთმეთ სათამაშო გეგმაზე ლაპარაკს და გეგმაზომიერ ვარჯიშს. გარდა ამისა, პორტუგალიასთან მატჩისთვის ნაკრებში გამოცდილი მოთამაშეები დავაბრუნეთ, შერკინების შემადგენლობაც თითქმის მთლიანად შეიცვალა და მთლიანობაში ამ ყველაფერმა მოახდინა გავლენა მომდევნო მატჩების შედეგებზე. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ ესპანეთთან მატჩისთვის შერჩეულ შემადგენლობაში შერკინების მოთამაშეთა უმრავლესობა შედარებით გამოუცდელი, ახალგაზრდა მორაგბეები იყვნენ, რომლებიც ნაკრების მომავალს წარმოადგენენ. მათ დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ.

- ზელანდიელი ხართ, ამ ქვეყნის წარმომადგენლებს კი რაგბიში მუდამ ბევრი მოეთხოვებათ.

- ამის გამო შებოჭილი ნამდვილად არა ვარ. მეც და კრის გიბსსაც გულწრფელად გვჯერა, რომ შეგვიძლია, ის გამოცდილება, რაც ახალზელანდიური რაგბიდან გვაქვს, ქართული რაგბის უფრო მაღალ დონეზე ასაყვანად გამოვიყენოთ. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ნაკრებს უკვე რეალური შანსი აქვს ტოლსწორად ეთამაშოს მაღალი ეშელონის ნაკრებებს, თუნდაც შოტლანდია და იტალია დაამარცხოს. ქართველი მორაგბეებისთვის სწრაფი, გაშლილი, ტექნიკური თამაშის სწავლება შედეგს აუცილებლად მოიტანს.

- რუსეთთან მატჩის წინ ამბობდით, ემოციას არ უნდა ავყვეთ და მხოლოდ შედეგზე ვიფიქროთო. მაგრამ როდესაც გადავსებული ტრიბუნების წინ, სტადიონზე არსებულ საოცარ ატმოსფეროში აღმოჩნდით, ემოციებმა თქვენც ხომ არ გძლიეს?

- ძალიან კარგია, ამდენი ხალხი რომ მოვიდა, ასეთი საოცარი მხარდაჭერა იშვიათად მინახავს, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ უნდა დავრჩენილიყავით შედეგზე ხისტად ორიენტირებული. თამაშამდე, მთელი კვირის განმავლობაში, ამაზე ვმუშაობდით. ანგარიშმა აჩვენა, რომ მორაგბეებმა ეს შეძლეს. რა თქმა უნდა, გულშემატკივრის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ პირველ რიგში თამაშზე ვფიქრობდით.

- საქართველოს  A ნაკრებს ბრიტანულ ტურნეში ახლდით. ბიჭების თამაშით კმაყოფილი ხართ?

- იმ შემადგენლობიდან, რომელიც A ნაკრებში თამაშობდა, საუკეთესოებს ბრიტანეთში გამგზავრებამდეც ვიცნობდით. აღმოვაჩინეთ სამი-ოთხი ისეთი მორაგბე, რომელიც ეროვნულ ნაკრებს გამოადგება და კიდევ რამდენიმე ისეთი მოთამაშე, რომელთაც ვარჯიშისა და მონდომების შედეგად შეუძლიათ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესონ თამაშის ხარისხი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქართულ რაგბის პოტენციალი აქვს. გარდა ამისა, კარგად გამოჩნდა ის ნაკლოვანებები, რაც ხელს უშლის ქართულ რაგბის განვითარებაში: მოთამაშეთა ნაწილს საქმისადმი პროფესიული მიდგომა არა აქვს, სათანადოდ არ უდგებიან მატჩის შემდგომ აღდგენით პროცესს და ა.შ. მორაგბეებს ახალგაზრდული ასაკიდანვე უნდა გამოვუმუშაოთ ის პროფესიული უნარ-ჩვევები, რაც პროფესიონალ მორაგბეს უნდა ჰქონდეს, პატარა ასაკობრივი ნაკრებებიდან უნდა დავიწყოთ და ნელ-ნელა გავავრცელოთ ყველგან.

- უკვე ოთხი თვეა საქართველოში ცხოვრობთ, რისი ნახვა მოასწარით, რა მოგწონთ, რა არა?

