"ვფიქრობ, შენგელიას დრაფტის პირველივე რაუნდში აირჩევენ" - კვირის პალიტრა

"ვფიქრობ, შენგელიას დრაფტის პირველივე რაუნდში აირჩევენ"

ზაზა ფაჩულიას "ატლანტასთვის" "ბოსტონ სელტიქსი" უხერხული მეტოქე რომ არის, NBA-ს მიმდინარე სეზონში კიდევ ერთხელ დამტკიცდა. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფლეი-ოფებში ეს ორი გუნდი 12-ჯერ შეხვდა ერთმანეთს და ატლანტელმა "ქორებმა" შემდეგ რაუნდში გასვლა მხოლოდ ერთხელ(!) მოახერხეს. გამონაკლისი არც წლევანდელი სერია ყოფილა - "ბოსტონმა" 4:2 იმარჯვა და ზაზას გუნდისთვის სეზონი ნაადრევად დაასრულა. თუმცა, ამ მარცხში ქართველ ცენტრს ბრალი ნამდვილად არ მიუძღვის - ტრავმის გამო საქართველოს ნაკრების კაპიტანმა არათუ ფლეი-ოფის, რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩებიც გამოტოვა. ძალიან განიცდიდა, თანაგუნდელებს ჩემპიონატის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე რომ ვერ ეხმარებოდა, მაგრამ... "ზოგი ჭირი მარგებელია, ერთთვიანი უქმობის შემდეგ კალათბურთის თამაში ისე მომენატრა, რომ "ევრო-2013"-ის შესარჩევ მატჩებს ორმაგად მოტივირებული შევხვდები", - მითხრა ზაზა ფაჩულიამ, რომელიც ივლისში მესამე შვილის მამა გახდება.

- 11 აპრილს თამაშის დროს ფეხზე წაქცეული თანაგუნდელი დამეცა. გარდა იმისა, რომ კოჭი ვიღრძე, თითის ძვალს პატარა ნაწილიც ჰქონია ჩამოტეხილი. ძვლის აღდგენისთვის მინიმუმ ოთხი კვირა იყო საჭირო და ერთთვიანი შესვენების შემდეგ, პარასკევს პირველად ვივარჯიშე გუნდთან ერთად. ფლეი-ოფის მეორე რაუნდში ვითამაშებდი კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ, სერია "ბოსტონმა" მოიგო და "ატლანტასთვის" მიმდინარე სეზონი უკვე დასრულებულია. ასე რომ, ახლა აღარსად მეჩქარება (იცინის).

- "ატლანტა" ფლეი-ოფში სულ რატომ აგებს "ბოსტონთან"?

- ფლეი-ოფი ჩემპიონატის ყველაზე საინტერესო და სასიამოვნო ეტაპია - მოთამაშეებისთვისაც და მაყურებლისთვისაც. ამიტომაც ძალიან მწყინს, თამაშის შესაძლებლობა რომ არ მომეცა, თუმცა, ისიც კარგად მესმის, რომ ტრავმები სპორტსმენის კარიერის განუყოფელი ნაწილია. რაც შეეხება "ბოსტონს", ძალიან კარგი გუნდია - მწვრთნელისა და შემადგენლობის მხრივ, გულშემატკივრებიც განსაკუთრებული ჰყავს. ეს გუნდი 2008 წლის ჩემპიონია და გამოცდილების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. ამას ისიც დაემატა, რომ ჩემ გარდა, "ატლანტამ" სხვა მოთამაშეებიც მოისაკლისა. ამის მიუხედავად, მაინც თანაბრად ვიბრძოლეთ და დიდი სხვაობით მხოლოდ ერთი მატჩი მოგვიგეს.

- გულდასაწყვეტი ის არის, რომ ტრავმა იმ დროს მიიღეთ, როცა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყავით და ქომაგს ორმაგი დუბლებითაც ხშირად ახარებდით.

- წელს ისეთი გადატვირთული სეზონი იყო, უფლის მადლობელი ვარ, ტრავმა მანამდე რომ არ მივიღე და რეგულარულ ჩემპიონატში მაინც ვითამაშე. ხომ შეიძლებოდა, ჰორფორდის მსგავსად, მეც სეზონის დასაწყისშივე დავშავებულიყავი? ასე რომ, თავს იმით ვიმშვიდებ, ასე თუ ისე, თამაში რომ მოვასწარი.

- თორნიკე შენგელიამ ოფიციალურად დაადასტურა წლევანდელ დრაფტში მონაწილეობის სურვილი. როგორ ფიქრობთ, NBA-ში სათამაშოდ მზად არის?

- ტრავმით გამოწვეული "შვებულებისას" დრო საკმაოდ მქონდა, წლევანდელი დრაფტის მონაწილეთა შესახებ ინფორმაციას დაწვრილებით გავეცანი და უნდა აღვნიშნო, რომ წელს ერთ-ერთი უძლიერესი შემადგენლობა მოიყრის თავს. იმ ევროპელ კალათბურთელებს შორის, რომლებიც წლევანდელ დრაფტში მიიღებენ მონაწილეობას, თორნიკე ერთ-ერთი საუკეთესოა, - სამეულში ნამდვილად შედის. მის მიმართ ყველა დადებითად არის განწყობილი და წარმატებულ კარიერასაც უწინასწარმეტყველებენ.

