"არც გერმანია და არც საქართველო" - კვირის პალიტრა

"არც გერმანია და არც საქართველო"

ყენია "შალკედან" გააცილეს და მამა გახდა

ლევან ყენიასთვის 2012 წელი კარგად დაიწყო: კოჭის ტრავმით გამოწვეული თითქმის სამწლიანი უქმობის შემდეგ 21 წლის ფეხბურთელი საყვარელ საქმეს დაუბრუნდა და თებერვალში ეროვნულ ნაკრებში თამაშის გემოც გაიხსენა, რამდენიმე დღის წინ "შალკემ" კლუბიდან საზეიმო გაცილება მოუწყო, 4 მაისს კი ქალიშვილი შეეძინა. ჯერ არ შეუძლია თქვას, სად გააგრძელებს კარიერას, მაგრამ ის კი გაგვიმხილა, რომ მისი ახალი კლუბის სახელი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. "დაზუსტებით მხოლოდ ის ვიცი, რომ ახალი სეზონიდან გერმანიისა და საქართველოს ჩემპიონატში ნამდვილად არ ვითამაშებ", - გვითხრა ახალგამომცხვარმა მამამ, რომელსაც... გელზენკირხენის სამშობიაროში დავურეკეთ!

- ქალიშვილი დღეს დილით შეგვეძინა და ძალიან ბედნიერი ვარ. მამობა საოცარი რამ ყოფილა (იცინის). მინდოდა შვილისთვის ქართული სახელი დამერქმია და ჩემმა მეუღლემ (ლევანს სერბი მეუღლე ჰყავს. - ავტ.) ქართული სახელებიდან ლიკა შეარჩია. ალბათ, მოგვიანებით უკეთ გავაცნობიერებ ამ ყველაფერს და ვეცდები, ეს განწყობა ფეხბურთშიც გადავიტანო.

- იცოდით, რომ კახა კალაძეც დღეს გახდა მეორე შვილის მამა?

- სასიამოვნო დამთხვევაა. ეს ამბავი თქვენგან შევიტყვე და ძალიან გამიხარდა. სულით და გულით ვულოცავ, ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებ.

- საქართველოს ნაკრებს თებერვალში, თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდით. რას ნიშნავდა თქვენთვის ის რამდენიმე წუთი, რომელიც ალბანეთთან მატჩში გაატარეთ მოედანზე?

- ძალიან ბედნიერი ვიყავი. ჩემთვის მნიშვნელოვანი ის კი არ იყო, როგორ ვითამაშებდი, არამედ ნაკრებთან ყოფნა, ფსიქოლოგიური მხარე. ვეცდები, მომდევნო მატჩებში სათამაშოდ მეტი დრო დავიმსახურო. უკვე ორი თვეა სრული დატვირთვით ვვარჯიშობ და იმედია, ძველი ფორმის დაბრუნებას მალე მოვახერხებ.

- რამდენიმე დღის წინ "შალკემ" საზეიმო გაცილება მოუწყო იმ ოთხ მოთამაშეს, რომლებიც კლუბს ტოვებენ - რაულს, შიობერს, სარპეის და თქვენ...

- "ჰერტასთან" მატჩის შემდეგ, გადაჭედილი ტრიბუნების წინ მოედანს წრე შემოვუარეთ, მერე კი თაიგულები და სამახსოვრო მაისურები გადმოგვცეს. ეს ცერემონიალი, ძირითადად, რაულისთვის მოეწყო, თუმცა, მასში მონაწილეობა ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნო იყო. შესანიშნავი გრძნობაა, როცა ტრიბუნაზე შეკრებილი ათასობით ადამიანი მადლობას გიხდის კლუბში გატარებული დროისთვის. ბედნიერი ვარ, რომ 21 წლის ასაკში ისეთი დიდი ფეხბურთელის გვერდით მომიწია დგომამ, როგორიც რაულ გონსალეს ბლანკოა.

- ლევან ყენიასთვის "შალკე" მხოლოდ ტრავმასთან ასოცირდება?

- გელზენკირხენში გატარებული თითქმის მთელი კარიერის განმავლობაში ტრავმებმა გამაწამა. ამიტომაც იმ წლებს წარმატებულს ვერ დავარქმევ, იმ პერიოდის გახსენება არ მსურს. მაგრამ იყო დრო, როცა ყველაფერი კარგად იყო. გარდა ამისა, "შალკეში" დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებაც მივიღე.

- წარსულზე მეტად, ქართველ გულშემატკივარსაც ის უფრო აინტერესებს, სად გააგრძელებთ საფეხბურთო კარიერას.

- ჯერჯერობით, ისევ "შალკეს" მეორე გუნდთან ერთად ვვარჯიშობ და წესით, რამდენიმე დღეში უნდა გაირკვეს, სად გავაგრძელებ თამაშს. მოლაპარაკება რამდენიმე გუნდთან მიმდინარეობს, თუმცა, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და მათ სახელებს ვერ გეტყვით. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ გერმანიაში ნამდვილად არ ვითამაშებ.

- არც საქართველოში? ცნობილია, რომ თქვენი შეძენა თბილისის "დინამოსაც" უნდოდა...

- დიახ, ამ ეტაპზე შეგიძლიათ საქართველოს ჩემპიონატიც გამორიცხოთ. თავის დროზე, "დინამოდან" მართლაც დამიკავშირდნენ, მაგრამ სერიოზულ მოლაპარაკებამდე საქმე არ მისულა.