ბრინჯაო და კონტრაქტი ცხადაძისთვის - კვირის პალიტრა

ბრინჯაო და კონტრაქტი ცხადაძისთვის

თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელობის ყველაზე რეალურ კანდიდატად კახა ცხადაძე კი სახელდებოდა, მაგრამ საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ბაქოს "ინტერში" დარჩენა გადაწყვიტა."ინტერის" პრეზიდენტმა გეორგ ნიკოლოვმა თავად დაადასტურა, რომ ცხადაძემ კონტრაქტი გაახანგრძლივა და აზერბაიჯანის დედაქალაქში კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში იმუშავებს. ბაქოელებს ქართველი მწვრთნელის შენარჩუნება რომ სურდათ, ცნობილი ამბავია, მაგრამ გახშირებული სკანდალებისა და აზერბაიჯანულ მედიაში მის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის შემდეგ, კახა სერიოზულად დაფიქრდა ჩემპიონატის შეცვლაზე. ამას "დინამოს" ინტერესიც დაემატა და... თუმცა, აზერბაიჯანის პრემიერლიგის ბოლო ტურში, დედაქალაქურ დერბიში ცხადაძის შეგირდებმა "ბაკის" მოუგეს (მატჩის ერთადერთი გოლი ბაჩანა ცხადაძემ გაიტანა. - ავტ.) და სეზონი მესამე ადგილზე ჩაამთავრეს, რაც ბრინჯაოს მედალთან ერთად "ევროპის ლიგის" საგზურსაც ნიშნავს. როგორც ჩანს, ქართველმა მწვრთნელმა "ინტერში" დარჩენა სწორედ ამ ევროთასის "ხათრით" გადაწყვიტა.