- ბევრი ვერაფრის ნახვა ვერ მოვახერხე, რადგან ძალიან დატვირთული, სულ რაგბიზე მიჯაჭვული ვიყავი. მაგრამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჯერ კახეთში ვიყავით, მერე ბაკურიანში. ვფიქრობ, დენვერისთვის სწორედ იქ, მთიან რეგიონში მოვემზადებით (ივნისში, აშშ-ის ნაკრებთან გასამართ საკონტროლო მატჩს დენვერი უმასპინძლებს. - ავტ.). ფაქტობრივად, თბილისის გარეთ პირველი გასვლა იყო ჩვენთვის და საოცარი ემოციით დავბრუნდით. ხალხი, ბუნება, საჭმელი - აქ ყველაფერი საოცარია. ბავშვებს ძალიან მოეწონათ ხინკალი, მწვადზე ყველანი გადავირიეთ... სამშობლოსგან ძალიან შორს ვარ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ამ ქვეყანასა და ხალხთან ბევრი რამ მაქვს საერთო.

- მთავარი განსხვავება რა არის ზელანდიასა და საქართველოს შორის?

- მძღოლები (იცინის). ზელანდიაში ავტომანქანას ყველა მშვიდად, მოწესრიგებულად მართავს, აქ კი... ქართველი მძღოლები და მათი მართვის "სტილი" დღემდე გამოცანაა ჩემი ოჯახისთვის. ბავშვებს მოსწონთ, აი, მეუღლის კი რა მოგახსენოთ. განსახლებაშიც არის განსხვავება - თბილისი მჭიდროდ დასახლებული ქალაქია, სადაც ბევრი მაღალსართულიანი შენობაა, ზელანდიაში კი ძალიან გაშლილი დასახლებებია და ყველა სახლს აქვს საკუთარი ეზო. იქ საკუთარი სახლი გვქონდა და ბავშვები ეზოში დიდ დროს ატარებდნენ. სხვა მხრივ დიდი განსხვავება ნამდვილად არ არის: ქართველებიც ჩვენსავით ემოციურები ხართ, რაგბიც ისევე ძალიან გიყვართ, როგორც ჩვენ. ჰო, საკვების ნაირსახეობით ნამდვილად განვსხვავდებით. რაც მთავარია, თქვენი ხილ-ბოსტნეული, ხორცი ეკოლოგიურად ძალიან სუფთაა. ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი იშვიათად მინახავს.

- მთავარი ზელანდიური კერძი რა არის?

- ბატკნის შემწვარი ხორცი კარტოფილისა და ბოსტნეულის გარნირით და უგემრიელესი სოუსით. ბიჭები შემპირდნენ, როგორც კი "სეზონი გაიხსნება", მშობლიურ კერძს მაშინვე გაგიკეთებთო.

- რაგბის გარდა რა გიყვართ?

- ძალიან მიყვარს გოლფი და პირველი, რასაც თბილისის შესახებ Google-ში დავუწყე ძებნა, გოლფ-კლუბი იყო (იცინის). გავარკვიე, რომ ჯერ არ არის. მიყვარს ცურვა, სატრენაჟორო დარბაზშიც დიდ დროს ვატარებ. რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახთან ერთად დროის ხშირად გატარება. ჩემი გოგონები (უფროსი 9 წლისაა, უმცროსი 6 წლის. - ავტ.) თითქმის ყოველდღე მომყავს "შევარდენის" ბაზაში და ცურვას ვასწავლი. საქართველოს მაგალითზე ვაჩვენებ, რამდენი განსხვავებული რამ არსებობს ამქვეყნად. მიყვარს მუსიკა, კინო, უმცროს ქალიშვილთან ერთად საბავშვო ფილმების ყურება და ა.შ. თევზაობაც მიყვარს, ოღონდ, საქართველოში ჯერ არ მითევზავია.

- უკვე რამდენიმე თვეა სამშობლოში აღარ ყოფილხართ. ზელანდიური რა გენატრებათ ყველაზე მეტად?

- ზღვის სანაპირო. ჩვენი სახლი ზღვის პირას არის და პლაჟზე გასვლა ყოველდღე შეგვეძლო... რა თქმა უნდა, ახლობლები და მეგობრები მომენატრნენ, მაგრამ აქ ყოველდღიურად იმდენ ახალ და საინტერესო რამეს ვნახულობ, მოსაწყენად არ მცალია.

- რას ეტყვით "კვირის პალიტრის" მკითხველს, რაგბის გულშემატკივრებს, რომლებსაც თქვენი იმედი აქვთ?

- მიხარია, თუ ქართველები ჩემგან წარმატებას ელიან და ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენი რაგბის განვითარებას ხელი შევუწყო. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ოჯახთან ერთად, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული რაგბია.