- ალბათ, თორნიკე ფასდაუდებელ რჩევებსაც იღებს NBA-ში "ჭიპმოჭრილი" ზაზა ფაჩულიასგან.

- უკვე ცხრა წელიწადია, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ვთამაშობ,  NBA-ში მეც დრაფტიდან მოვხვდი, მის სპეციფიკას კარგად ვიცნობ და, ბუნებრივია, გამოცდილებას თორნიკესაც ვუზიარებ. ვუთხარი, რომ ძალიან ბევრი კონკურენტი ეყოლება და აუცილებელია, კემპებში, საჩვენებელ ვარჯიშებში მიიღოს მონაწილეობა, რათა დრაფტამდე ამერიკელებს უფრო კარგად გააცნოს თავი. ერთ-ერთი დიდი კემპი ივნისში ტრევიზოში გაიმართება. მეც და აგენტმაც ვურჩიეთ, იტალიაში აუცილებლად ჩავიდეს. იმედია, მანამდე დასრულდება კიდეც ბელგიის ჩემპიონატი, სადაც შენგელია თამაშობს და ტრევიზოში ჩასვლას მოასწრებს. დრაფტამდე აშშ-შიც უნდა ჩამოვიდეს და იმ გუნდების თვალწინ ივარჯიშოს, ვინც მისი აყვანით არის დაინტერესებული. დარწმუნებული ვარ, თორნიკე ასეც მოიქცევა, რადგან ძალიან ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული კალათბურთელია.

- როგორ გგონიათ, აქვს შანსი, დრაფტის პირველივე რაუნდში აირჩიონ?

- ვფიქრობ, პირველივე რაუნდში აირჩევენ. ძირითად შემადგენლობაში თავიდანვე მოხვედრა გაუჭირდება, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. მთავარია, ისეთ გუნდში მოხვდეს, ვინც მართლა გამოიყენებს. ცუდია, ტრავმის გამო ორი თვე რომ გაუცდა, მაგრამ საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, ხალხს დასაწყისი ან შუა ნაწილი კი არა, ყოველთვის სეზონის ბოლო ამახსოვრდება. თორნიკე  უკვე შევიდა ფორმაში და თამაშიდან თამაშამდე უმატებს. დრაფტის დროს კი აუცილებლად ჩავალ ნიუ-იორკში და მის გვერდით ვიქნები. თანაგუნდელობასა და მეგობრობას რომ თავი დავანებოთ, ჩემი თანამემამულეა და როგორ შემიძლია არ დავეხმარო? (შენგელიას გარდა, წლევანდელ დრაფტში მონაწილეობის სურვილი ნიკა მეტრეველმაც გამოთქვა, მაგრამ რადგან ეს პირველი მცდელობაა მისთვის, 26 ივნისამდე აქვს განაცხადის უკან გამოტანის უფლება. - ავტ.).

- საკუთარი გამოცდილებიდან გვითხარით: რას გრძნობს დრაფტში მონაწილე კალათბურთელი?

- ასეთი შანსი კარიერაში მხოლოდ ერთხელ გეძლევა. მსოფლიო მასშტაბით, ათასობით კალათბურთელის ოცნებაა დრაფტზე აირჩიონ, NBA-ს კლუბის კეპი დაიხუროს და ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ბოსს, დევიდ შტერნს ჩამოართვას ხელი, მაგრამ ყოველწლიურად მხოლოდ 60 მოთამაშეს აქვს ამის ბედნიერება. რამდენიც გინდათ, იმდენი სუპერვარსკვლავია, ვინც ლიგაში პირდაპირ მოხვდა და დრაფტის მღელვარება არ განუცდია, არიან ისეთებიც, ვინც პირველ რაუნდში აიყვანეს, მაგრამ იმედი სანახევროდაც ვერ გაამართლეს და ა.შ. ასე რომ, დრაფტზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

- ტრავმის მოსაშუშებლად დრო საკმაოდ გაქვთ. მერე რას აპირებთ?

- ვიმკურნალებ, დავისვენებ და ზაფხულში გასამართი სანაკრებო შეკრებისთვის მოვემზადები. რადგან ტრავმის გამო ნაადრევად დავასრულე სეზონი, თამაში უკვე მენატრება და მინდა შეკრება მალე დაიწყოს. ოღონდ, ყველაფერი თანამიმდევრობით იქნება: დავისვენებ, ენერგიას "მოვიმარაგებ" არა მხოლოდ სანაკრებო მატჩების, არამედ მომავალი სეზონისთვისაც. თანაც, ორი ვაჟის შემდეგ, ივლისში ქალიშვილის მამა გავხდები და... ასე რომ, ჯერ არ ვიცი, საქართველოში როდის ჩამოვალ.