ინგლისელებს უკრაინელი ხულიგნების ეშინიათ - კვირის პალიტრა

ინგლისელებს უკრაინელი ხულიგნების ეშინიათ

გაზეთ The Sun-ის მონაცემებით, "ევრო-2012"-ის საწყის ორ მატჩზე თავისი ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად დონეცკში მხოლოდ ორი ათასი ბრიტანელი გულშემატკივარი ჩავა, კიდევ ათასამდე კი მათ კიევში შეუერთდება.მხოლოდ სამი ათასი გულშემატკივარი - ეს მინიმალური მხარდაჭერაა, რაც კი ინგლისის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ჰქონია. არადა, ინგლისის ფეხბურთის ფედერაციამ ბრიტანელი ფანებისთვის ევროპის ჩემპიონატის 9 ათასი ბილეთი გამოყო. შედარებისათვის, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც გერმანიაში ჩატარდა, 70 ათასზე მეტი ბრიტანელი ფანი დაესწრო. "ევრო-2012"-ისადმი გულშემატკივართა ასეთ დაბალ ინტერესს "სანის" ჟურნალისტები უკავშირებენ უკრაინული ქალაქების "სილამაზეს", სირთულეებს, რომლებსაც ტურისტები ამ ქვეყანაში აწყდებიან, სასტუმროებში მაღალ ფასებს და ა.შ. გარდა ამისა, როგორც აღმოჩნდა, ინგლისელები უკრაინელ ხულიგნებსა და ადგილობრივ პოლიციასაც უფრთხიან. საკვირველია, ინგლისელ ფანებს რომ ვინმეს ხულიგნობა გაუკვირდებათ, აქამდე ხომ სწორედ მათ ჰქონდათ დებოშისა და აყალმაყალის ოსტატების სახელი.