დნეპროპეტროვსკი ავჭალაში გადაიტანეს - კვირის პალიტრა

დნეპროპეტროვსკი ავჭალაში გადაიტანეს

16 და 23 ივნისს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს მძიმე ბრძოლები ელის - ბორჯღალოსნები ჯერ დენვერში ეთამაშებიან აშშ-ის ნაკრებს, მერე კი კანადაში გადაინაცვლებენ და მასპინძელთა ეროვნულ გუნდს ბარნაბიში ესტუმრებიან.აშშ-საც და კანადასაც ძლიერი გუნდები ჰყავთ და რეიტინგშიც ორივე მათგანი გვისწრებს. თანაც, ჩვენთან "ძველი ანგარიშიც" აქვთ გასასწორებელი, - 2010 წლის ნოემბერში თბილისში კანადას 22:15 მოვუგეთ, ამერიკელი "არწივები" კი ბოლო წუთებზე გავამწარეთ - 19:17. ამერიკელებს რევანში რომ სწყურიათ, ამაზე ის სტადიონიც მეტყველებს, სადაც მომავალი მატჩი უნდა გაიმართოს: დენვერი ხომ ზღვის დონიდან 1800 მეტრზე მდებარეობს და ქართველი მორაგბეებისთვის იქ თამაში იოლი ნამდვილად არ იქნება. აღსანიშნავია, რომ ბორჯღალოსნებთან გაჯიბრებამდე, ჩვენი ჩრდილოამერიკელი მეტოქეები 9 ივნისს ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ. იმავე დღეს ჩაატარებს "ერთა თასის" წლევანდელი გათამაშების ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრებიც - ჩვენი გუნდი ავჭალის სტადიონზე უკრაინის ნაკრებს დაუხვდება.

როგორც ცნობილია, ეს მატჩი დნეპროპეტროვსკში ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში უნდა გამართულიყო, მაგრამ ძლიერი ყინვის გამო 9 ივნისისთვის გადაიტანეს. უკრაინა-საქართველოს მატჩმა ცვლილება კიდევ ერთხელ განიცადა, ოღონდ ამჯერად თარიღის ნაცვლად მასპინძელი ქალაქი შეიცვალა. რაკიღა ჩვენთან თამაშის შედეგს უკრაინელთათვის სატურნირო მნიშვნელობა აღარა აქვს (ქვედა დივიზიონში დაქვეითებისგან უკრაინელებს ვეღარაფერი იხსნის. - ავტ.), ბორჯღალოსნებს კი ჩრდილოამერიკულ ტურნეში გამგზავრება დნეპროპეტროვსკის "გავლით" ხელს ნამდვილად არ აძლევთ, ამიტომ უკრაინულ მხარესა და ევროპული რაგბის თავკაცობას თხოვნით მიმართეს, მატჩისთვის თბილისს ემასპინძლა. თანხმობა ორივე მხარისგან მივიღეთ, ასე რომ, 9 ივნისს უკრაინას ავჭალის სტადიონზე დავხვდებით და თუ სასურველი ანგარიშით გავიმარჯვებთ, "ერთა თასს" მეხუთედ დავისაკუთრებთ.

P. S. თბილისში უკრაინელთა ბოლო სტუმრობა ქართველთა გამარჯვებით - 62:3 დასრულდა. ამჯერად ასეთი სხვაობით მოგება ნამდვილად არ გვჭირდება, - არც სატურნირო თვალსაზრისით და მით უმეტეს, უკრაინული მხარის მიერ გადადგმული ნაბიჯის შემდეგ.